მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 









უნივერსიტეტის სიახლეები
02 სექტემბერი 2010 წელი
საზაფხულო სკოლა: ,,თანამედროვე საინჟინრო მიმართულებები“
რსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე: ,,თანამედროვე საინჟინრო მიმართულებები“. პროექტი უმაღლეს სასწავლებელსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა და მასში აბაშის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების პირობები და საინჟინრო-ტექნოლოგიურ და სხვა ფაკულტეტებზე არსებული სპეციალობები გააცნეს. წაუკითხეს ღია ლექციები გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, ძმები ნობელებისა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.
27 აგვისტო 2010 წელი
რექტორის ბრძანება №1-20
2010 წლის ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტთა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგისტრაციის წესისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
12 აგვისტო 2010 წელი
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეული
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს - 12 აგვისტოს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და დიალოგი გამართეს თემაზე: ,,2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე“. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები განიხილეს და სახალხო დიალოგში სტუდენტობის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბათუმელმა ახალგაზრდებმა დიალოგი აფხაზი და ოსი ეროვნების თანატოლებისადმი მიღებული მიმართვით დაასრულეს.
10 აგვისტო 2010 წელი
რსუ ტემპუსის პროექტის - HESDESPI წევრია
ტემპუსის პროექტის - HESDESPI კოორდინატორმა საქართველოში, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესა და პროფესორ-მასწავლებლებს ტემპუსის პროექტის სამუშაო გეგმა და კვლევის უახლესი პერსპექტივები გააცნო. რსუ ტემპუსის პროექტის ,,უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის“(HESDESPI) წევრია და მიზნად ისახავს უმაღლესი ჰუმანიტარული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
09 აგვისტო 2010 წელი
კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა
კონსტიტუციის ახალი პროექტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა და დეპუტატებმა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განიხილეს. კანონმდებლებმა საზოგადოებას ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებები გააცნეს, კონსტიტუციის ახალი მოდელის უპირატესობაზე ისაუბრეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
03 აგვისტო 2010 წელი
ნეირომეცნიერთა ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია - „ნერვული სისტემის ფუნქცია და დისფუნქცია“
თავის ტვინის კვლევის უახლეს მეთოდებსა და მიღწევებს მიეძღვნა ნეირომეცნიერთა ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნერვული სისტემის ფუნქცია და დისფუნქცია“. კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მიზანია თავის ტვინის კვლევის უახლესი მეთოდებისა და მიღწევების გაცნობა. მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე ცნობილი ნეირომეცნიერი ოთხი დღის განმავლობაში თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმების კვლევის შედეგებზე იმსჯელებს... »»»
29 ივლისი 2010 წელი
მემორანდუმი ლიუბლიანას უნივერსიტეტთან
ლიუბლიანას უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ლიუბლიანას (სლოვენია) უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოვან სტანისლავ პეჟოვნიკმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და ბიბლიოთეკის ონლაინ-რეჟიმში გამოყენებას.
23 ივლისი 2010 წელი
კურსდამთავრებულთა გაცილება
სააქტო დარბაზში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. უმაღლესი სასწავლებელი 2009-2010 სასწავლო წელს 1324-მა სტუდენტმა დაამთავრა. ახალგაზრდებს გზა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ბასილიმ (ბერიძე), დეკანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს. 92 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელები გადასცეს.
16 ივლისი 2010 წელი
უნგრეთის ელჩის ვიზიტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გაბორ შაგი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შეხვდა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის პირობებსა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება.
15 ივლისი 2010 წელი
მემორანდუმი აბაშის საჯარო სკოლებთან
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აბაშის N-1, N-2 და აბაშის პირველი მაისის საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასწავლო, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ერთობლივი კონფერენციები, კონკურსები და ოლიმპიადები. რსუ სკოლას სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებლთა პროფესიულ გადამზადებაში დაეხმარება. უნივერსიტეტის ბაზაზე აბიტურიენტებისთვის განხორციელდება საკონსულტაციო პროგრამა.




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 02.09.2010
გვერდი იხილა 396117 სტუმარმა
Google PageRank Checker
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ