100 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან

სურათი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დღიანი ღონისძიებების ციკლით საზეიმოდ აღინიშნება. კვირეული 18 მაისს დაიწყო არაფორმალურ გარემოში საჯარო ლექციითა და დისკუსიით თემაზე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1918-1921 წწ.)“, რომელშიც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. 25 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება შედგა და ფოტო-გამოფენა გაიხსნა. VI სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“, რომელშიც განათლების ფაკულტეტის სტუდენტები და აჭარის სკოლების 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მთელი დღის განმავლობაში სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარეობდა აქცია „დავამზადოთ და ვატაროთ კოკარდები“.

კვირეულის ფარგლებში სტუდენტებმა საჯარო ლექციები მოისმინეს თემებზე: „პოლიტიკური ვითარება და ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის საქართველოში 1917-1918 წლებში“, „საქართველოს ევროპული გზა“, „ქართული დიასპორა სტამბულში“. ასევე გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, შეჯიბრი „სიტყვების თამაში“, ფილმის „დამოუკიდებლობის 1005 დღის“ ჩვენება, სპორტულ და სტუდენტურ ღონისძიებებში გამარჯვებულების დაჯილდოება. 16:50 საათიდან 17:10 საათამდე, დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, უნივერსიტეტის ეზოდან სტუდენტებმა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში ბუშტები გაუშვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 26 მაისს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაგრძელდება, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გია მასალკინი სტუდენტების მონაწილეობით ფილმის ჩვენებას და განხილვას მოაწყობს. 29 მაისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 3-4 ივნისს, სტუდენტური სპექტაკლით ,,ოსკარით“ დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა