II ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების თანამედროვე გამოწვევები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  II ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას „ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების თანამედროვე გამოწვევები“ უმასპინძლა. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებმა სესიაზე სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემატურ საკითხებზე. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის კვლევის შედეგების წარმოდგენა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე სკოლის განვითარებას საქართველოში.

ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 70-მა ქართველმა მკვლევარმა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საბაზრო მოდელები, ეკონომიკის სტრუქტურის გარდაქმნის, რეგიონული საფინანსო ინფრასტრუქტურის ფორმირების, რეგიონული ბაზრის განვითარების მეთოდები განიხილა. მეცნიერებმა ასევე გაანალიზეს ეფექტიანი ფედერალური, რეგიონთაშორისი და საგარეო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბების სამეცნიერო მეთოდოლოგიური მიდგომები.

კონფერენცია ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების რეალიზებას:

• მეცნიერების, მკვლევარებისა და სახელმწიფო მოხელეებისათვის ინფორმაციის დამატებითი წყაროს შექმნას, სადაც გაშუქდება ახალი სამეცნიერო მიღწევები ქვეყნის და რეგიონული ეკონომიკისა და მართვის სფეროს შესახებ;

• საზოგადოების ინფორმირებას თანამედროვე ეროვნული, რეგიონული მართვის უახლესი სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების შესახებ;

• საზოგადოებისათვის ქვეყნის, რეგიონული ეკონომიკის ეფექტიანი განვითარების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გამოცდილების გაზიარება;

• სამეცნიერო პოტენციალისა და ადმინისტრაციული რესურსის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობას მმართველობითი პრობლემების გადაჭრის პროცესში;

• ქეისების მეთოდზე დაფუძნებული სტატიათა კოლექციის შექმნას, რომელიც აღწერს რეგიონული განვითარების პრობლემების გადაჭრის რეალურ საფინანსო–ეკონომიკურ და მმართველობით გადაწყვეტილებებს.

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა