კომუნიკაციების კომისიასთან შეთანხმება გაფორმდა

სურათი

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას აჭარის რეგიონში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს. ახალი სასწავლო წლიდან კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, უნივერსიტეტთან ერთად, აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. კომუნიკაციის კომისიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა.

თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ჩატარდება ერთობლივი სესიები და კონფერენციები, შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის. კომუნიკაციების კომისიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა მოაწერეს ხელი.

მედიაწიგნიერების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა და ტრენინგებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს. საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომ ეტაპზე სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში შედგება.

ასევე, კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიაწიგნიერების პროექტის - „მედიაეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ეს თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ მუშაობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სტარტაპების მიმართულებით.

თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა