
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორ ქეთევან დოლიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა.
აღნიშნული წოდება ქალბატონ ქეთევანს მიენიჭა ქალაქის დღესასწაულის -„ბათუმობა 2025“ – ფარგლებში, უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებასა და თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. საპატიო ბათუმელის წოდება ყოველწლიურად ენიჭებათ ქალაქისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დამსახურების მქონე პირებს, რომელთა შერჩევას სპეციალური კომისია უზრუნველყოფს.
ქალბატონ ქეთევანს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. იგი არის მრავალი თაობის აღმზრდელი, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: „ზოგადი გენეტიკა“, „ციტოლოგია“ და „ზოგადი ჰისტოლოგია“ განახლებული რედაქტირებით.
მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს, როგორც თეორიულ კვლევებს, ისე პრაქტიკულ შედეგებს - მათ შორის ჩაის ახალი ჯიშების გამოყვანას. მისი შრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სამეცნიერო სიახლეების დანერგვას და გავრცელებას.
ქალბატონი ქეთევანი მრავალი კოლეგისთვის სანდო მრჩეველი და საუკეთესო თანამშრომელია, ხოლო სტუდენტებისთვის - პროფესიული ზრდისა და მოტივაციის მაგალითი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ქეთევან დოლიძეს ამ ღირსეულს წოდებას და უსურვებს ჯანმრთელობასა და საინტერესო შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებას.
უკან |