პროფესორ ნადიმ ნიჟარაძის 100 წლის იუბილე

სურათიცნობილი მეცნიერის, ღვაწლმოსილი პროფესორის, პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორისა და საზოგადო მოღვაწის ნადიმ ნიჟარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა ქორიძემ, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანთაზ ქიქავამ, პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა და მეგობრებმა ისაუბრეს მკვლევარის მიღწევებზე, წარმატებებზე, უმაღლესი სასწავლებლის განვითარებაში შეტანილ წვლილზე და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ნადიმ ნიჟარაძე დაიბადა 1911 წელს ქედის რაიონის სოფელ ვაიოში. 1930 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი, 1936 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია – გეოლოგიის ფაკულტეტი.

1936 წლამდე ნადიმ ნიჟარაძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრააფიის კათედრაზე ლაბორანტად. 1936 წლის ოქტომბერში დაინიშნა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად. სამასწავლებლო ინსტიტუტში კითხულობს ლექციებს და ამავე დროს 1937 წლიდან ითვლება გეოგრაფიის კათედრის გამგედ. 1938 წელს იგი სამუშაოდ გადაჰყავთ აჭარის განათლების მინისტრად, შეთავსებით მუშაობს გეოგრაფიის კათედრის გამგედ. 1944 წლის 31 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „აჭარის ალპური მეურნეობა“ და მიენიჭა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ნაშრომი 1948 წელს გამოვიდა მონოგრაფიის სახით.

„აჭარის ალპური მეურნეობა“ იყო პირველი მეცნიერული გამოკვლევა ალპური მეურნეობის შესახებ. მასში მოცემულია ალპური მეურნეობის განვითარება იმ მთიან რეგიონებში, სადაც ალპური მდელოებია. ალპურ მდელოებზე მოსახლეობის გასვლა აუცილებელია არა მარტო მეცხოველეობის განვითარებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისათვის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ავტორს მეცნიერულად გააზრებული აქვს ალპურ მდელოებზე „იაილაზე“ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებანი, რძის პროდუქტების წარმოების, მოსახლეობის საქმიანობის, დასვენების დღესასწაულის „შუამთობისა“ და სხვა საკითხები.

1945 წლის ოქტომბერში უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დოცენტის სამეცნიერო წოდება მიანიჭა.

1949 წლის მარტიდან დოცენტი ნადიმ ნიჟარაძე გადაჰყავთ ინსტიტუტის რექტორად. მისი რექტორობის პერიოდში არსებულ კორპუსზე დაშენდა მესამე სართული, კეთილმოეწყო ეზო, დაიდგა რუსთაველის ძეგლი. შენობაში გაიყვანეს ცენტრალური გათბობა. ნ. ნიჟარაძემ რექტორად იმუშავა 1954 წლის ოქტომბრამდე.

ნადიმ მიჟარაძემ 1970 წლის იანვარში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მთისა და ბარის რაიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის დაახლოების ეკონომიკურ–გეოგრაფიული პრობლემები და მათი გადაწყვეტის ცდები აჭარის ასსრ მაგალითზე“ და მიენიჭა გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1972 წელს – პროფესორის წოდება.

პროფესორი ნადიმ ნიჟარაძე 90 შრომის ავტორია. მათგან აღსანიშნავია მონოგრაფია: „აჭარის ალპური მეურნეობა“ (1948წ.), „აჭარის ასსრ ფიზიკური და ეკონომიკურ – გეოგრაფიული დახასიათება“, დოც. ნ.ჯიბუტის თანაავტორობით (1957წ.), „სოვეტსკაია ადჯარია“ (რუსულ ენაზე 1961 წელს). „საბჭოთა აჭარა 50 წლისაა“. დოც. ნ. ჯიბუტის თანაავტორობით (1971 წ.) „ადჟარია“ დოც. ნ. ჯიბუტის თანაავტორობით (1978 წ.). „აჭარის ასსრ“, დ. დიასამიძის თანაავტორობით (1967წ.) და სხვა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა