გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტი მიუნხენიდან

სურათი

თამარ მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტია. ის ამჟამად სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში სამი თვით იმყოფება.  თამარი პირველივე წლიდან აქტიურადაა  ჩართული საუნივერსიტეტო აქტივობებში და ფიქრობს, რომ ეს არის გზა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გამოიმუშავოს ის მთავარი უნარ-ჩვევები, რაც წარმატებულ მომავალს განაპირობებს.

_ თამარ,  რა აქტივობებით არის  დატვირთული თქვენი სტუდენტური ცხოვრება?

_ პირველივე წელს გავხდი “სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ”-ს წევრი, რომლის მიზანიცაა სტუდენტებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ორგანიზება და კონფერენციების ჩატარება.

ჩემი სტუდენტობა პანდემიას დაემთხვა. სწორედ ამიტომ  ონლაინ რეჟიმში ვაგრძელებდი აქტიურ ცხოვრებას.  სტუდენტობის განმავლობაში მოვიპოვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება, აგრეთვე  დამენიშნა პირველივე სასწავლო წლიდან   სახელმწიფო სტიპენდია  წარჩინებული  სტუდენტებისთვის. მესამე სასწავლო წელს მონაწილეობა მივიღე სტუდენტურ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში, სადაც პირველი ადგილი დავიკავე, საკონფერენციო ნაშრომი კი დაიბეჭდება სტუდენტური საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომის კრებულში.

 ამჟამად, IV კურსელის გადასახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ გავატარე საუკეთესო სამი წელი ბსუ-ს პროფესიონალ გუნდთან ერთად, განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ფაკულტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს. დარწმუნებული ვარ, ბოლო წელიც საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მელოდება.

_ თამარ, რომელი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში იმყოფებით უცხოეთი?

_ ამჟამად ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ  მიუნხენში.  პროგრამის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკის მიღება გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტში. პროგრამა გერმანიის ქალაქ შვერინის ,,ბალტიკის კოლეჯსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ა.რ. მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას (500-850 ევროს ოდენობით). სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური და გერმანული ენების  ცოდნის დონეს.

_ თქვენი ერთი დღე გერმანიაში...

გერმანიაში არცერთი დღე არგავს ერთმანეთს. როგორც აღვნიშნე, დღის განმავლობაში მინიმუმ 8 საათი ეთმობა სასწავლო პრაქტიკას თეორიულ ცოდნასთან მჭიდრო კავშირში, ხოლო თავისუფალ დროს კი ვცდილობ მაქსიმალური დრო დავუთმო მოგზაურობას, ვეზიარო გერმანულ კულტურას და ტრადიციებს.

გერმანიაში  გატარებული ყოველი წამი ჩემთვის გამოცდილებაა, რადგან ვსწავლობ, ვეჩვევი, ვიზიარებ და ვხედავ. გარდა თეორიული ცოდნისა, ჩართული ვარ სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მომავალი კარიერული განვითარებისათვის.

ვფიქრობ, რთულია ესე მოკლე დროში განსაზღვრო მთავარი  განსხვავებები, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავ მთავარს, რაც ჩემში გაოცებას იწვევს და მომწონს _ ეს არის გერმანელების ცხოვრების სტილი. მათ ზუსტად იციან რა სურთ ცხოვრებისგან... ქართული კულტურა კი სულ სხვაა ჩემთვის, მისი ფასეულობებითა და ღირებულებებით... ,,ქართველებს სხვანაირი ეშხი დაგკრავთ," _ ამ წინადადებას თითქმის ყოველდღიურად ვისმენ გერმანელებისგან.  მოსწონთ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ანუ ის მთავარი ბერკეტი, რაც გამოგვარჩევს ყველასგან _  მასპინძლობის სულისკვეთებაა.  უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავიც: სასწავლო პრაქტიკით, სადაც მე ვიმყოფები, ეს არის Johannesbad-ის სასტუმროს ქსელი, სამუშაო პრაქტიკას კი ,,იონესბარის“ მთავარ რესტორანში გავდივარ. აღნიშნულ რესტორანში ჩემს ჩამოსვლამდე პრაქტიკას ბსუ-ს სტუდენტი მეგი გოგუაძე გადიოდა, რომელიც ახლახანს წავიდა საქართველოში. რესტორანში გვაქვს მისასალმებელი დაფა. ამ დაფაზე მეგიმ ქართულად მიაწერა ,,დილა მშვიდობის“. ზოგადად ყოველ დილით ყველა მომხმარებელი უყურებს ამ დაფას და ბევრმა იკითხა უკვე, თუ რომელი სახელმწიფოს ენაა. ქართულმა წარწერამ განაპირობა ის, რომ ჩვენ უცხოელებს ვაცნობთ საქართველოს. ვუხსნით, რომ საქართველო შტატი არ არის და ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა. შემდეგ კი  უჩნდებათ სურვილი, რომ მეტი თავაზიანობის კუთხით ქართულად  გვითხრან დილა მშვიდობის. ბევრ უცხოელს ვასწავლეთ გამარჯობა, ნახვამდის  და ა.შ.  ასე ვაცნობთ საქართველოს უცხოელებს.

_ რას ურჩევდით  ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებსაც გაცვლით პროგრამაში სურთ მონაწილეობის მიღება...

_ პირველ რიგში, ვურჩევ ირწმუნონ საკუთარი თავისა, თითოეული შანსი გამოიყენონ და არა გადადონ ის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ გარკვეული ბარიერების გადალახვა, მაგრამ ეს ის ბარიერებია, რომელიც მათ დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის. ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი _ დიდი ყურადღება მიაქციონ  უცხო ენების სწავლას.

_  თქვენი ჰობი...

_ არ მაქვს ერთი კონკრეტული ჰობი, რომელიც ჩემს გატაცებად შეიძლება ჩაითვალოს. მიყვარს გამოწვევები, ამიტომ  კულინარია არის ის მთავარი სფერო,  სადაც შემიძლია ჩემი ხასიათი, გემოვნება და სტილი ერთ თეფშზე გადმოვიტანო. გარდა კულინარიისა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა, რადგან ის ჩემში  ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ახალი კულტურის შეცნობასთან ასოცირდება. სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა გარდამტეხი როლი, რომ ვყოფილიყავი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი და ეს  გადაწყვეტილება დღეს მაბედნიერებს.

_ წიგნი, რომლის წაკითხვასაც ურჩევდით სხვას...

_ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“. ამ წიგნის წაკითხვა მეც მეგობარმა მირჩია.  ეს არის  ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომლის  შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. ჩემთვის ეს არის განსხვავებული თვალით დანახული სამყარო, რომლის შეცნობაც ვფიქრობ აუცილებელიც კია. სწორედ ამიტომ ვურჩევდი მეგობრებს  აუცილებლად წაიკითხონ ეს რომანი და სხვა თვალით შეიცნონ სამყარო.

 აღსანიშნავია ისც, რომ აქ, მიუნხენში, პარკებში, სკვერებში, ყველგან ნახავთ სკამზე გადაშლილ წიგნს, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სკამთან ახლოს კი განთავსებულია პატარა ყუთი, სადაც  წვიმიან დღეს შესაძლებელია წიგნის შენახვა.

_ და ბოლოს, რას გვეტყოდით ევროპიდან?

_ რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ უმთავრესისთვის _ ,,გზა ევროპისკენ". ამ გზის მთავარ ძალას კი ჩვენ _ ახალგაზრდები წარმოვადგენთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა