გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა _ განხორცილებული აქტივობები

სურათი

2022 წლის ივლისიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი, ლიკა დიასამიძე ხელმძღვანელობს. 107 წევრისგან დაკომპლექტებული გუნდი ცდილობს დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვას თავი. მათი უპირველესი მიზანია, სტუდენტური ცხოვრება თანატოლებისთვის მრავალფეროვანი გახადონ.

_  ვცხოვრობ ბათუმში. მიყვარს ცხოველები, მყავს ზღვის გოჭი. ჩემი ინტერესის სფეროა სპორტი. მიყვარს კითხვა, სეირნობა, ადამიანებისთვის სიკეთის კეთება... 2019 წელს დავასრულე ქალაქ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია. 18 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდულ და სამოქალაქო საქმიანობაში.  კარგად ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს, საშუალო დონეზე _ ფრანგულ ენას.

_ ლიკა, ზოგადად რას გვეტყვი თვითმმართველობის დაკომპლექტებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ? 

_ სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები და პოლიტიკა შემდეგში მდგომარეობს: სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების კანონიერი დაცვა, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ; დაიცვას სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატისათვის აუცილებელი მოთხოვნები; სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია გააუმჯობესოს სტუდენტური ცხოვრება და ხელი შეუწყოს პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და მათ პრაქტიკულ რეალიზაციაში; უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველზე გადაწყვიტოს სასწავლო პროცესთან და მატერიალურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს; განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სტუდენტთა შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად;დაგეგმოს და განახორციელოს, სპორტული, ინტელექტუალური, საგანამანათლებლო, სამეცნიერო და სხვა კანონით ნებადართული ღონისძიებები.

სტუდენტური თვითმმართველობა შედგება 107 დელეგატისგან. თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს. ამავდროულად, თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს მისივე თავმჯდომარე. გვაქვს განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და სპორტის დეპარტამენტები, რომელთა ორგანიზებითაც სხვადასხვა საქმეს ვახორციელებთ.

სტუდენტური თვითმმართველობა დავაკომპლექტეთ ორი ძირითადი დეპერტამენთით _ ცენტრალური დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშიცაა პრეზიდენტი, მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და საფაკულტეტო დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის თავმჯდომარეებს, დეპარტამენტის კოორდინატორებს, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს და სხვა.  

ასევე, სტუდენტურ თვითმმართველობაში შემავალი რგოლებია  _  საზოგადოებასთან ურთიერთობის და მონიტორინგის სამსახური.

_ 2022 წელს ბსუ-ს თვითმმართველობის ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებები, პროექტები...

_ არჩევის დღიდან, როგორც ოფიციალური სტუდენტური თვითმმართველობა, ვზრუნავთ და ვახორციელებთ სტუდენტებისთვის მორგებულ ისეთ აქტივობებსა და ღონისძიებებს, როგორიცაა:  შემეცნებითი ტურები, ჯომარდობა, დასუფთავების აქციები, სისხლის დონაცია, გამწვანება-დასუფთავება, საინფორმაციო შეხვედრები, საფეხბურთო ტურნირები, ტურნირი კალათბურთში, გასვლითი შეხვედრები სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. საახალწლოდ ორგანიზება გავუკეთეთ ეკრეტ სანტას თამაშს და ვემზადებით კონცერტისთვის. აგრეთვე გვაქვს უამრავი აქტივობა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ ახალი სანაცნობო წრე და გაიღრმავონ გამოცდილებები.

_ ღონისძიებათაგან, რომელს გამოარჩევდი და რატომ?

_ მიჭირს ერთის გამორჩევა, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა ყველა აქტივობაში დიდი შრომა, ენერგია და ენთუზიაზმი ჩავდეთ. ჩვენთვის ყველა ღონისძიება ერთნაირად მნიშვნელოვანია. სტუდენტების გვერდით დგომა, მეტის გაკეთების მოტივს გვაძლევს...

_ როგორია ბსუ-ს სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ერთი ჩვეულებრივი დღე?

_ ბავშვობიდან დილით ადრე ადგომა მიყვარს.  რაც მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მით უფრო მოტივირებული ვარ. მივდივარ უნივერსიტეტში, ვესწრები ლექცია-სემინარებს, კვირაში ორი აქტივობა ყოველთვის გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, ან აქტივობების საორგანიზაციო პროცესში ვარ ჩართული, ან კიდევ ტრენინგებსა და შეხვედრებს ვესწრები. თავისუფალ დროს წიგნს ვკითხულობ. ვფიქრობ, მუდმივი განვითარება არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. პრაქტიკულად, განტვირთვის დრო საერთოდ არ მრჩება, რადგან ხშირად გვაქვს ქალაქგარეთ დაგეგმილი ღონისძიებები. გვიანობამდე ვსეირნობ ბათუმის ულამაზეს ქუჩებში, რომელსაც თან ახლავს მოგონებები და საყვარელი ადამიანები...

_მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერებას და ჯანმრთლობას ვუსურვებ ყველას. ყველა სტუდენტს კარიერულ წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ სწავლა-განათლებაში. სტუდენტური თვითმმართველიბა განაგრძობს თქვენს განებივრებას...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა