ჩვენი მეგობარი და კოლეგა, სამეგობროს ღირსეული წევრი ტარიელ ებრალიძე _ იუბილარია. მას დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები კარგად იცნობენ ღრმა რწმენით, მეგობრობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ არქეოლოგს, ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველს, წმ. ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ ტარიელ ებრალიძეს, კაცს, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია და თავის საკეთებელს აკეთებს გულის კარნახით. შესაბამისად, ბავშვური უშუალობით განიცდის წარმატებებით განპირობებულ სიხარულს თუ წარუმატებლობით გამოწვეულ მწუხარებას. მთავარი ისაა, რომ მას სწამს, რასაც აკეთებს და აკეთებს იმას, რაც სწამს. მისი ეს გამორჩეული თვისება - მონოლითურობა, რწმენა, პრინციპულობა, სტუდენტებისადმი, კოლეგებისადმი სიყვარული და პროფესიისადმი ერთგულება, შთამბეჭდავად აისახა მისი მეგობრებისა თუ ახლობლების მეხსიერებაში.
ტარიელ ებრალიძის ბიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობას უკავშირდება. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან თავი წარმოაჩინა როგორც უნარიანმა და ალღოიანმა ხელმძღვანელმა. მარტო რად ღირს ის ფაქტი, რომ მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც არაერთ ოჯახს გაუწია მატერიალური დახმარება. ამიტომაც დაიმსახურა სიყვარული და პატივისცემა როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ტარიელ ებრალიძე სტუდენტთა საყვარელი მასწავლებელი, მომავალი თაობის პროფესიული დაოსტატების და აღმზრდელობითი საქმიანობის შესანიშნავი ენთუზიასტია. ამ საქმიანობაში მას დიდ დახმარებას უწევს წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. მას ხელეწიფება ყველა თაობის ადამიანთან გულითადი ურთიერთობის დამყარება.
საოცრად თავისებური და განუმეორებელია ტარიელ ებრალიძე პირად ცხოვრებაში. შესანიშნავი თამადა სტუმრებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის უნარით არის დაჯილდოებული. მის საქმიანობაში არაფერია ნაძალადევი. იგი ზოგჯერ არღვევს კიდეც ე.წ. ,,საწესდებო ნორმებს”, მაგრამ ასეთი დარღვევა კიდევ უფრო მერ შარმს ანიჭებს მის პიროვნებას.
საიუბილეო თარიღს გილოცავთ ჩვენო მეგობარო. 50 წლის ასაკში შეინარჩუნეთ შესაშური ჯანი და მხნეობა, თავმდაბლობა და მოყვასის სიყვარული. ჟამთა სვლა ვერ შეეხო შენს ნიჭს, თავმდაბლობას, გულმოდგინებასა და შრომისმოყვარეობას. კვლავაც ამ გზით გევლოს.
შენი სამეგობრო
უკან |