მეცნიერება

FR-25-1888 - „ჰათი ჰუმაიუნები“ (სულთნის რესკრიპტები) დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამავროების შესახებ (XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი მეოთხედი);

სამეცნიერო პროექტის დასახელება„ჰათი ჰუმაიუნები“ (სულთნის რესკრიპტები) დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამავროების შესახებ (XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი მეოთხედი); FR-25-1888

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა შაშიკაძე (ბსუ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორი)

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: მირიან მახარაძე (კოორდინატორი, თურქოლოგი, თსუ ასოცირებული პროფესორი), დავით თავაძე (ახალგაზრდა მეცნიერი, თურქოლოგი, თსუ დოქტორანტი)

 

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2026-2029 წწ.

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა: ოსმალური ხელნაწერი საისტორიო წყაროები უაღრესოდ საინტერესოა ქართული ისტორიოგრაფიისთვის.  მათი ქართულად თარგმნა, დამუშავება, გამოკვლევა და გამოცემა მრავალ საინტერესო სიახლეს გვაძლევს საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით.

თურქეთის რესპუბლიკის არქივებსა და წიგნთსაცავებში ასობით მილიონი ოსმალური ხელნაწერი დოკუმენტი ინახება. მათ შორის მრავლადაა საქართველოს შესახებაც. მათი დამუშავება და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა ჩვენი წარსულის უამრავ საკითხს მოჰფენს ნათელს. აღნიშნული საქმე იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ მის შესრულებას თაობები დასჭირდება.

ხელნაწერ დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ოსმალო სულთნების რესკრიპტები, წერილობითი ბრძანებები, ე.წ. ,,ჰათი-ჰუმაიუნები“ (Hatt-ı Hümayun). სახელწოდება ქართლად ითარგმნება, როგორც ,,სულთნის წერილი“, მას ასევე ,,ჰათი-შერიფსაც“ (კურთხეული, დიდებული, კეთილშობილი წერილი) უწოდებდნენ. მსგავსი წერილები იწერებოდა სულთნის ბრძანებით, რომელიმე კონკრეტული საკითხის გამო და ატარებდა ფადიშაჰის მონოგრამას. სულთნის მიერ გაგზავნილი ნებისმიერი წერილი მისი მორჩილისადმი ბრძანების ხასიათს ატარებდა. ,,ჰათი-ჰუმაიუნები“ დიდი რაოდენობით ინახება სტამბოლის საპრეზიდენტო სამმართველოს ოსმალურ არქივსა და თოფქაფის წიგნსაცავში.

ჩვენ წლების განმავლობაში მოვიძიეთ და ვთარგმნეთ არაერთი საისტორიო წყარო, რომელმაც გარკვეული სიახლეები შესძინა ჩვენს ისტორიოგრაფიას და დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე მსგავსი საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში, ამჯერად ვგეგმავთ XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის იმერეთის მეფე-მთავრებისა (დავით II, სოლომონ II, გურიელები, დადიანები...) სოლომონ და ოსმალეთის ხელისუფლების მიმოწერის მასალებს, რომელიც დიდი რაოდენობით ინახება თურქეთის არქივებში. იგი სრული სიახლე იქნება სამეცნიერო წრეებისათვის არა მხოლოდ საქართველოში.

თვალსაჩინოებისთვის მოვიტანთ იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მაგალითს, რომელიც რუსეთის აგრესიისგან თავის დასაღწევად კავშირს ეძებდა სულთნის ხელისუფლებასთან. ისტორიოგრაფიაში სოლომონ II-ის მოღვაწეობა სათანადოდ არ არის შესწავლილი. ჩვენს მიერ საკვლევ დოკუმენტებს შორის არის მის მიერ სულთნისადმი მიწერილი ქართული წერილები და სულთნის საპასუხო მონაწერები. მათი შინაარსის შესწავლა ასევე არაერთ სიახლეს გვპირდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა