ბსუ-ში ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. ბავშვთა უფლებების ცენტრის დაფუძნებას ესწრებოდნენ: ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი, ნორვეგიის ელჩი ჰელენე სანდ ანდერსენი, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  ეკა დგებუაძე,  აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.  ცენტრის მიზანია ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერება,  ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა.

ბავშვთა ფონდის ცენტრში ჩატარდება სემინარები, ტრენინგები ბავშვთა უფლებების მიმართულებით ცოდნის შექმნისა და გავრცელების მიზნით. ცენტრი გააძლიერებს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, მასწავლებლების, სკოლების ადმინისტრაციებისა და მშობლების შესაძლებლობებს ბავშვთა უფლებების პრინციპების ეფექტიანად დასანერგად საქართველოში. იუნისეფი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებს სილაბუსით ბავშვთა უფლებებზე, რომელიც არჩევითი ან სავალდებულო კურსის სახით იქნება გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე  ბავშვთა უფლებების საკითხები აისახება სხვადასხვა საგნის სილაბუსებში.  

იუნისეფი 2021 წელს გეგმავს უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას თემაზე: ,,ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო განათლებაში“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობს 2014 წლიდან. 2014-2016 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და  ესტონეთის ფონდის ,,ინოვე“ მხარდაჭერით განხორციელდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 

2017 წლიდან უნივერსიტეტი ჩართულია გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით პროგრამაში „ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა საქართველოს ბავშვებისათვის“, რომლის მიზანი იყო სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში მომავალი მასწავლებლების მოსამზადებელი საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაზრდა.პროგრამის ფარგლებში, იუნისეფის მხარდაჭერით და ხელშეწყობით საქართველოს 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომზადდა დაწყებითი განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა