გარდაიცვალა პროფესორი იური სიხარულიძე

სურათი

გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური სიხარულიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ იური სიხარულიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას.

იური სიხარულიძე 1945 წლიდან სწავლობდა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც  წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი აკად. ნიკო ბერძენიშვილი). ის პარალელურად დაინიშნა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე. 1954 წელს არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტად, ხოლო 1974 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე.

იური სიხარულიძე ავტორია მრავალი ნაშრომისა, რომელიც შეეხება ქართული ლიტერატურის ისტორიას, დამწერლობათმცოდნეობას, ქართული მედიცინის ისტორიას, სამართლის ისტორიას, ფოლკლორსა და სხვა დარგებს. მის ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობაში დიდი ადგილი ეკავა აჭარას, რომელსაც მან მიუძღვნა არაერთი მეცნიერული ნაშრომი: ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა“ (2 ტომი), ,,აჭარა ისტორიულ-გეოგრაფიულად“, ,,ტბელ აბუსერისძე“, ,,აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“ და სხვ.

მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ორტომიანი ფუნდამენტური  ნაშრომი "სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში. ასევე "ჭანეთი (ლაზეთი)", „ნიგალი (ლივანა)", "შავშეთ-იმერხევი", „ნათელი დაუღამებელი“(ტბელ აბუსერისძე) და სხვ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან ერთად შეისწავლა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეები: კარნი, სპერი, ტაო, კლარჯეთი, ჭანეთი, არტაანი, სამცხე და სხვ., შეადგინა ისტორიული რუკები, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.

აღსანიშნავია იური სიხარულიძის პედაგოგიური მოღვაწეობა, ის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში (მათ შორის ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში) კითხულობდა პალეოგრაფიის კურსს, არქეოლოგიას, სამართლის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, მუსიკალურ ფოლკლორს და სხვ. მან პედაგოგიურ სარბიელზე ასისტენტიდან პროფესორობამდე უკლებლივ ყველა საფეხური ღირსეულად გაიარა, არჩეული იყო კათედრის გამგედაც. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა არაერთი დისერტაცია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა