
12 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ტაკაია ოჰაშის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ქართველოლოგ ჰიროტაკე მაედას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე და ბსუ-ს იაპონური ენის მასწავლებელი ლაშა ბოლქვაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.
მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც საფუძველი ქალაქ ბათუმში ჩაეყარა. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს შორის. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და კვლევითი ლაბორატორიები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კულტურული ღონისძიება ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით. ღონისძიებაზე ბსუ-ს ბენდმა რამდენიმე მუსიკალურ ნომერთან ერთად იაპონური სიმღერაც შეასრულა.
საქმიანი შეხვედრა გაგრძელდა პროფესორ, ქართველოლოგ ჰიროტაკე მაედასთან, სადაც განიხილეს კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებები. დაიგეგმა ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობა, ასევე ერთობლივი კონფერენციების, პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარება.
| უკან |












