
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების საერთაშორისო კონფერენციას – BS-CAPLES 2026 მასპინძლობს.სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებს, მკვლევრებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს აერთიანებს.
კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, ლელა თურმანიძემ, ბსუ-ს პროფესორმა, ნუგზარ ღომიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა კერვალიშვილმა და ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბორის ჩიჩკოვმა.
კონფერენციის მთავარი თემებია თანამედროვე ფიზიკა, ლაზერული ტექნოლოგიები, პლაზმის ფიზიკა, ფოტონიკა, ოპტიკა, სპექტროსკოპია, მაღალი ენერგიების ფიზიკა, კვანტური მასალები, გარემოს მონიტორინგი და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილება თანამედროვე ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიების, პლაზმის ფიზიკის, ფოტონიკის, ოპტიკის, სპექტროსკოპიის, მაღალი ენერგიების ფიზიკის, კვანტური მასალების, გარემოს მონიტორინგისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების უახლესი მიღწევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური კვლევების პრაქტიკულ გამოყენებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მონიტორინგის სისტემები.
BS-CAPLES 2026 ორგანიზებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია Interreg NEXT Black Sea Basin Programme, რომლის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებიც წარმოდგენილი იქნება სპეციალურ სესიებზე.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პლენარული მოხსენებებით კონფერენციაზე წარდგებიან საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის: პროფესორი დიმიტრი ბატანი (ბორდოს უნივერსიტეტი, საფრანგეთი), პროფესორი ბორის ჩიჩკოვი (ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია), პროფესორი ევანგელოს ქრისტოფორუ (ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, საბერძნეთი), დოქტორი ხარალამპოს დულგერისი (ELGO-DIMITRA, საბერძნეთი), პროფესორი ბიულენტ ბუიუკი (ბანდირმა ონიედი ეილიულის უნივერსიტეტი, თურქეთი), პროფესორი იუჰირო ივამოტო (ნაგოიას ტექნოლოგიური ინსტიტუტი, იაპონია) და პროფესორი სერჟ ზელენსკი (კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა).
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.
სამდღიანი პროგრამა მოიცავს პლენარულ და სექციურ სხდომებს, თემატურ დისკუსიებს, ახალგაზრდა მეცნიერთა პრეზენტაციებს, საერთაშორისო თანამშრომლობის შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. მონაწილეები განიხილავენ როგორც ფუნდამენტურ სამეცნიერო საკითხებსა და კვლევების შედეგებს, ისე საერთაშორისო პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
კონფერენციის მიზანია, BS-CAPLES ჩამოყალიბდეს შავი ზღვის რეგიონში თანამედროვე ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური მიმართულებების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმად, რომელიც ყოველწლიურად გააერთიანებს მეცნიერებს, ინჟინრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ გაფართოებული სამეცნიერო ნაშრომები. შერჩეული საუკეთესო მოხსენებების ავტორები მოწვეულნი იქნებიან სრულყოფილი სტატიების მოსამზადებლად. წარმოდგენილი ხელნაწერები გაივლიან საერთაშორისო ორმაგ ბრმა (double-blind) რეცენზირების პროცესს, ხოლო დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში გამოქვეყნდება კონფერენციის სპეციალურ გამოცემაში საერთაშორისო აკადემიურ გამომცემლობაში.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ტარდება.
| უკან |















