
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი - 2026“ გაიმართა.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ბსუ-ს რექტორთან ტიტე აროშიძესთან ერთად გახსნა.
ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა. ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია ,,მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.
ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.
ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის დააჯილდოვა.
ფესტივალის ფარგლებში დევიზით - „ცოდნა, რომელიც ქმნის მომავალს“ გაიმართა სამეცნიერო იდეების კონკურსი. გამარჯვებული სტუდენტის სამეცნიერო იდეა განთავსდა „მომავლის მეცნიერების კაფსულაში“, საზეიმოდ დაილუქა და გაიხსნება 2035 წელს, რაც სიმბოლურად დააკავშირებს დღევანდელი თაობის სამეცნიერო იდეებს საქართველოს მომავალთან. იდეა წარმოადგენს ახალგაზრდების ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებამ, ინოვაციამ და ცოდნაზე დაფუძნებულმა განვითარებამ შექმნას საქართველოს მომავალი.
სამეცნიერო იდეების კონკურსის გამარჯვებული გახდა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნინი დუმბაძე თემით: ,,წარსულის კულტურები - საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა 2035 წლისთვის“.
| უკან |



















