
„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“- ამ სახელწოდებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ბსუ-ს სტუდენტები ანა დუმბაძე/ზეინაბ აკვაზბა და ნიკოლოზ ოვსიანიკოვი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორმა სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა მშვიდობის მშენებლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და საზოგადოებაში დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების მიმართულებით.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2021 წელს და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.
| უკან |



