ბსუ-ში CARE SEA-ს დასკვნითი კონფერენცია „ტრანსსასაზღვრო მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის“ გაიმართა

სურათი

„ტრანსსასაზღვრო მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის“ - ამ სახელწოდებით CARE SEA პროექტის დასკვნითი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგები, მიღებული გამოცდილება და შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

CARE SEA - „თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისთვის“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ლიდერია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოორდინატორი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, იზოლდა მაჭუტაძე.

პროექტში ხუთი ქვეყნის: საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და საბერძნეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები მონაწილეობდნენ. პროექტის პარტნიორები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პროექტის წამყვანი პარტნიორი, საბერძნეთის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, მოლდოვის „კონსტანტინ სტერეს“ ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკის სწავლების უნივერსიტეტი, თურქეთის ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი, რუმინეთის კვლევების და განვითარების დუნაის დელტის ეროვნული ინტიტუტი.

პარტნიორებმა ერთობლივად შეისწავლეს შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა, დაბინძურების წყაროები და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების გავრცელების მექანიზმები.

CARE SEA პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მდინარე ჭოროხის ჭარბტენიან ჰაბიტატებში მიკროპლასტიკით დაბინძურება შეისწავლა. კვლევა მოიცავდა ჭოროხის დელტასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც მკვლევრებმა მიკროპლასტიკების გავრცელება და სხვა დამაბინძურებლების არსებობა შეისწავლეს.

პარალელურად, კვლევები განხორციელდა მდინარე ჭოროხის თურქეთის ნაწილშიც, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოსა და თურქეთში მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი და დაბინძურების წყაროებისა და თითოეული ქვეყნის წვლილის შეფასება.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო წყალი, ფსკერული ნალექები და ატმოსფერული ჰაერი. მკვლევრებმა ასევე შეაფასეს მიკროპლასტიკების გავრცელება, მძიმე მეტალების შემცველობა, ეკოსისტემების მდგომარეობა და ბიომრავალფეროვნება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ჰაბიტატების რუკა და მდინარე ჭოროხის დელტის კონცეპტუალური მოდელი.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა მდინარე ჭოროხის ეკოლოგიური მენეჯმენტის გეგმის შემუშავება. დოკუმენტის მომზადების პროცესში მოქალაქეთა მეცნიერების პრინციპით, ჩართულნი იყვნენ მოქალაქეები, მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები გეგმის საბოლოო შედეგებში აისახა.

CARE SEA-ს ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელდა სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები. პარტნიორებმა შეიმუშავეს კვლევის ერთობლივი მეთოდოლოგიური მიდგომები. პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი სამაგისტრო ნაშრომი და მიმდინარეობს სადოქტორო კვლევა. პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე შეიმუშავა ლანდშაფტის ეკოლოგიის უცხოენოვანი სამაგისტრო პროგრამა.

დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები, უცხოელი ექსპერტები, უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, საჯარო უწყებებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, არამედ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შემდგომ გამოყენებაზე, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებასა და შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვის მიმართულებით ერთობლივი კვლევების გაგრძელებაზე.

პროექტის დასრულების შემდეგ პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

CARE SEA-ს დასკვნითმა საერთაშორისო კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა პროექტის ძირითადი შედეგები, სამეცნიერო კვლევა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, მოქალაქეთა ჩართულობა და პრაქტიკული რეკომენდაციები შავი ზღვის უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა