
მედიისა და კომუნიკაციების მიმართულებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი მედია სკოლების წარმომადგენლები, მოხსენებები წარადგინეს გდანსკის და პოზნანის უნივერსიტეტების (პოლონეთი), ანკარის უნივერსიტეტის (თურქეთი), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) და სოფიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორებმა. კონფერენციამ ხელი შეუწყო საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას და ქართული მედია სკოლების სამეცნიერო კვლევებისა და მიგნებების წარმოჩენას.
კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში მედია აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი, ის წარმოადგენს გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. სწორედ ამ მედიაეკოსისტემის თავისებურებების წარმოჩენას ისახავდა მიზნად სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მედიის თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს აერთიანებდა.
სამეცნიერო ფორუმი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაეკოლოგიის სპეციფიკა; დეზინფორმაცია და ,,პოსტ-სიმართლის ეპოქა”; ხელოვნური ინტელექტი მედიაში; ტრადიციული მედიის გამოწვევები ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში; მედიის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.
მკვლევრებმა განიხილეს ტრადიციული მედიის (გაზეთი, რადიო, ტელევიზია) პრობლემატიკა და მისი შერწყმა ციფრულ პლატფორმებთან; ამბის თხრობის სპეციფიკა სოციალურ მედიაში; ალგორითმების მიერ შექმნილი საინფორმაციო სივრცე; ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიზუალური და აუდიომანიპულაციები; ფაქტების გადამოწმების მნიშვნელობა; ყალბი ამბების გავლენა პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე, ეთიკური დილემები და მედიის რეგულირება.
კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფიას კლიმენტ ოჰრიცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბულგარეთი), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანაორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.
| უკან |



















