
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჟურნალის „მაჭახელი“ მე-11 ნომრის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება მაჭახელას ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენითა და მაჭახელას თოფის შექმნის ისტორიის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენებით გაიხსნა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ მხეიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა.
ჟურნალის მიმდინარე ნომერში წარმოდგენილია მასალები ხეობის ისტორიულ წარსულზე, მეგალითურ ნასახლარებზე, უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, თურქეთის მუჰაჯირებზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე, დამსახურებულ ადამიანებზე, ხეობისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე.
გამოცემაში თავმოყრილი მასალების შესახებ ისაუბრეს ბსუ-ს მეცნიერმა ელზა ფუტკარაძემ და მწერალმა მზია სალვარიძემ, რომლებმაც საზოგადოებას ჟურნალში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი თემები გააცნეს.
ჟურნალი „მაჭახელი“ 2007 წელს, სახალხო დღესასწაულ „მაჭახლობის“ ფარგლებში, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით დაარსდა.
გამოცემის მიზანია მაჭახელას ხეობის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შენარჩუნება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. წლების განმავლობაში გამოცემა პერიოდულ ხასიათს ატარებს და მიმდინარე ნომერი ჟურნალის რიგით მე-11 გამოცემაა.
ჟურნალის მე-11 ნომერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
| უკან |




















