ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

გურამ მემარნე - 70

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალი ულოცავს ბატონ გურამ მემარნეს 70 წლის იუბილეს ულოცავს. ბატონი გურამ მემარნე ინსტიტუტს ორ ათეულ წელზე  მეტი  ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დირექტორის რანგში და დიდი ღვაწლი მიუძღვის ინსტიტუტის განვითარებაში,  საუნივერსიტეტო სისტემაში გაერთიანების, ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ცნობადობის გაფართოების საქმეში.

იგი გახლავთ სოფლის მეურნეობის დოქტორი. მისი კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია მანდარინის სელექციური ჯიშების შესწავლასა და წარმოებაში დანერგვასთან, აქტიურად ახორციელებს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამურნეო, სუბტროპიკული კულტურების მრავალფეროვნების კვლევასა და კონსერვაციას.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ჩართულობით  შეიქმნა ნარინჯოვანი კულტურების, კივის, თხილის, ფეიჰოას ათეულობით ჯიშითა და ფორმით წარმოდგენილი სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების სადედე კოლექციები.  არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორი.

გურამ მემარნე დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამთავრობო მადლობის სიგელებით უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის.

ბატონ გურამს ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს,  დღეგრძელობას, აქტიურ შემოქმედებით საქმიანობასა და მრავალ წარმატებას.

გურამ მემარნე გახლავთ სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი. იგი  დაიბადა 07.04.1956 წ. ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში. 1973 წელს დაამთავრა წყავროკის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1979წ.

1984-1994 წლებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტში, სელექციისა და გენეტიკის განყოფილებაში. 1988წ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სუბტროპიკული მეურნეობის სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.

2004-2007წწ იყო მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2007-2011წწ ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრა­ვალ­ფეროვ­ნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. აქვს სამეცნიერო კვლევითი მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში.

2004-2011 წლებში კოორდინაციას უწევდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის ორ პროექტსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სადიაგნოსტიკო სამუშაოებს. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტში, იყო აჭარის რეგიონული ასოციაცია ,,კივი - მომავლის კულტურა’’ პრეზიდენტი, 2011წ-დან იყო USAID/EPI-ის ციტრუსების წარმოების სასწავლო პროგრამის მენეჯერი, გავლილი აქვს ტრენინგი მენეჯმენტში, ბიორისკების მართვასა და შეფასებაში, Global Gap სტანდარტიზირება პირველადი წარმოებისათვის და სხვა. ჩართულია USAID/CNFA-ს პროგრამაში „მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვი“.

2014 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ზარალის დადგენაში. ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილია ციტრუსოვანთა და სხვა ხეხილოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთები. სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია დიპლომით და პრეზიდენტის ღირსების მედლით.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა