
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ცისანა ცეცხლაძემ, სამეცნიერო სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,კარტოფილის ჯიშების შეფასება კარტოფილის კიბოსადმი გამძლეობაზე“. სემინარს ესწრებოდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, მარიამ მეტრეველი; სამეცნიერო პერსონალი; აგრონომი, ნუგზარ ხარაზი.
მომხსენებელმა ისაუბრა კარტოფილის საკარანტინო დაავადების - კარტოფილის კიბოს შესახებ. გამომწვევი: პათოგენური სოკო: Synchytrium endobioticum Pers. - განსაკუთრებით საშიშ საკარანტინო მავნე მიკროორგანიზმად ითვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული პათოგენის მიმღები კარტოფილის ჯიშების მოყვანის შემთხვევაში, დაავადების მიერ გამოწვეული მოსავლის დანაკარგი შეადგენს 50-100%-ს.
საქართველოში კიბოს გამომწვევი სოკოვანი პათოგენი პირველად დააფიქსირეს 2009 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში. ასევე, გავრცელებულია სვანეთში, განსაკუთრებით, უშგულში.
აღინიშნა, რომ კარტოფილის კიბო საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული საშიში საკარანტინო სოკოვანი დაავადებაა და მისი კერების დროული გამოვლენის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის მიზნით გამოიყენება ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, რაც გულისხმობს საკარანტინო, აგროტექნიკურ და ქიმიურ მეთოდებს.
დაავადებისგან დაცვის საუკეთესო მეთოდად ითვლება დააავადების მიმართ გამძლე ჯიშების გამოყენება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კარტოფილის კიბოს ადგილობრივი პოპულაციის მიმართ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ჯიშების გამძლეობის დონის შეფასების მიზნით, გამოიყენება სათბურისა და საველე ცდები. ინსტიტუტში გამოცდილი კარტოფილის 49 ჯიშიდან, საქართველოში გავრცელებული პათოტიპის მიმართ, კარტოფილის ჯიშების პირველადი სკრინინგის შედეგების თანახმად, დაავადების მიმართ მიმღები იყო გამოცდილი ჯიშების უმრავლესობა (81.6%). კიბოსადმი გამძლე რეაქცია გამოავლინა მხოლოდ ოთხმა ჯიშმა: ,,კარდინია“, ,,კატანია“, ,,ლეანდრა“, ,,პროვენტო“.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მომხსენებელმა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა.
| უკან |



