ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ბსუ-ს მეცნიერს იზოლდა მაჭუტაძეს "საპატიო ქობულეთელის" წოდება მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსი იზოლდა მაჭუტაძე, მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „საპატიო ქობულეთელის“ წოდებით დაჯილდოვდა. ჯილდო ქალბატონ იზოლდას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ გადასცეს.

იზოლდა მაჭუტაძის მიერ შემუშავებული გეგმის გათვალისწინებით, UNESCO-მ „კოლხეთის ტენიან ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა. 2021 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) „ღია მეცნიერების“ სტრატეგიის შემუშავებისთვის მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 6 მეცნიერი შეარჩია, რომელთაგან ერთ-ერთი იზოლდა მაჭუტაძე იყო. განსაკუთრებულია მისი წვლილი რეგიონში ტორფნარების კვლევის, გარემოსდაცვითი საქმიანობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების საქმეში.

იზოლდა მაჭუტაძის ხელმძღვანელობით 2024 წელს, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შავი ზღვის დაბინძურებისა და მისი გავლენის შესახებ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი CARE SEA - ,,თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვა“ დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრობლემის შესწავლას, შავი ზღვის დაბინძურების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობას, რაც განხორციელდება 5 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების პარტნიორობით.

იზოლდა მაჭუტაძე არის: სამი უცხოური მონოგრაფიის თანაავტორი, 30-ზე მეტი საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი გახლავთ არაერთი საერთაშორისო და ეროვნული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, არის UNESCO-ს, ICOMOS-ს, IMCG-ს და სხვა საერთაშორისო სიმპოზიუმების და შეხვედრების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ იზოლდას დამსახურებულ აღიარებას, უსურვებს ჯანმრთელობას, წარმატებებსა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა