
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - პროფესორმა ვაჟა ვერულიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე შაინიძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა პაატა ბოლქვაძემ შეხვედრა გამართეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „გორდას“ მოსწავლეებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება, ასევე, მათი ცნობიერების ამაღლება ეკონომიკისა და საჯარო ფინანსების სფეროში. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა „ფისკალური სიმულაცია“, სადაც მოსწავლეები წარმოდგენილნი იყვნენ „საზოგადოების“, „ბიზნესისა“ და „ფინანსთა სამინისტროს“ სახით. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ თამაშში და მოირგეს შესაბამისი როლები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ ფუნქციებს და არგუმენტირებულად იცავდნენ საკუთარ პოზიციებს. „საზოგადოების“ წარმომადგენლებმა „ფინანსთა სამინისტროს“ წარუდგინეს მოთხოვნები, რომლის ფარგლებშიც ითხოვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინსფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსებას. „ბიზნესის“ წარმომადგენლებმა დაითვალეს გადასახადების წლიური თანხა, რასაც რიცხავდნენ ბიუჯეტში. წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე „ფინანსთა სამინისტროს“ წარმომადგენლებმა შეადგინეს ბიუჯეტის პროექტი და განსაზღვრეს პრიორიტეტები.
| უკან |






