სემინარები

მახინჯაურის, ახალსოფლისა და ლეღვას თერმული წყლების ხარისხობრივი პარამეტრების შეფასება და მათი გამოყენების პოტენციური მიმართულებების განსაზღვრა.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლები   
ნინო კიკნაძე და ნარგიზ მეგრელიძე მიმდინარე წლის 9 დეკემბერს,
16 საათზე ჩაატარებენ სამეცნიერო სემინარს. თემაზე: „მახინჯაურის, ახალსოფლისა და ლეღვას თერმული წყლების ხარისხობრივი პარამეტრების შეფასება და მათი გამოყენების პოტენციური მიმართულებების განსაზღვრა.“

სამეცნიერო სემინარის თემა:

„მახინჯაურის, ახალსოფლისა და ლეღვას თერმული წყლების ხარისხობრივი პარამეტრების შეფასება და მათი გამოყენების პოტენციური მიმართულებების განსაზღვრა.“

მომხსენებლები:

ნინო კიკნაძე

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი

ნარგიზ მეგრელიძე

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი

თემის აქტუალობა:

საქართველოს თერმული წყლები ხასიათდებიან მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობით - მტკნარი ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანიდან მაღალ მინერალიზებულ ქლორიდულ-ნატრიუმიანამდე. 20-100°C ტემპერატურის მქონე, ბუნებრივად გამოსული თერმული წყლების ჯამური დებიტი 1000 - ლ/წმ-ზე მეტია. სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში შეიძლება თერმული წყლების წარმატებით გამოყენება, თუმცა დღეისათვის მათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ბალნეოლოგიური გამოყენება აქვთ. თერმული და მინერალური წყლების დიდი ნაწილი აუთვისებელია. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობდა მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებამდე, შესაბამისად, მიწისქვეშა წყლების ხარისხობრივი პარამეტრების შესახებ ინფორმაცია ადრე განხორციელებულ კვლევებს ეყრდნობა. პრობლემის აქტუალობა განისაზღვრება სწორედ იმ გარემოებით, რომ აუცილებელია საქართველოს თითოეულ რეგიონს გააჩნდეს თანამედროვე მეცნიერულ დონეზე შეფასებული ბუნებრივი რესურსები. საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს, თერმული წყლის რესურსების თბ-ენერგეტიკული მიზნებით გამოყენებისთვისაც. ამიტომ დროულად მიგვაჩნია საკვლევი რეგიონის - აჭარის ზოგიერთი მიწისქვეშა წყლის კომპლექსური შესწავლა, რაც აუცილებელი პირობაა წყლის რესურსების პოტენციალის შეფასებისთვის, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენების მიზნით, რეგიონის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა დარგების მდგრადი განვითარებისათვის.

კვლევის მიზანს  წარმოადგენდა ზოგიერთი თერმული წყლის კომპლექსური კვლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ ლოკაციებზე, რათა მოგვეხდინა მათი შეფასება, შემდგომში წყლების გამოყენების შესაძლო მიმართულებების დადგენისათვის.

კვლევის ობიექტი იყო  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 3 ლოკაციაზე არსებული თერმული წყალი: მახინჯაურის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი); ახალსოფელი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) და ლეღვას (ქობულეთის მუნიციპალიტეტი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წყლებზე თანამედროვე კომპლექსური კვლევები არ ჩატარებულა, არ არის დადგენილი მათი ბაქტერიოლოგიური დაბინძურების ხარისხი, არ არსებობს ამ წყლებზე თანამედროვე გეოგრაფიული მონაცემები.

კვლევის ამოცანებს  წარმოადგენდა საკვლევი ლოკაციების მიმდებარე ლანდშაფტების მცენარეულობის შესწავლა; თერმული წყლების კომპლექსური ფიზიკო-ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზი; თანმხლები აირების დადგენა და განსაზღვრა; წყლების მულტიელემენტური ანალიზი; წყლების ლოკაციების რუკის შედგენა გის-სისტემის გამოყენებით.

კვლევისთვის გამოყენებული მეთოდები: საველე ექსპედიციები (სეზონურად-4); მიმდებარე ტერიტორიების საველე რეკოგნოსცირებული კვლევა; საველე გაზომვები; ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შეფასება; ლაბორატორიული კვლევები - ტიტრიმეტრული, ფოტომეტრული, პოტენციომეტრული, პლაზმური ატომურ-ემისიური სპექტრომეტრული მეთოდებით, ბაქტერიოლოგიური ანალიზი-მიკრობთა კულტივირების მეთოდით.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგროქიმიის, ანალიზური ქიმიის, პლაზმური ატომურ ემისიური სპექტრომეტრიის ლაბორატორიები.

კვლევის შედეგები:

საკვლევი ლოკაციების მიმდებარე ლანდშაფტების მცენარეულობის შესწავლის მიზნით, განხორციელდა ცენოტიპების იდენტიფიკაცია და სტრუქტურული თავისებურებების კვლევა. რელიეფის  მრავალფეროვნება, კლიმატური პირობები, ნიადაგები, ანთროპოგენური და სხვა ფაქტორები განაპირობებენ მცენარეულობის მოზაიკურობას. საკვლევ ლოკაციათა ბუფერული ზონებში წარმოდგენილია ძირითადად ტყის მცენარეულობა (აღმოსავლური წიფლის, კავკასიური ცაცხვის, წაბლის, მურყანისა და კავკასიური რცხილისაგან), რომლებიც ქმნიან შერეულ ცენოზებს. ტყეთა ფართობების ძირითადი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, ანთროპოგენული ზეგავლენით ტრანსფორმირებულ ტყეებში მაღალია უცხო ადვენტურ სახეობათა ინვაზიის პოტენციალი, საშუალოა ბუნებრივი ეკოსისტემების კონსერვაციული ღირებულება.

საველე გაზომვები: მახინჯაურის წყალს გააჩნდა ძლიერ გამოხატული გოგირდწყალბადისთვის დამახასიათებელი სუნი,  ახალსოფლის და ლეღვას წყლებს - სპეციფიკური. მახინჯაურის წყალი-სუსტი მლაშეა, ახალსოფლის-საშუალო მლაშე, ლეღვას-ძლიერ მლაშე. მახინჯაურის და ახალსოფლის წყლები გამჭვირვალეა, ლეღვას წყალი-სუსტად მღვრიე. მახინჯაურის და ახალსოფლის წყლები თბილია, ხოლო ლეღვას წყალი მიეკუთვნება გრილს. მახინჯაურის და ახალსოფლის  წყლების რეაქცია საშუალო ტუტეა, ლეღვასი-სუსტი ტუტე. მაქსიმალური ელექტროგამტარობით ხასიათდება ლეღვას წყალი, მინიმალურით-მახინჯაურის. შესაბამისად, მარილიანობა მაქსიმალურია ლეღვას ლოკაციაზე და მინიმალური-მახინჯაურის ლოკაციაზე. მახინჯაურის თერმული წყლის თანმხლები აირებში დაფიქსირდა H2S-ის შემცველობა 0.8 ppm. მეთანის კონცენტრაცია ახალსოფლის და ლეღვას წყლების თანმხლებ აირებში >50% (მოცულობითი).

ლაბორატორიული კვლევები: ლოკაციებზე pH-ის ზრდით, მატულობს HCO3--ის შემცველობა წყლებში. დამლაშებაში ძირითადი როლი ენიჭება ქლორს და ნატრიუმს. ლეღვას თერმული წყლის ძლიერ ხისტია. ნიტრატების, ნიტრიტების, ამონიუმის იონების, ფოსფატების შემცველობის მხრივ, წყლები არ არის ქიმიურად დაბინძურებული, ისინი არ მიეკუთვნებიან სილიციუმიან წყლებს და რკინიან წყლებს. ახალსოფლიოს თერმულ წყალში სპეციფიური კომპონენტია - ფტორი და ბორი. მაკროელემენტებიდან სამივე ლოკაციაზე დომინირებს ნატრიუმი. მიკროელემენტებიდან წყლებში არ დაფიქსირებულა: Co, Cr, Cu, Mo, Ni, Zn, Sb, Se, Ti, Tl, V, Be, Hg, Pb, As, Cd, Ba. ლეღვას წყლებში ოთხივე სეზონზე დაფიქსირდა Li-ის და Mn-ის მომატებული შემცველობა. გაზაფხულიდა ზამთრის სეზონზე გადასვლის პარალელურად,  აღინიშნა საპროფიტული მიკროორგანიზმების საერთო რიცხვის შესამჩნევი კლება თერმულ წყლებში. ლაქტოზო დადებითი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების რაოდენობა ლოკაციებზე <300/1ლ ოთხივე სეზონზე. აჭარის სამი თერმული წყლის კომპლექსური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ მახინჯაურის თერმული წყალი  გოგირდწყალბადიანი სულფიდური შედგენილობისაა; ახალსოფლის თერმული წყალი - ქლორიდულ-ნატრიუმიანი შედგენილობის, ფტორის და ბორის მომატებული შემცველობით. მახინჯაურის თერმული წყალი არ მიეკუთვნება მინერალურს. ახალსოფლის წყალი მინერალურ-თერმულია, ლეღვას წყალი-მაღალმინერალიზებულია.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა