სემინარზე ვისაუბრე ღორჯომის ხეობაში საველე ექსპედიციისას ჩემ მიერ ჩაწერილი ცოცხალი მეტყველების ნიმუშებში გამოვლენილ ზოგიერთ ლექსიკურ ერთეულზე.
ღორჯომი ზემო აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი თემია. ღორჯომელთა მეტყველება კი ნაკლებადაა შესწავლილი. კილოკავებით მდიდარი აჭარული დიალექტის სრულყოფილი პორტრეტის შესაქმნელად მნიშვნელოვანი, საინტერესო და სიახლისმომცემია მისი ლოკალური კვლევა.
ღორჯომის ხეობის მეტყველებაზე დაკვირვებამ არაერთი ლექსიკური თავისებურების გამოკვეთის შესაძლებლობა მოგვცა. თვალშისაცემია ლექსიკური სიჭრელე. ადგილობრივთა მეტყველება ლექსიკური არქაიზმების სიუხვით ხასიათდება (კიდობანი, ფერცხალი...), შესამჩნევია ზანური სუბსტრატის კვალი (ბადიში, ქერეჭი...), მრავლად გვხვდება ლექსიკური დიალექტიზმები (ამოზანგული, ბღლარძვა...), რომელთაც სხვა დიალექტებში პარალელი არ ეძებნება, ან შინაარსობრივი ნიუანსით განსხვავდება აქ გავრცელებული მნიშვნელობისგან. მრავლადაა წარმოდგენილი უცხოენოვანი ნასესხობანი. ისმის თურქული, არაბული, სპარსული ლექსიკური ერთეულები, რაც კუთხის ისტორიული წარსულითაა განპირობებული.
სემინარზე განხილული ლექსიკური ერთეულები გადამოწმებული და განმარტებულია ქართული ენისა და დიალექტების სხვადასხვა ლექსიკონის მიხედვით.
დიალექტურ ლექსიკაზე ლოკალურად დაკვირვება ახალი, ან მივიწყებული ლექსიკური ერთეულების გამოვლენის საშუალებაა, რაც სალიტერატურო ენის სიტყვის მარაგის გამდიდრების საფუძველია.
| უკან |
