„თავზე შემოხვეული ისტორია: ტურბანი როგორც იდენტობის ენა და რელიგიური კოდი ოსმალურ საზოგადოებაში“
ყველა დროის ცივილიზაციებში ადამიანის შესამოსელი სოციალური კოდის ნაწილს წარმოადგენდა — ის იყო ენა, რომლითაც ადამიანი საკუთარ სტატუსს, იდენტობასა და სამყაროსთან დამოკიდებულებას გამოხატავდა. ამ კოდში კი განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავსაბურავს, რომელსაც თავდაპირველად არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ კოსმოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა.
თავსაბურავი ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში მხოლოდ პრაქტიკულ ფუნქციას არ ასრულებდა. მრავალ კულტურაში იგი დაკავშირებული იყო სამყაროს აღქმასთან და ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის ადგილთან მაკროკოსმოსში.
ამ კონტექსტში თავი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანის ის უმაღლესი წერტილი, რომელიც სიმბოლურად მიმართულია ზეცისკენ და ამით ჩართულია კოსმოლოგიურ იერარქიაში. ტრადიციულ წარმოდგენებში ადამიანი არ არის იზოლირებული ინდივიდი — იგი განისაზღვრება როგორც კოსმოსური წესრიგის ნაწილი, სადაც თითოეულ ელემენტს აქვს საკუთარი ადგილი და ფუნქცია.
თავის დაფარვა ამგვარად იძენს საკრალურ განზომილებას: თავსაბურავი ფუნქციონირებს როგორც სიმბოლური მექანიზმი, რომელიც ამყარებს კავშირს ადამიანსა და ტრანსცენდენტურ წესრიგს შორის, „აკანონებს“ მის მდგომარეობას და იცავს ქაოსის დამღუპველობისგან.
ამ მოცემულობაში თავის დაუფარავად დატოვება შეიძლება აღვიქვათ როგორც სიმბოლური დისლოკაცია — კოსმოლოგიური იერარქიიდან დროებითი ამოვარდნა, რომელიც არღვევს ადამიანისა და სამყაროს შორის დამყარებულ წესრიგს.
სწორედ ამგვარი საკრალურ-სიმბოლური საფუძველი ქმნის წინაპირობას, რომ თავსაბურავი ისტორიულად გადაიქცეს სოციალური კოდის ერთ-ერთ ყველაზე კონცენტრირებულ გამოხატულებად.
ოსმალურ იმპერიაში ეს სიმბოლური და კოსმოლოგიური ლოგიკა განსაკუთრებულად ინსტიტუციონალიზებული სახით გვხვდება. აქ ტანსაცმელი, და განსაკუთრებით თავსაბურავი — ტურბანი — უკვე აღარ არის მხოლოდ კულტურული ან რელიგიური ნიშანი; იგი იქცევა მკაფიოდ კოდირებულ სისტემად, რომელიც ასახავს და ამავე დროს, ამყარებს იმპერიის იერარქიულ წესრიგს.
ტურბანის ფორმა, მოცულობა და სტრუქტურა იქცევა ვიზუალურ ენად, რომლის საშუალებითაც იკითხება ინდივიდის სტატუსი, ძალაუფლება და ფუნქცია სახელმწიფო მექანიზმში.
ამგვარად, ოსმალურ კონტექსტში ტურბანი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ის წერტილი, სადაც კოსმოლოგიური სიმბოლიზმი ტრანსფორმირდება სოციალურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად — სადაც ზეცასთან მიმართული მნიშვნელობა გარდაიქმნება მიწიერ იერარქიად.
ტურბანის როგორც კონკრეტული ფორმის თავსაბურავის ისტორია კი ასე იწყება: მისი ფესვები უნდა ვეძიოთ ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში — მესოპოტამიაში, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც პრაქტიკული და კულტურული ელემენტი. ტურბანს ატარებდნენ ასევე ეგვიპტის, ბაბილონისა და ხეთების მოსახლეობაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ფართო გეოგრაფიულ გავრცელებასა და კულტურულ მნიშვნელობაზე.
არაბულ კულტურულ სივრცეში ტურბანი ცნობილია როგორც ʿimāma ტერმინი, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს თავზე შემოხვეულ ქსოვილს. ხშირად იგი ეხვეოდა სპეციალურ ქუდზე (qalansuwa), რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის სტრუქტურულ ორგანიზებასა და სიმბოლურ დატვირთვას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტერმინი „ტურბანი“ ევროპულ ენებში დამკვიდრდა შედარებით გვიან — შუა საუკუნეებში. იგი მოდის ფრანგული turban-იდან, რომელიც თავის მხრივ ნასესხებია იტალიური turbante-დან, ხოლო ამ ფორმების ძირი მიემართება ოსმალურ-თურქულ სიტყვასთან tülbent (ქართულში „დოლბანდი“), რაც თავდაპირველად აღნიშნავდა თხელ ქსოვილს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ტერმინი საბოლოოდ უკავშირდება სპარსულ ფუძეს, რაც ასახავს ტურბანის კულტურულ-გეოგრაფიულ მიგრაციას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.
თავისი საწყისი, პრაქტიკული ფუნქციით ტურბანი დაკავშირებულია უდაბნოსა და ნახევრადუდაბნოს გგეოგრაფიულ გარემოსთან, სადაც იგი იცავდა ადამიანს მზისგან, ქარისა და ქვიშისგან. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი ფუნქცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ისლამის წარმოშობასთან ერთად, ტურბანმა შეიძინა რელიგიური და იდენტობითი დატვირთვაც.
ისლამურ ტრადიციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წინასწარმეტყველ
მუჰამედის მაგალითს, რომლის ცხოვრების წესი მიჩნეულია მისაბაძ მოდელად ყოველი მუსლიმისთვის. გადმოცემების მიხედვით, იგი ატარებდა თავსაბურავს, მათ შორის ტურბანის მსგავს ფორმას, რამაც ამ უკანასკნელს მიანიჭა სიმბოლური მნიშვნელობა მუსლიმური იდენტობის ფარგლებში.
ამგვარად, ტურბანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ელემენტი, რომელიც ბუნებრივ-გეოგრაფიული აუცილებლობიდან გადავიდა რელიგიურ-სიმბოლურ სივრცეში და იქცა კულტურული იდენტობის მატარებელ ნიშნად.
არაბულ სამყაროში დამკვიდრებული imama როგორც თავსაბურავის ფორმა და სიმბოლო, ოსმალურ იმპერიაში გადადის უკვე მნიშვნელოვნად ტრანსფორმირებული სახით. მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური იმპერიის პირობებში, ოსმალური სახელმწიფო საჭიროებდა მკაფიოდ სტრუქტურირებულ სოციალურ სისტემას, სადაც იერარქია ხილულად და მკაფიოდ იქნებოდა წარმოდგენილი.
ამ კონტექსტში ტურბანი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ვიზუალურ ინსტრუმენტად სოციალური წესრიგის გამოსახატად და შესანარჩუნებლად. თუ არაბულ სამყაროში იგი ძირითადად რელიგიურ და კულტურულ მნიშვნელობას ატარებდა, ოსმალურ იმპერიაში ტურბანი დამატებით იძენს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ფუნქციას.
მისი ფორმა, ზომა, ქსოვილი და დახვევის სტილი უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ ტრადიციის გამოხატულებას — იგი იქცევა ინსტიტუციონალიზებული კოდის ნაწილად, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ინდივიდის ადგილი იმპერიის იერარქიულ სტრუქტურაში.
ოსმალურ იმპერიაში ტურბანთა მრავალფეროვნება არ იყო შემთხვევითი; თითოეული ფორმა და სტილი კონკრეტულ სოციალურ კატეგორიას შეესაბამებოდა — დაწყებული სულთნითა და სახელმწიფო მოხელეებით, გაგრძელებული სასულიერო პირებითა და სამხედრო ელიტით, და დამთავრებული ჩვეულებრივი მოსახლეობით.
ამგვარად, ოსმალურ იმპერიაში ტურბანი უნდა განვიხილოთ არა როგორც ერთგვაროვანი ფორმა, არამედ როგორც მორფოლოგიურად დიფერენცირებული და ნორმატიულად რეგულირებული სისტემა, რომლის მეშვეობითაც სოციალური იერარქია ხდებოდა ხილული, წაკითხვადი და სამართლებრივად გამაგრებული. ეს სისტემა ეყრდნობოდა როგორც ადათს (örf), ისე ნორმატიულ დადგენილებებს (kanun), ხოლო მისი აღსრულება ხდებოდა ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმებით (მაგ., muhtasib-ის ინსტიტუტი ოსმალურ იმპერიაში არსებობდა სპეციალური მოხელე — muhtasib მისი ფუნქცია იყო: ბაზარში და საზოგადოებრივ სივრცეებში წესრიგის დაცვა, ფასების კონტროლი და რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია — ჩაცმის წესების კონტროლიც, ანუ თუ ვინმე ატარებდა ტანსაცმელს (მაგ. ტურბანს), რომელიც მის სტატუსს არ შეესაბამებოდა, ეს უკვე წესის დარღვევა იყო), თავსაბურავი — განსაკუთრებით ტურბანი — ამ წესრიგში ფუნქციონირებდა როგორც სემიოტიკური მარკერი, რომელიც განსაზღვრავდა და გამოხატავდა ინდივიდის ადგილს იმპერიულ სხეულში.
ოსმალურ იმპერიაში „იმპერიული ტურბანი“ — kavuk — უნდა განვიხილოთ არა როგორც ტანსაცმლის რიგითი ელემენტი, არამედ როგორც მორფოლოგიურად კონსტრუირებული, მატერიალურად განსაზღვრული, ნორმატიულად რეგულირებული და შინაარსობრივად მრავალშრიანი ფორმა, რომელშიც ერთიანდება ძალაუფლების ვიზუალური, ეკონომიკური, რიტუალური და კოსმოლოგიური განზომილებები. kavuk სხეულზე აგებს ძალაუფლების არქიტექტურას და ამავე დროს ქმნის კოდს, რომლის მეშვეობითაც იკითხება იმპერიული იერარქია.
მისი კონსტრუქცია ეფუძნება შიდა ჩარჩოს — ქუდის ტიპის მყარ საფუძველს — რომლის გარშემოც მრავალფენად ეხვევა თხელი ქსოვილი (tülbent). ეს მრავალ შრიანი დახვევა არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი: ფენების რაოდენობა, დახვევის რიტმი (სიხშირე) და სიმჭიდროვე ქმნის მოცულობას, ხოლო მოცულობა — სტატუსის ვიზუალურ ინდექსს. შედეგად ყალიბდება ვერტიკალურად მიმართული სილუეტი, რომელიც სხეულს ზემოთ აგრძელებს და მმართველის ფიგურას სივრცეში ამაღლებს. სწორედ ამ მიზეზით kavuk შეიძლება გავიგოთ როგორც „პოლიტიკური არქიტექტურა“ — ფორმა, რომელიც სხეულზე კონსტრუირებს ძალაუფლებას.
ამ არქიტექტურაში ფერს აქვს არა ნაკლები მნიშვნელობა. სულთნის kavuk-ი დომინანტურად თეთრია, თუმცა ეს თეთრი უნდა გავიგოთ როგორც იდეოლოგიური და არა მხოლოდ ქრომატული (ანუ ფერის) კატეგორია. იგი ერთდროულად ასოცირდება სიწმინდესთან, საკრალურობასთან და დინასტიის ღირსებასთან, ხოლო ტურბანის თეთრი ქსოვილი, რომელიც სიმბოლურად სუდარას (kefen) უკავშირდებოდა, მმართველის მოკვდავობის შეხსენებად აღიქმებოდა. ამგვარად, kavuk-ის თეთრი აერთიანებს პარადოქსულ მნიშვნელობებს — აბსოლუტურ ძალაუფლებას და მის საზღვარს — და მმართველის ფიგურას ანიჭებს ერთდროულად საკრალურ და ისტორიულ განზომილებას.
kavuk-ის მნიშვნელობა ვერ გაიგება მისი მატერიალური საფუძვლის — ქსოვილის — გარეშე. ტურბანის გარე ფენები, როგორც წესი, მზადდებოდა მაღალი ხარისხის tülbent-ისგან — თხელი მუსლინის ტიპის ბამბის ან აბრეშუმის ქსოვილისგან, რომელიც გამოირჩეოდა სიმსუბუქითა და ელასტიკურობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბურსის აბრეშუმი, როგორც იმპერიული ტექსტილის ცენტრის პროდუქტი. ამასთანავე, იმპერიულ კონტექსტში გვხვდება მდიდრული ქსოვილებიც — kemha (ბროკადი -აბრეშუმის ქსოვილი ოქროსა და ვერცხლის ძაფებით, რელიეფური ორნამენტებით), seraser (მძიმე, მეტალის ძაფებით გაჯერებული ტექსტილი) და çatma (ხავერდოვანი ზედაპირი რელიეფური ორნამენტით). ქსოვილის ხარისხი და წარმოშობა პირდაპირ ასახავდა იმპერიის ეკონომიკურ ძალასა და სავაჭრო ხელოვნებას; ამდენად, მატერია აქ ფუნქციონირებს როგორც სტატუსის და რესურსის ნიშანი.
kavuk-ის სემიოტიკური კონსტრუქცია კულმინაციას აღწევს მის ზედა ნაწილში დამაგრებული ელემენტით — sorguç-ით. ეს ბუმბულოვანი ორნამენტი, რომელიც უმეტესად ჰერონის ბუმბულისგან მზადდებოდა, არ არის დეკორატიული დამატება; იგი ასრულებს ვერტიკალური ხაზის პიკის ფუნქციას. თუ თავად ტურბანი ქმნის მოცულობას და სტრუქტურას, sorguç ამ სტრუქტურას ანიჭებს მიმართულებას — აგრძელებს მას ზემოთ და ქმნის სიმბოლურ ღერძს, რომელიც მმართველის ფიგურას ზეციურ განზომილებასთან აკავშირებს. ჰერონის ბუმბული, თავისი წაგრძელებული, მსუბუქი და ელეგანტური ფორმით, ასოცირდება სიფხიზლესთან, შინაგან სიმშვიდესთან და კონცენტრირებულ სიბრძნესთან; ამით იგი ვიზუალურად გამოხატავს ძალაუფლებას, რომელიც არ არის ქაოტური, არამედ გაწონასწორებული და თვითკონტროლზე დაფუძნებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჰერონი რჩება იმპერიულ მთავარ ნორმატივად, ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება სხვა ფრინველთა ბუმბულიც, რაც დამატებით სიმბოლურ შრეებს ქმნის. ქორის ბუმბული უკავშირდება ძალას, სისწრაფესა და სამხედრო ავტორიტეტს; ფარშევანგის ბუმბული — დიდებულებას, სიუხვესა და იმპერიულ ბრწყინვალებას; სირაქლემის ბუმბული კი — მასშტაბსა და ვიზუალურ ეფექტს. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ეს ელემენტი ექვემდებარება ერთ საერთო ლოგიკას: sorguç არის ძალაუფლების ვერტიკალური კულმინაცია — წერტილი, სადაც ტურბანის არქიტექტურული ფორმა გადადის კოსმოლოგიურ მნიშვნელობაში.
ამგვარად, kavuk და sorguç ერთად შეიძლება აღვიქვათ როგორც ერთგვარი „axis mundi“ — სამყაროს ღერძი, რომელიც აერთიანებს მიწიერ და ზეციურ წესრიგს. ტურბანის ქვედა, ფენოვანი ნაწილი ასახავს სოციალურ იერარქიას, ხოლო მისი ზედა, ბუმბულოვანი წვერი (პიკი) მიუთითებს ტრანსცენდენტურ კავშირზე. ამ კონტექსტში მმართველი წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც კოსმოსური წესრიგის ნაწილიც.
kavuk-ის ტიპოლოგიაც ამავე იერარქიულ პრინციპს გამოხატავს. Selimi ფორმა გამოირჩევა მაღალი, ვიწრო და ელეგანტური სილუეტით, რაც ქმნის „ვერტიკალური სვეტის“ ეფექტს; mücevveze წარმოადგენს უფრო დაბალანსებულ და სტაბილურ კონსტრუქციას საშუალო სიმაღლით; ხოლო kallavi გამოირჩევა მასიურობითა და სიმაღლით, რაც ქმნის „კოშკის“ ვიზუალურ შთაბეჭდილებას და ასოცირდება უმაღლეს ძალაუფლებასთან. ეს განსხვავებები არ არის რადიკალური, არამედ ნიუანსური, რაც იერარქიას უფრო დახვეწილსა და წაკითხვადს ხდის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ kavuk არ არის სტატიკური ფორმა; იგი იცვლება რიტუალური კონტექსტის მიხედვით. პარასკევის ლოცვაზე (სულთნის ჯუმის ნამაზზე ცერემონიული გასვლა selamlık) სულთანი ატარებს შედარებით მოკრძალებულ და ნაკლებად დეკორირებულ ტურბანს, სადაც აქცენტი გადადის რელიგიურ ლეგიტიმაციაზე; დივანის აუდიენციებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე kavuk-ი უფრო მასიური და მკაფიოდ სტრუქტურირებულია, რაც ხაზს უსვამს სუვერენულ ძალაუფლებას; საზეიმო ცერემონიებზე კი იგი აღწევს დეკორატიულ კულმინაციას და გარდაიქმნება იმპერიული დიდებულების წარმოდგენად.
ამგვარად, kavuk უნდა გავიგოთ როგორც ინტეგრირებული სისტემა, სადაც ფორმა, ფერი, ქსოვილი და sorguç ერთიანდება ერთ სემიოტიკურ სტრუქტურად. იგი არ არის მხოლოდ თავსაბურავი; იგი არის ძალაუფლების მონუმენტურობა, ეკონომიკური რესურსის მატერიალიზაცია, რიტუალური ინსტრუმენტი და კოსმოლოგიური ნიშანი ერთდროულად — სადაც იერარქია ხდება ხილული, ძალაუფლება ლეგიტიმური და მმართველი ერთდროულად მიწიერი და ტრანსცენდენტური ფიგურა.
ოსმალური ტურბანი, განსაკუთრებით მისი იმპერიული ფორმა — kavuk — ევროპულ კულტურულ სივრცეში აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც ეგზოტიკური თავსაბურავი, არამედ როგორც „სხვისი სამყაროს“ სიმბოლო.
XVIII–XIX საუკუნეებში, ორიენტალიზმის დისკურსის ფარგლებში, ოსმალური სამოსი — და განსაკუთრებით ტურბანი — გადაიქცა ვიზუალურ კოდად, რომლის მეშვეობითაც დასავლეთი კონსტრუირებდა აღმოსავლეთს, როგორც განსხვავებულ, იდუმალ და ხშირად სტერეოტიპულად წარმოდგენილ სივრცეს.
ევროპელ მხატვრებში, როგორებიც იყვნენ: ჟან-ლეონ ჟერომი (Jean-Léon Gérôme), აჟენ დელაკრუა (Eugène Delacroix ) და ჟან-ოგუსტინ-დომინიკი ენგრი (Jean-Auguste-Dominique Ingres), ტურბანი ხშირად ჩნდება როგორც ვიზუალური აქცენტი, რომელიც პერსონაჟს ანიჭებს ეგზოტიკურობას და განსხვავებულობას.
თუმცა, ამ წარმოდგენებში ტურბანი კარგავს თავის ძირითად — ოსმალურ — მნიშვნელობებს. ის აღარ არის იერარქიული კოდის ნაწილი, არც ნორმატიულად რეგულირებული სისტემა; იგი იქცევა დეკორატიულ ელემენტად, რომელიც ემსახურება დასავლური თვალის მიერ „აღმოსავლეთის“ ესთეტიზაციას.
ამგვარად, თუ ოსმალურ კონტექსტში kavuk წარმოადგენს სემიოტიკურ სისტემას, რომელიც აკონფიგურირებს სოციალურ წესრიგს, ევროპულ წარმოდგენებში იგი დეგრადირდება სიმბოლოდ, რომელიც გამოხატავს არა რეალურ იერარქიას, არამედ დასავლური ფანტაზიის მიერ შექმნილ „სხვას“.
ეს დისკურსი განსაკუთრებით კარგად აიხსნება ედვარდ საიდი-ის ორიენტალიზმის თეორიით, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთი დასავლეთის მიერ კონსტრუირებული კულტურული კატეგორიაა და არა ობიექტურად აღწერილი რეალობა.
ამ პერსპექტივიდან, ტურბანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი:
ოსმალურ სივრცეში — როგორც ძალაუფლების, იერარქიისა და კოსმოლოგიური წესრიგის ნიშანი და დასავლურ დისკურსში — როგორც ეგზოტიკური, დეკორატიული და ხშირად დისტანცირებული „სხვა“
ოსმალურ იმპერიაში ვეზირებისა და ფაშების ტურბანები იმავე სისტემის ნაწილი იყო, რასაც სულთნის kavuk, თუმცა მათში ეს სისტემა უფრო ზომიერ და დაბალანსებულ ფორმას იღებს.
კონსტრუქციის თვალსაზრისით, მათი ტურბანიც აგებულია შიდა ჩარჩოზე და გარშემო დახვეული ქსოვილის ფენებზე (tülbent), მაგრამ განსხვავება პირველ რიგში ჩანს ზომასა და პროპორციებში. ვეზირების ტურბანები ნაკლებად მაღალი და შედარებით ნაკლებად მასიურია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი ძალაუფლების მატარებლები არიან, თუმცა არა მისი სათავე.
მათ ტურბანებში ფერის გამოყენება არ იყო სრულიად თავისუფალი, თუმცა არც მკაცრად კოდირებული ფერების ექსკლუზიური სისტემა არსებობდა.დომინანტურად გამოიყენებოდა თეთრი, რომელიც აღიქმებოდა როგორც სახელმწიფო სამსახურის, წესრიგისა და ლეგიტიმური სტატუსის ნიშანი. ამასთან, ადმინისტრაციული ელიტა ზოგადად თავს არიდებდა მკვეთრ და თვალშისაცემ ფერებს ტურბანში, რადგან ასეთი ვიზუალური გამორჩეულობა ასოცირდებოდა ან სხვა სოციალურ ჯგუფებთან, ან არასათანადო დეკორატიულობასთან.
არსებობდა გარკვეული ზღვარი: ზედმეტად მდიდრული დეკორაცია (მაგ. მასიური sorguç) — არ შეეფერებოდა ვეზირებს. ფორმისა და მოცულობის გადაჭარბება — შეიძლებოდა აღქმულიყო იერარქიული წესრიგის დარღვევად. ამგვარად, შეზღუდვა უფრო ეხებოდა ზომას, ფორმას და დეკორაციას, ვიდრე კონკრეტულად ფერთა აკრძალვას.
შესაბამისად, ვეზირების ტურბანი უნდა გავიგოთ როგორც ზომიერი და ნორმატიული ფორმა, სადაც ფერი — ძირითადად თეთრი — ფუნქციონირებს როგორც ადმინისტრაციული სტატუსის მაჩვენებელი, ხოლო ვიზუალური ნორმატიულობა — როგორც იერარქიული წესრიგის პატივისცემა.
ქსოვილი კვლავ მაღალი ხარისხისაა — ბამბის ან აბრეშუმის tülbent, თუმცა აქ ნაკლებად ხდება მდიდრული ტექსტილების დემონსტრირება. ანუ, განსხვავებით სულთნისგან, სადაც ტურბანი თვითონვე არის ძალაუფლების წარმოჩენა. ვეზირების შემთხვევაში აქცენტი უფრო გადადის მთლიან სამოსზე (კაფტანზე), ხოლო ტურბანი რჩება უფრო რანგის მაჩვენებლად.
რაც შეეხება sorguç-ს (ბუმბულს), ვეზირებთან იგი იშვიათად გვხვდება ან ბევრად უფრო მოკრძალებული ფორმით. თუ სულთნის ტურბანში იგი აჩვენებს ძალაუფლების „პიკს“, აქ იგი ან საერთოდ არ არის, ან მხოლოდ მცირე დეკორატიული ფუნქცია აქვს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იერარქიულ განსხვავებას.
ფორმების მხრივ, ადმინისტრაციულ ელიტაში გვხვდება შედარებით დაბალანსებული ტიპები, მაგალითად mücevveze, რომელიც გამოირჩევა საშუალო სიმაღლით და სტაბილური ფორმით. იგი ვიზუალურად არც ძალიან მაღალია და არც მასიური — რაც კარგად შეესაბამება ადმინისტრაციული ძალაუფლების ბუნებას: ორგანიზებულს, სტრუქტურულს და კონტროლირებულს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურბანებში განსხვავება ხშირად ძალიან ნიუანსურია — ფენების სიხშირე, დახვევის ფორმა ან ზომა. სწორედ ამ მცირე დეტალებით იკითხებოდა, ვინ იყო დიდი ვეზირი და ვინ — უფრო დაბალი რანგის მოხელე.
რიტუალურ კონტექსტშიც ტურბანი იცვლებოდა. ოფიციალურ შეხვედრებზე იგი უფრო მკაცრად ფორმირებული იყო, ხოლო ყოველდღიურ ან ყოფით გარემოში შეიძლებოდა უფრო მარტივი ვერსიაც გამოყენებულიყო.
ამრიგად, ვეზირებისა და ფაშების ტურბანი უნდა გავიგოთ როგორც იერარქიის მკაფიო, მაგრამ ზომიერი გამოხატულება. იგი არ ცდილობს ძალაუფლების მაქსიმალურ წარმოჩენას, როგორც სულთნის შემთხვევაში, არამედ აჩვენებს სისტემაში დაკავებულ ადგილს — რამდენად ახლოს დგას ადამიანი ძალაუფლების ცენტრთან.
ოსმალურ იმპერიაში სასულიერო სფერო — ულემა (მუფთები, ყადები, მედრესის სწავლულები) და სუფიური ორდენები (თარიქათები) — ქმნიდა თავსაბურავის ისეთ სისტემას, სადაც ფორმა, ფერი და სტრუქტურა არა მხოლოდ გარეგნულ იდენტობას, არამედ სულიერ ავტორიტეტსა და რელიგიურ სტატუსს გამოხატავდა.
ულემას ტურბანი, როგორც წესი, ეფუძნებოდა ქუდის ტიპის საფუძველს (qalansuwa ფეტრისგან ან ტყავისგან დამზადებული ქუდი), რომლის გარშემოც ეხვეოდა თხელი ქსოვილი და ყალიბდებოდა ჰარმონიული, შედარებით დიდი, მაგრამ დაბალანსებული ფორმა. ეს ფორმა განსხვავდება იმპერიული kavuk-ისგან — იგი არ ცდილობს სივრცეში დომინირებას, არამედ გამოხატავს სიმყარეს, ზომიერებას და მაღალ სულიერებას.
აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თეთრ ფერს. ულემას შემთხვევაში თეთრი არ არის უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი — იგი წარმოადგენს სიწმინდის, რელიგიური ცოდნისა და სამართლებრივი ნდობის ნიშანს. თეთრი ტურბანი მიუთითებს, რომ მისი მატარებელი ფლობს შარიათის ცოდნას და აქვს მისი ინტერპრეტაციის ლეგიტიმური უფლება. შესაბამისად, თეთრი ფუნქციონირებს როგორც ნორმატიული ნიშანი სულიერი ავტორიტეტისა.
ამასთან ერთად, ოსმალურ რელიგიურ სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მწვანე ფერს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სიმბოლური კატეგორიაა ისლამში.
მწვანე ტრადიციულად ასოცირდება წინასწარმეტყველ მუჰამედთან და მის ოჯახთან. გადმოცემების მიხედვით, ეს ფერი დაკავშირებულია წინასწარმეტყველის გარემოსთან და მისადმი პატივისცემის სიმბოლოს წარმოადგენს.
ამასთანავე, ყურანში სამოთხე ხშირად აღწერილია როგორც მწვანე ბაღებითა და სიმწვანით სავსე ალაგს, რაც მწვანეს ანიჭებს სიცოცხლის, განახლებისა და ღვთიური წყალობის მნიშვნელობას. ამ ორი ხაზის — წინასწარმეტყველთან კავშირის და სამოთხის სიმბოლიკის — შერწყმით, მწვანე ფერი იქცა განსაკუთრებული საკრალური შინაარსის მატარებლად.
სწორედ ამ კონტექსტში, მწვანე ტურბანის ტარება უკავშირდებოდა სეიიდებს — იმ პირებს, რომლებიც მიიჩნეოდნენ წინასწარმეტყველის შთამომავლებად.( სეიიდი → კონკრეტულად წინასწარმეტყველის შთამომავლობაა ფატიმასა და ალის ხაზით, ხოლო ალიდი - ალიის საგვარეულოს ფართო ცნება, ანუ ყველა სეიდი ალიდია და ყველა ალიდი სეიდი არაა. ამ სტატუსს ოსმალურ იმპერიაში ჰქონდა არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ინსტიტუციური ლეგიტიმურობა. სეიიდების წარმომავლობას ამოწმებდა და არეგულირებდა სპეციალური ადმინისტრაციულ-რელიგიური ინსტიტუტი — nakibü'l-eşraf, (ნაქიბ ალ აშრაფი), რომელიც პასუხისმგებელი იყო წინასწარმეტყველის შთამომავლების რეესტრის წარმოებასა და მათი სტატუსის ოფიციალურ დადასტურებაზე. ეს ნიშნავდა, რომ სეიიდობა არ იყო მხოლოდ თვითიდენტიფიკაცია; იგი საჭიროებდა ოფიციალურ აღიარებას, რაც უზრუნველყოფდა ამ ჯგუფის განსაკუთრებული პოზიციის ლეგიტიმაციას ოსმალურ საზოგადოებაში.
აქ მწვანე ფუნქციონირებს, როგორც გენეალოგიური ნიშანი, საკრალური კუთვნილების მაჩვენებელი და რელიგიური პრესტიჟის სიმბოლო და მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ტურბანი არ იყო თავისუფლად ყველა მოკვდავისათვის გამოყენებადი — იგი მკაფიოდ ასოცირდებოდა კონკრეტულ ჯგუფთან და ამით ინარჩუნებდა თავის სიმბოლურ ძალას.
ულემების ტურბანებში თითქმის არ გვხვდება დეკორატიული ელემენტები, როგორიცაა sorguç. ეს პრინციპული განსხვავებაა იმპერიული ტურბანისგან: აქ ავტორიტეტი არ არის გამოხატული ბრწყინვალებით ან მასშტაბით, არამედ ცოდნითა და სიწმინდით.
სრულიად განსხვავებულ, თუმცა ასევე სიღრმისეულად სიმბოლურ ფორმებს ვხვდებით სუფიურ ორდენებში. თითოეულ თარიქათს ჰქონდა საკუთარი თავსაბურავი, რომელიც გამოხატავდა არა სოციალურ სტატუსს, არამედ სულიერ გზას და შინაგან ტრანსფორმაციას.
მაგალითად, მევლევი ორდენის წევრები ატარებდნენ მაღალ ცილინდრულ ქუდს — sikke-ს რომელიც სიმბოლურად განიმარტებოდა როგორც „ეგოს საფლავი“, ანუ ადამიანის ძველი, მიწიერი იდენტობის დატოვება სულიერი განახლებისთვის.
ბექტაშების ორდენში თავსაბურავი (taj) ხშირად მრავალნაწილიანი იყო და მიუთითებდა სულიერი იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე. ქსოვილის ეს ნაწილები, შრეები აღნიშნავდნენ სულიერი საფეხურებს, გზის ეტაპებს (მაქამებს). ზოგიერთ ფორმაში გვხვდება: 4 ნაწილი → შარიათი, თარიქათი, მაარიფათი, ჰაქიქათი
ან 12 ნაწილი → თორმეტი იმამის სიმბოლიკა (შიიტური გავლენაა). შეიძლება ითქვას, რომ ბექთაშური თაჯი არის სულიერი გზის სიმბოლური რუკა.
სხვა სუფიურ ორდენებშიც თავსაბურავის ფორმა, ფერი და სტრუქტურა ასახავდა მურიდის სულიერ მდგომარეობას და მის ადგილს ორდენის შიდა სისტემაში. სუფიურ ტრადიციაში მიურიდი (არაბ. murīd — „მსურველი“, „მაძიებელი“) არის ადამიანი, რომელიც სულიერ გზას ადგება და მიჰყვება შეიხს (murshid).
მისი თავსაბურავი, როგორც წესი, ბევრად უფრო მარტივი და ნაკლებად დეკორირებული იყო, ვიდრე ორდენის მაღალი რანგის წევრებისა. ფორმა დამოკიდებული იყო კონკრეტულ თარიქათზე, თუმცა საერთო პრინციპი ყველგან ერთია:
ამგვარად, ოსმალურ იმპერიაში თავსაბურავი სამ განსხვავებულ ფუნქციას იძენს: იმპერიულ დონეზე — ძალაუფლების კულმინაციაა. ადმინისტრაციულ დონეზე — იერარქიის გამოხატულება და სასულიერო დონეზე — სულიერი ავტორიტეტისა და რელიგიური კუთვნილების ნიშანი.
და ბოლოს, ოსმალეთის იმპერიაში იანიჩართა კორპუსი (Yeniçeri Ocağı) წარმოადგენდა არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ მკაცრად ორგანიზებულ და სიმბოლურად კოდირებულ ინსტიტუციას, სადაც თავსაბურავს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
იანიჩართა მთავარი თავსაბურავი იყო börk — თეთრი ფერის, მაღალი, თექის ტიპის ქუდი, რომელიც ვიზუალურად მკვეთრად განსხვავდებოდა როგორც იმპერიული kavuk-ისგან, ისე ულემას ტურბანებისგან.
მისი ყველაზე თვალშისაცემი ელემენტი იყო უკანა ნაწილში ჩამოშვებული გრძელი ქსოვილი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, სიმბოლურად უკავშირდებოდა ბექთაშური ორდენის დამფუძნებლის, ჰაჯი ბექთაშ ველის ხელის სახელოს. (ინიციაციის, კურთხევის, ორდენში მირების, მფარველობის სიმბოლო)
ეს კავშირი შემთხვევითი არ ყოფილა. იანიჩართა კორპუსი სულიერად ასოცირდებოდა ბექთაშის თარიქათთან, რის გამოც მათი თავსაბურავი ატარებდა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სუფიურ-სიმბოლურ მნიშვნელობასაც.
თეთრი ფერი აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა განსხვავებული შინაარსით: არა იმპერიული საკრალურობა, არა სასულიერო ავტორიტეტი, არამედ კოლექტიური სამხედრო წესრიგი , დისციპლინა და ერთიანობა.
როგორც აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ იანიჩართა börk-ის დომინანტური ფერი თეთრი იყო, ოსმალურ სამხედრო კულტურაში გვხვდება სხვა ფერთა ელემენტებიც, განსაკუთრებით წითელი და შავი, რომლებიც დამატებით სიმბოლურ დატვირთვას ატარებდნენ.
წითელი ფერი ოსმალურ სამხედრო სივრცეში ხშირად ასოცირდებოდა: ძალასთან, ენერგიასთან, სამხედრო ღირსებასთან და დინამიკურობასთან; ამიტომ იგი ჩნდება როგორც აქცენტური ფერი სამხედრო სამოსსა და ზოგიერთ თავსაბურავში. შავი ფერი, თავის მხრივ, უფრო მეტად უკავშირდებოდა სიმკაცრეს, დისციპლინასა და პრაქტიკულ ფუნქციას. იგი ნაკლებად ატარებდა იმ საკრალურ ან საზეიმო მნიშვნელობას, რაც თეთრს ჰქონდა, თუმცა ქმნიდა სიმძიმისა და სამხედრო ორგანიზებულობის ვიზუალურ ეფექტს. მიუხედავად ამისა, იანიჩართა კორპუსის ძირითად სიმბოლურ ფერად მაინც თეთრი რჩებოდა, რადგან სწორედ იგი ყველაზე მკაფიოდ გამოხატავდა კორპუსის ერთიანობას, წესრიგსა და ბექთაშურ-სულიერ კავშირს.
ამგვარად, იანიჩართა თავსაბურავი წარმოადგენს სამხედრო ძალაუფლების სპეციფიკურ ვიზუალურ ფორმას, სადაც დისციპლინა, რელიგიური კავშირი და კოლექტიური იდენტობა ერთიანდება. ოსმალურ სამყაროში თავსაბურავი იქცა ერთგვარ „სოციალურ ენად“, რომლის მეშვეობითაც გამოიხატებოდა პოლიტიკური, რელიგიური და სამხედრო იდენტობები.
ფორმა, ფერი, ქსოვილი და დეკორატიული ელემენტები ერთიანდებოდა საერთო სემიოტიკურ სისტემაში, სადაც თითოეული დეტალი განსაზღვრავდა ადამიანის ადგილს იმპერიის იერარქიულ, რელიგიურ და კოსმოლოგიურ წესრიგში.
ამ კონტექსტში, ტურბანი აღარ წარმოადგენს მხოლოდ სამოსის ნაწილს — იგი იქცევა კულტურულ ტექსტად, რომლის „წაკითხვაც“ შესაძლებელი იყო ერთი შეხედვით.
| უკან |
