სემინარები

2026 წლის 22 მაისს 12:00 საათზე N48 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი თამაზ ფუტკარაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: მებრძოლ უღმერთოთა კავშირი საარქივო დოკუმენტებში

თამაზ ფუტკარაძე

მებრძოლ უღმერთოთა კავშირი საარქივო დოკუმენტებში

აბსტრაქტი

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ ისტორიოგრაფიაში შეიქმნა ვაკუუმი რელიგიური პროცესების ობიექტური შეფასების თვალსაზრისით. კომუნისტური რეჟიმის პირობებში რელიგია განიხილებოდა წარსულის „მავნე გადმონაშთად“, რაც ხელს უშლიდა რეალური სურათის დანახვას. ბათუმი, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობითა და „პორტო-ფრანკოს“ სტატუსით, ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც მულტიკულტურული და მულტიკონფესიური ცენტრი, სადაც ჰარმონიულად თანაარსებობდა ისლამი, მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და იუდაიზმი. აჭარის საარქივო სამმართველოს ფონდებში დაცული მასალების (ფონდი რ-260) საფუძველზე ნაჩვენებია საბჭოთა ანტირელიგიური მანქანის მუშაობის სპეციფიკა, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და ის სოციალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო, რომელიც 1930-იანი წლების „დიდი ტერორის“ პერიოდში სუფევდა რეგიონში.

ნაშრომში ბათუმის ისტორიული ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის ფონზე განხილულია საბჭოთა პერიოდის ანტირელიგიური პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები 1930-1940-იანი წლების აჭარაში.  მასში განხილულია „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ (მუკი) საქმიანობა, როგორც რეპრესიული და იდეოლოგიური აპარატის ნაწილი. აჭარის სახელმწიფო არქივის მასალებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია ათეიზმის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, საარქივო დოკუმენტებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები, სამლოცველოების დახურვის ტენდენციები და მოსახლეობის შინაგანი წინააღმდეგობა ტოტალიტარული სისტემისადმი.

კვლევა ეფუძნება ისტორიულ წყაროების და  დოკუმენტების ანალიზის მეთოდს. გამოყენებულია აჭარის საარქივო სამმართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული საქმეები (ფონდი N260, ი-977), სხდომის ოქმები, ფინანსური უწყისები და ლექტორ-პროპაგანდისტების ანკეტები. კვლევისას გამოყენებულია ინტერდისციპლინური მიდგომა, რაც საშუალებას იძლევა მოვლენები განხილულ იქნას როგორც პოლიტიკურ, ისე ეთნო-ფსიქოლოგიურ ჭრილში.

საარქივო მასალების ანალიზის შედეგად  დადგინდა, რომ ათეიზმი არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური მოძრაობა. იგი იყო კარგად დაფინანსებული სახელმწიფო იერარქიული სისტემა. მუკ-ის წევრები იღებდნენ ყოველთვიურ ხელფასს, ხოლო ორგანიზაციები შექმნილი იყო ყველა სტრატეგიულ ობიექტზე (აწჰესი, ჩაის ფაბრიკები, სკოლები). დადგინდა აგრეთვე  1937 წლისთვის ბათუმში მოქმედი მუკ-ის უჯრედებისა (64 უჯრედი) და წევრების (4000 წევრი) რაოდენობა; სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები („სოციალისტური შეჯიბრების“ პარადოქსული გამოყენება ანტირელიგიურ საქმიანობაში,  საიდუმლო კომისიების არსებობა „ხალხის მტრების“ გამოსავლენად); კულტურული ნგრევა (209 მეჩეთიდან 95 დაიხურა, ხოლო მრავალი საკულტო ნაგებობა (სინაგოგა, ეკლესიები) გადაკეთდა სპორტულ დარბაზებად და კლუბებად) და ა. შ.  რეპრესიების მიუხედავად, მოსახლეობა (მათ შორის კომკავშირელები და ინტელიგენცია) ფარულად აგრძელებდა რელიგიური რიტუალების (ნათლობა, ბაირამი) შესრულებას.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა