აბსტრაქტი
სამაზრო ერობების ორგანიზების ეტაპის დასრულებისთანავე სიმძიმის ცენტრმა მთავარ, საბაზისო დონეზე-სოფლებში გადაინაცვლა და „წვრილი საერობო ერთეულის“ - თემის „გამოჭრაც“ დიდი პოლიტიკური საკითხი გახდა. მუშაობის პირველსავე ეტაპზე ყველა სამაზრო ერობამ და სოფლის საზოგადოებამ ცალ-ცაკე დაიწყეს ერობის წვრილი ერთეულის საზღვრების „გამოჭრა“, რასაც ცენტრალური ხელისუფლება უკმაყოფილებით შეხვდა.
საქართველოს რესპუბლიკის მაზრებში თემების მოწყობა რეალურად 1919 წლის პირველ თვეებში დაიწყო. პრესაში მაშინვე გამოეხმაურნენ პროცესს საქმიანი კრიტიკით-კერძოდ, თუ როგორ უნდა დაკომპლექტებულიყო თემის აღმასრულებელი ორგანო. კრიტიკის სამიზნე გახდა „აღმასრულებელი კოლეგია“ - თემის თავმჯდომარის და მისი ორი ამხანაგის სისტემა, რომელიც ძალიან ძვირადღირებულად მიიჩნიეს „წვრილი ერთეულის“ ბიუჯეტისათვის და რეკომენდაციას აძლევდნენ თემებს, რომ ერთი პირისაგან შემდგარი აღმასრულებელი ორგანო საკმარისი იქნებოდა“.
საქართველოს რესპუბლიკის სამაზრო ერობების წარმომადგენელთა პირველ ყრილობაზე ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხში-დელეგატთა ნაწილი მოითხოვდა, რომ წვრილი ერთეულის-„თემის“ საზღვრები არსებულ „სოფლის საზოგადოებებს“ უნდა დამთხვეოდა და სოფლის მოსახლეობა უკვე ჩამოყალიბებული და ჩვეული სასოფლო ცენტრების სერვისების კომპლექტის-სკოლის, სოფლის კანცელარიის, ბიბლიოთეკის, კოოპერატივისა და ფოსტის გარშემო ყოფილიყო მობილიზებული. ოპონენტები მიუთითებდნენ, რომ თემის ასე უკიდურესად დანაწილება და დაპატარავება ხარჯიანობის გამო არ იყო რაციონალური. ძალზე წვრილი საზოგადოება ვერ შეძლებდა დამოუკიდებელი ბიუჯეტის გაძღოლას და ამავე დროს, ადგილობრივი „ინტელიგენტური ძალების“. უკიდურეს შემთხვევაში წერა-კითხვის მცოდნე მოქალაქეების სიმცირეც იყო გასათვალისწინებელი. ამიტომ „თემი“ ეკონომიკურად დაკავშირებული ზონის ფარგლებში უნდა მოწყობილიყო რამდენიმე სოფლის საზოგადოების გაერთიანებით და მათ ცენტრად ბუნებრივი-უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული და ეკონომიკური ცენტრალური პუნქტი უნდა გამხდარიყო. წარმომადგენელთა ყრილობამ სცადა ორთავე პოზიციის შეჯერება და დაბალანსირებული რეზოლუცია მიიღო: ,,წვრილი საერებო ერთეულის შესახებ’’
1. ყრილობა აღიარებს, რომ წვრილ ერთეულების გამოჭრის დროს ერობები უმთავრესად უნდა ხელმძღვანელობდნენ ადგილობრივ პირობების მიხედვით.
2. წვრილი ერთეულის ძირითად ორგანიზაციად მიღებულ უნდა იქმნას არსებული საზოგადოებანი, მხოლოდ, თუ ზემოდ აღნიშნული ადგილობრივი პირობების მიხედვით მიზან შეწონილება მოითხოვს, ზოგიერთ საზოგადოებათა შეერთება და გადამიჯვნა დასაშვებია“.
თუმცა მეორე ყრილობამდე განვითარებულმა პროცესმა აჩვენა, რომ რეზოლუციის პრინციპები ოქმის ქაღალდზევე დარჩა. პრაქტიკაში კი პროცესი ძველებურად, უსისტემოდ და ადგილობრივი ხასიათის გათვალისწინებით გაგრძელდა.
ყრილობის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებული მწვავე დისკუსია გამოიწვია გურიის სამაზრო ერობის მოქმედებამ, რომელიც პირველ ყრილობაზეც ახალი მოდგმის მომხრე იყო და მალევე, 1919 წლის ზაფხულის დამლევს უკვე გადამიჯნა და მოაწყო გამსხვილებული თემები. ერობათა მოღვაწეების ნაწილი და პრესა უკმაყოფილებით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. მათი მტკიცებით, ეს დაარღვევდა სოფლად უკვე ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ცენტრალური ორგანიზმებს, გაურთულდებოდა მოსახლეობას სათემო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობას და ცხოვრების საჭიროება მაინც იძულებულს გახდიდა ერობას, თემი კიდევ რაიონებად დაეყო და საწყის ნიშნულს დაბრუნებოდა, რაც ზოგად არევ-დარევას და ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევდა. კრიტიკოსები ითვალისწინებდნენ, რომ საქართველოს რეგიონების ეთნოგრაფიული თავისებურებების და ბუნებრივი პირობების გამო ერთიანი სტანდარტის დანგრევა ფაქტობრივად გამორიცხული იყო, მაგრამ ისინი ურჩევდნენ ერობებს, რომ მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ თემის დაახლოება სასოფლო საზოგადოების საზღვრებთან და გამონაკლის შემთხვევაში ამ ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებით ემოქმედათ. ამ მხრივ საინტერესო გაანგარიშება დაიბეჭდა მთავარ საერებო ჟურნალში, რომელიც ძველი სასოფლო-სამეურნეო აღწერების სტატისტიკურ ბაზაზე დაყრდნობით აკეთებდა პროგნოზს, თუ რა მდგომარეობა შეიძლება შექმნილიყო რესპუბლიკაში, თუ წვრილი ერთეულის ფარგლებს „სასოფლო საზოგადოებებს“ დაამთხვევდნენ. მხოლოდ 16 მაზრის (აფხაზეთის ოლქის გამოკლებით) ანგარიშით, თუ სოფლის საზოგადებები ჩაითვლებოდნენ „წვრილ ერთეულად“ რესპუბლიკაში, სადაც359 სასოფლო საზოგადოება იყო, თემის თავმჯდომარის და გამგეობის წევრთა ჯამური რიცხვი 1 077-მდე იქნებოდა, ხოლო სათემო საბჭოს ხმოსანთა რიცხვს შეიძლება 8 975-თვის მიეღწია, რაც ასტრონომიულ ციფრად ჩანდა შესაბამისი ბიუჯეტის გასაწერად.
საქართველოს ერობათა წარმომადგენლების მეორე ყრილობამ ცენტრის შესახებ კამათის ფონზე დიდწილად ყურადღების გარეშე დატოვა თემის საკითხი, თუმცა ყრილობის დასრულების შემდეგ მალევე ამ პრობლემამ მთლიანად დაიკავა საერებო საკითხებზე სადისკუსიო სივრცე.
| უკან |
