პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური და სტატისტიკური ანალიზი
პოლიტიკა, ენა და ძალაუფლება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფენომენებია, რომელთა ურთიერთქმედება განსაზღვრავს როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, ისე ძალაუფლების რეალიზაციის ფორმებს. ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში სტილი და რიტორიკა ზემოქმედების მთავარ საშუალებად მიიჩნეოდა; სიტყვა ხშირად უფრო ძლიერ იარაღად აღიქმებოდა, ვიდრე უშუალო მოქმედება, სწორედ ამიტომ რიტორიკა ხშირად „არჩევნების“ ფუნქციასაც კი ასრულებდა. ამ კონტექსტში არისტოტელეს ცნობილი მოსაზრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: „აზრის კარგად გამოთქმის ცოდნა განსაკუთრებით ცუდად მოწყობილ სახელმწიფოშია საჭირო, სადაც იმარჯვებენ არა ისინი, ვის მხარეზეც სიმართლეა, არამედ ისინი, ვინც კარგი ლაპარაკი იციან“. ეს ხედვა თანამედროვე რეალობაშიც აქტუალურია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პოლიტიკური კომუნიკაცია ხშირად ემოციურ და მანიპულაციურ ხერხებზეა დაფუძნებული.
თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში ენა აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება; იგი მიზანმიმართული ინსტრუმენტია, რომელიც კონკრეტული პრაგმატიკული ამოცანების შესრულებას ემსახურება. პოლიტიკოსები დიდ ყურადღებას უთმობენ მანიპულაციის ენობრივ საშუალებებს, ისინი მიზნის მისაღწევად იყენებენ როგორც რაციონალურ არგუმენტაციას, ისე ირაციონალურ სტრატეგიებს, მათ შორის დარწმუნებას, მუქარას, მანიპულაციასა და სხვა გავლენის მექანიზმებს. ამგვარად, პოლიტიკური ენა იქცევა არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ძალაუფლების განხორციელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
პოლიტიკური დისკურსი, რომელსაც სხვადასხვა სახელითაც მოიხსენიებენ (საზოგადოებრივ-პოლიტიკური მეტყველება, აგიტაციური მეტყველება, საზოგადოებრივი აზრის ენა), პირველ რიგში მიმართულია საზოგადოებრივი აზრის მართვისკენ. მისი ძირითადი მიზანია ხალხის მიმხრობა, მათი პოზიციების შეცვლა და სასურველი დამოკიდებულებების ფორმირება. წარმატებას აღწევს ის პოლიტიკოსი, რომელიც უკეთ ფლობს კომუნიკაციის სტრატეგიებსა და ტაქტიკას. ამ პროცესში დარწმუნება განიხილება, როგორც ძალადობის შედარებით რბილი ფორმა: საზოგადოებაში დომინანტი ჯგუფები ახერხებენ, რომ საკუთარი ღირებულებები და იდეები ბუნებრივად, თითქოს დაუძალებლად გაავრცელონ. შედეგად, ძალაუფლება ხშირად ხორციელდება არა პირდაპირი იძულებით, არამედ რუტინული, ყოველდღიური დისკურსის საშუალებით.
დისკურსის მეშვეობით ძალაუფლების განხორციელება სხვადასხვა გზით ხდება. ერთი მხრივ, არსებობს პირდაპირი კონტროლი (ბრძანებები, კანონები, რეგულაციები); მეორე მხრივ, დარწმუნების დისკურსი: რეკლამა და პროპაგანდა, რომელიც რიტორიკული ხერხებით მოქმედებს. ასევე მნიშვნელოვანია მომავლის მოდელირება: გეგმები, სცენარები, პროგნოზები და ნარატივი, რომელიც კულტურულ პროდუქტებში (რომანი, ფილმი) იკვეთება. ამგვარად, ენა ხდება სოციალური რეალობის კონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.
ქართული პოლიტიკური დისკურსის ანალიზი აჩვენებს, რომ განსაკუთრებულ როლს ასრულებს სტილისტიკური ხერხები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია გამეორება. მეორდება მეტყველების სხვადასხვა ნაწილი: რიცხვითი სახელებით, ზედსართავები, ნაცვალსახელები, ზმნები. მაგალითად, „ჩვენი“ ნაცვალსახელის ხშირი გამოყენება ქმნის ერთობისა და კოლექტიური იდენტობის განცდას, ხოლო ზმნის გამეორება აძლიერებს მოქმედების დინამიკას და ემოციურ ეფექტს.
გრადაცია და პარალელიზმი კიდევ უფრო აძლიერებს დისკურსის ზემოქმედებით ძალას. გრადაცია ქმნის დაძაბულობის ზრდის ეფექტს, რაც ხშირად გამოიყენება კრიზისის ან საფრთხის ხაზგასასმელად, ხოლო პარალელიზმი ტექსტს რიტმულობასა და ლოგიკურ სტრუქტურას სძენს. ამავე დროს, მეტაფორები როგორც „მიძინებული“, ისე „ცოცხალი,“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკურ მეტყველებაში. მაგალითად, პოლიტიკა ხშირად აღიქმება, როგორც „ბრძოლა“, „შეჯიბრი“ ან „მატარებელი“, რაც რეალობის სიმბოლურ გააზრებას უწყობს ხელს და მსმენელზე ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს.
თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში თვალსაჩინოა აგრესიული და პეჟორატიული ლექსიკის გამოყენებაც. ეპითეტები, შეურაცხმყოფელი მეტსახელები, კოლექტიური იარლიყები („კოლექტიური ჯაყო“, „ბაყბაყდევი“ და სხვ.) ქმნის პოლარიზებულ გარემოს, სადაც ოპონენტის არგუმენტაციის ნაცვლად ხშირად დისკრედიტაცია გამოიყენება. ასეთ პირობებში დისკურსი ნაკლებად ემსახურება რაციონალურ განხილვას და უფრო მეტად ემოციური მობილიზაციისა და კონფლიქტის გაღრმავებას.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჯ. ოსტინის თეორიაც, რომლის მიხედვით ენა მხოლოდ აღწერა არ არის; იგი მოქმედებაა. ლოკუციური, ილოკუციური და პერლოკუციური აქტები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სიტყვებით არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ ქმედებების განხორციელება და შედეგების მიღწევა — მაგალითად, დარწმუნება ან დაშინება. სწორედ ამიტომ რიტორიკული შეკითხვები, ირონია და ფრაზეოლოგიზმები აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური გზავნილების გასაძლიერებლად.
ლინგვოკულტუროლოგიურთან ერთად საჭიროა სტატისტიკური ანალიზიც, რომელიც დამატებით გვაძლევს საშუალებას, რაოდენობრივად შევაფასოთ ეს პროცესები. ლექსიკური სიმჭიდროვე, სიტყვათა სიხშირე, მეტაფორულობის ხარისხი და სიძულვილის ენა და სხვა პარამეტრები გვიჩვენებს, თუ როგორია კონკრეტული პოლიტიკოსის ენობრივი პროფილი.
ამრიგად, ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველება ხასიათდება მაღალი ექსპრესიულობით, აგრესიულობითა და მძაფრი პოლარიზაციით. სტილისტიკური ხერხების აქტიური გამოყენება, მეტაფორულობა და ემოციური ზემოქმედება ხშირად ცვლის დიპლომატიურ და გაწონასწორებულ კომუნიკაციას. შედეგად, პოლიტიკური დისკურსი იქცევა არა მხოლოდ აზრთა გაცვლის, არამედ ბრძოლის სივრცედ, სადაც მთავარი მიზანი ხშირად არა სიმართლის დადგენა, არამედ გავლენის მოპოვებაა.
| უკან |
