ა ნ ო ტ ა ც ი ა
მოდერნისტული ესთეტიკური აზროვნების ძირითადი პარადიგმები, ერთი მხრივ, აქტიურად მონაწილეობენ დისკურსში თანამედროვე ხელოვნების პარადოქსალური პრინციპების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ - წარმოგვიდგენენ მოდერნული მხატვრულ-შემოქმედებითი სამყაროს ანალიზს გარკვეული თეორიული კონცეპტების სახით.
ინგლისელი ხელოვნების ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და პოეტი, თანამედროვე ხელოვნებათა ინსტიტუტის თანა-დამფუძნებელი სერ ჰერბერტ ედვარდ რიდი თავის ნაშრომებში ”განათლება ხელოვნებაზე გავლით”, „ხელოვნება და საზოგადოება“ და „რობოტის დაბრუნება: ჩემი მოულოდნელი შეხვედრა განათლებასთან ხელოვნებაზე გავლით“ - ცდილობს აჩვენოს, თუ რატომ მიიჩნევენ ესთეტიკოსები მნიშვნელოვნად თანამედროვე სამყაროში მიმდინარე გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების კვალდაკვალ გაჟღერდეს ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური ხელოვნების - როგორც უზარმაზარი ინფორმაციის გადამცემის, დიდი გამოცდილების შემძენის ვერსიაც, რომელიც ფაქტობრივად ყველა სხვა საგანმანათლებლო წყაროს ანაცვლებს.
ამერიკელი ფილოსოფოსის, მწერლისა და ესთეტიკოსის კატარინა სუსანა ლანგერის ესთეტიკური კონცეფციის მიხედვით [ნაშრომში „ახალი გასაღები ხელოვნების ფილოსოფიისთვის: გონების, რიტუალისა და სიმბოლიზმის კვლევა“] - მხატვრული შემოქმედება არ ეფუძნება თეორიულ პლატფორმას, იგი უმთავრესად ფორმითი სრულყოფილების ინტუიტიური ძიებების განხორციელებაა. ფორმა აქ როგორც სულიერი თვითგამოხატვის, ასევე სამყაროს მიმართ ესთეტიკური დამოკიდებულების გამოსახვის უმთავრესი საშუალებაა. ეს უსაგნო კრეატიული კონსტრუირებაა კონკრეტული სახისა და სიუჟეტის გარეშე უკიდურესად გამარტივებული ფორმით. შესაბამისად, ხელოვნების ნაწარმოების აღქმისას განსაკუთრებით მნიშვნელობს ესთეტიკური ემოციის თვითღირებულება, ემოციისა, რომელიც ჩნდება ფორმალური ჰარმონიის ზემოქმედებით.
ესთეტიკის მთავარი საკითხი - ხელოვნების მიმართება სინამდვილესთან - ამერიკელი [წარმოშობით ესპანელი] მწერლის, ფილოსოფოსისა და ხელოვნების თეორეტიკოსის ჯორჯ სანტაიანას ესთეტიკური თეორიის მიხედვით [ნაშრომში „მშვენიერის გრძნობა: ესთეტიკური თეორიის საფუძველი“] სრულიად თავისებურადაა გადაწყვეტილი. იგი ცდილობს ხაზთა, სიბრტყეთა, ფორმათა და ფერთა მხატვრული კომბინაციების მეშვეობით დაამკვიდროს სრულიად ახლებური - როგორც თავისთავად ფორმალური ზედაპირის, ასევე თავად ხელოვნების ნაწარმოების შექმნის პროცესის - სილამაზე. ხელოვნების ასეთი გაგების შედეგად მისი კონცეფცია სცილდება ტრადიციული ესთეტიკის საზღვრებს და გადის წმინდა ესთეტიზმის სფეროში, სადაც მხატვრული მოდელირების პრინციპი ნებისმიერი შემოქმედებითი აქტივობის საფუძველშია მოცემული.
ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ მარსელ დიუშანმა [რომელიც საკუთარი ორიგინალური იდეების წყალობით მეოცე საუკუნის ხელოვნების თეორიის ერთ–ერთყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება; დადაიზმისა და კონცეპტუალიზმის ცნობილმა მიმდევარმა] თავის ესსეში - „შემოქმედებითი აქტი“ მთლიანად უარყო კავშირი ესთეტიკურ სინამდვილესთან, იგი მიიჩნევს კონცეპტუალური საგნებით სიმბოლურად გამოიხატოს მხოლოდ შემოქმედის მდგომარეობა.
ბრიტანელი ფილოსოფოსი, პროფესიონალი პრაქტიკის არქეოლოგი - ცნობილი თავისი შრომებით ესთეტიკასა და ფილოსოფიის ისტორიაში რობინ ჯორჯ კოლინგვუდი თავის ნარომში - „ხელოვნების პრინციპები“ ცდილობს დაასაბუთოს, რომ მთელი ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების ისტორია - ანუ ისტორიული მეცნიერება - სულის თვითშემეცნებაა [სურათი, წიგნი, კერამიკა, დანგრეული კოშკის ნაშთები და ა.შ.] იგი ეპოქის მტკიცებულებაა, რომელიც ისტორიკოსმა როგორღაც უნდა გაშიფროს - გაიგოს, როგორც კულტურის მიერ დასახული ზოგიერთი მიზნის გამოხატულება, იმის გაგება, თუ რას გულისხმობდენ ადამიანები თავიანთ შემოქმედებაში. თანამედროვე კულტურაში ხელოვნების ენის თავისებურად ცვალებადობის შესაბამისად, ხელოვნების ნაწარმოებს მოეთხოვება საკუთარი ღირებულება გაამართლოს გონების და არა გრძნობის წინაშე, აღბეჭდოს სიზუსტე, ხილული რეალობა შთაბეჭდილების სანაცვლოდ.
დანართი - იხ.: თანდართული ფაილი პრეზენტაციის სახით
| უკან |
