ქრისტა ვოლფის ქალი პერსონაჟები, როგორც ავტორის შინაგანი ამბოხი
ქრისტა ვოლფი შემოქმედებით ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გამოვიდა. მან შეძლო თავისი შემოქმედებით აღიარება მოეპოვებინა გაყოფილი გერმანიის ორივე მხარეს: როგორც გდრ-ში, ასევე გფრ-ში, რადგან მისი სამწერლობო მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი ,,მართალი“, ,,გულწრფელი“ ლიტერატურის შექმნა იყო. 1976 წლიდან ლიტერატურამ ახალი დანიშნულება შეიძინა მისთვის - ლიტერატურას ზეგავლენა უნდა მოეხდინა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამ პერიოდში თავს ჩენს ქრისტა ვოლფის დაინტერესება გრძნობებით აღსავსე სამყაროთი, სიყვარულითა და მონატრებით. დიდი ადგილი ეთმობა რომანტიკოსთა შემოქმედების რეცეფციასა და ქალთა როლის ახლებურად გააზრებას, ინტერესთა სფეროში ექცევა მითოსი. ვოლფი ცდილობს ქალური და მამაკაცური აზროვნების დაპირისპირებით და ქალური ე.ი. გრძნობიერი საწყისი წამოსწიოს წინა პლანზე.
წინამდებარე კვლევაში ჩემი მიზანია გავაანალიზო ვოლფის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟების სუბიექტად ქცევის პროცესი, როგორც ილუზიებიდან მტკივნეული გამოფხიზლება, განვიხილო როგორ ირღვევა შინაგანად ვოლფის რომანებში ქალის მხატვრული სახე, როგორ ხდება მისი ინდივიდად ქცევა.
ქალის მხატვრული სახე ქრისტა ვოლფის შემოქმედებაში განსაკუთრებით ღრმად და მრავალწახნაგოვნადაა გადმოცემული რომანებში ,,კასანდრა“ და ,,მედეა. ხმები“. სტატიაში წარმოდგენილია, თუ რა რეალურმა მოვლენებმა მისცა ბიძგი ქრისტა ვოლფს აღნიშნული რომანების შექმნისთვის, როგორ გამოიყენა მწერალმა კასანდრა და მედეა, ბერძნული მითოლოგიის ეს ორი ტრაგიკული ქალი პერსონაჟი თავისი მხატვრულ-ესთეტიკური მიზნებისთვის.
მხატვრულ სახეთა შეპირისპირების, ინტერტექსტუალური ანალიზის, მითოლოგიური და ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტების განხილვის შედეგად დგინდება, რომ მწერალი ქალის შეხედულებების შეუთავსებლობა სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკასთან, რწმენის დაკარგვა და უნდობლობა პარტიისადმი, დაპირისპირება გდრ-ის ლიტერატურულ ტენდენციებთან აისახა რომანებში ,,კასანდრა“ და ,,მედეა. ხმები“. ქრისტა ვოლფმა დიალოგური და მონოლოგური მეტყველების წინა პლამზე წამოწევით, ,,გახსენების არქეოლოგიით“, დეფაბულაციისა და ტექსტის სტრუქტურული ფორმების რღვევით, კასანდრასა და მედეას მხატვრული სახეები შექმნა თავისი შინაგანი ამბოხის გადმოსაცემად.
Keywords: ქრისტა ვოლფი, გდრ-ის ლიტერატურა, კასანდრა, მედეა, მითის ინტერპრეტაცია, ძლიერი ქალი პერსონაჟი
გამოყენებული ლიტერატურა:
- Beier, Martin: Das System der Verkennung: Christa Wolfs Arbeit am Medea Mythos, Würzburg, 2007
- Hink, Walter: Die vielen Botschaften der Christa Wolf. Ihre Erzählung ,,Kassandra“ und der Text ihrer Frankfurter Poetik-Vorlesungen. In: Frankfurter Allgemeine Zeitung, 23.4.1983
- Koskinas, Nikolaus: Fremd bin ich eingezogen, fremd ziehe ich wieder aus. Von Kassandra über Medea zu Ariadne, Würzburg, 2008
- Reinwald, Heinz: Mythos und Methode: Zum Verhältniss von Wissenschaft, Kultur und Erkenntniss, München, 1991
- Scheler, Wolf: Glanzstück des literarischen Feminizmus. In: Generalanzeiger, 14.4.1983
- Tsagareli, Levan: ,,Der Strom der Heldenlieder“ vs. Das ,,winzige Rinnsal“. Epos als eine maskuline Konstruktion und deren Demontage in Christa Wolfs Kassandra“. In: Fischer-Kania, Sabine und Schäf, Daniel (Hg): Sprache und Literatur in Spannungsfeld von Politik und Ästhetik. Christa Wolf, zum 80. Geburtstag, München
- Viergutz, Corinna/Holweg, Heiko: ,,Kassandra” und ,,Medea” von Christa wolf. Utopische Mythen im Vergleich”, Würzburg, 2007
- Witstock, Uwe: Kassandra als Feministin. In: In: Frankfurter Allgemeine Zeitung, 2.6.1982
| უკან |
