რატომ არ არიან იდენტური ტყუპები იდენტურნი?
სემინარში განხილული იქნება რამოდენიმე საკითხი: კერძოდ ტყუპები ევროპულ ლიტერატურაში; მონო და დიზიგოტური ტყუპები, მონოზიგოტური ტყუპების კლასიფიკაცია; გენეტიკა და გარემო ტპუპების ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებაში; ეპიგენეტიკური ზემოქმედება. თითოეული ქვესაკითხის გარშემო განხილული იქნება როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ხედვები. თანამედროვე მეცნიერული მონაცემებზე დაყრდნობით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება იდენტური ტყუპების რაოდენობრივი და თვისობრივი ნიშან-თვისებების ჩამოყალიბების თავისებურებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ იდენტური (მონოზიგოტური) ტყუპები ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან და პრაქტიკულად ერთნაირი გენოტიპი აქვთ, ისინი სრულად იდენტურები არ არიან. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ეპიგენეტიკური ცვლილებები – გარემო ფაქტორები, როგორიცაა კვება, სტრესი, დაავადებები, ცხოვრების წესი გავლენას ახდენს გენების აქტივობაზე. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ტყუპებში ეპიგენეტიკური განსხვავებები გროვდება, რის გამოც განსხვავდება მათი გარეგნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი და ზოგიერთი ნიშანი ან თვისება.
სომატური მუტაციები – ემბრიონის გაყოფის შემდეგ უჯრედებში შეიძლება წარმოიშვას ახალი (de novo) მუტაციები, რომლებიც ერთ ტყუპს ექნება, მეორეს კი არა. შესაბამისად ისინი იდენტურნი ვერ იქნებიან.
საშვილოსნოსშიდა გარემოს განსხვავებები – ტყუპები ხშირად არ იღებენ ზუსტად ერთნაირ რაოდენობის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს. არის შემთხვევები როცა ტყუპებს აქვთ საერთო ან განსხვავებული ჩანასახგარე შრეები, მათ შორის პლაცენტა. ეს გავლენას ახდენს მათ ზრდასა და განვითარებაზე.
შემთხვევითი განვითარების პროცესები – ემბრიონული განვითარების დროს ზოგიერთი ბიოლოგიური პროცესი შემთხვევით ხასიათს ატარებს, რაც მცირე ან ზოგჯერ შესამჩნევ განსხვავებებს იწვევს.
გარემოს ზემოქმედება დაბადების შემდეგ – ეს ფაქტრორი განსაკუთრებით აღსანიშნავია, როცა ტყუპებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება, განათლება, ინფექციები, ფიზიკური აქტივობა და სხვა ფაქტორები. ჩამოთვლილი სხვაობა დროთა განმავლობაში ზრდის ტყუპებს შორის განსხვავებებს.
ამ მიზეზების გამო მონოზიგოტურ ტყუპებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თითის ანაბეჭდები, სხეულის მასის ინდექსი, ხასიათის ზოგიერთი თავისებურება და ზოგჯერ დაავადებებისადმი ან ინფიცირებისადმი განსხვავებული მიდრეკილებაც კი. სწორედ ამიტომ გენეტიკაში საუბრობენ, რომ იდენტური ტყუპები გენეტიკურად თითქმის იდენტურები არიან, მაგრამ ფენოტიპურად არასოდეს არიან სრულად ერთნაირები.
| უკან |
