სემინარები

2026 წლის 19 ივნისს, 12:00 საათზე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი კახაბერ ქამადაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: აბუსერისძეთა საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში

თემა: აბუსერისძეთა საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში (კვლევა განხორციელდა ,,შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, GSDP-25-478, ,,აბუსერისძეთა სასახლე და საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში“)

თემის მოკლე შინაარსი:

სოფელი თხილვანა მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ხიხანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. იგი განთავსებულია ზღვის დონიდან 1440 მეტრის სიმაღლეზე. თხილვანა ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - დაბა ხულოდან დაშორებულია 45 კილომეტრით. დღეისათვის სოფელი ორ უბნად - ქვედა და ზედა თხილვანად იყოფა. მათი ბუნებრივი გამყოფია პატარა მდინარე, რომელსაც შუაწყალი ეწოდება, რადგან ამ ორი უბნის შუაში ჩამოედინება. [დუმბაძე, მამულაძე, 1998: 15-16]. სოფლის სახელი - თხილვანა, მკლევართა აზრით დაკავშირებული უნდა იყოს თხილთან [კომახიძე, 2006: 88-89], რომელიც დღესაც საკმაოდაა გავრცელებული სოფლის მიმდებარე ტყეებში. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან დასახლებულა, ამაზე ნათლად მეტყველებს აქ მოპოვებული მატერიალური კულტურის ნაშთები და არქეოლოგიური მასალები.

სოფელი თხილვანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლებით. როგორც ცნობილია, სოფელში ჯერ კიდევ მე-XI საუკუნეში დასახლებულან აჭარის ერისთავთ-ერისთავები - აბუსერისძეები. ამ საგვარეულოს წარმომადგენელის დიოფალთ-დიოფალის ვანენის შეწირულობით და სურვილით ქვედა თხილვანაში აშენდა აბუსერისძეების საგვარეულო ეკლესია. დღეისათვის შემორჩენილია ამ ეკლესიის მხოლოდ საძირკველი. აქვეა აბუსერისძეთა საძვალე - სასაფლაო.  აბუსერისძეების მიერ აგებული ეკლესია მდებარეობს  გამოღმა (ქვედა) თხილვანაში. გადმოცემის თანახმად ეკლესია იოანე მახარებლის  სახელს ატარებდა. მასზე ცნობებს გვაწვდის ეკლესიის ეპიგრაფიკული წარწერა და ტბელ აბუსერისძის ხელნაწერის „ანდერძი“, სადაც აღნიშნულია, რომ მწერლის დამ დიოფალ-დიოფალმა ვანენმა „ეკლესია აღაშენა წმინდისა იოანე მახარებლისა და ღმრთისმეტყუელისა, სამკვიდრებელი ჩუენი“ [ხალვაში, 2024: 29].

1948 წელს სოფ. თხილვანის მცხოვრებ  დ. მამულაძის საკარმიდამო ნაკვეთზე აღმოჩნდა ორნამენტით შემკული დიდი ზომის ბალავარის ქვა, რომელიც დღეს აჭარის მუზეუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ტიპანის ქვა წარმოადგენს თაღოვანი ფორმის მონოლითურ ფილას, რომელსაც ჰორიზონტალურად განთავსებული შვიდსტრიქონიანი წარწერა და ორნამენტული არშია ამკობს. ტიპანის ჩუქურთმა კონცენტრული წრეებისა და სოლისებური ფოთლის მოტივებისაგან შედგება. ორნამენტის ეს სახე, ძირითადად, X-XI საუკუნეებშია გავრცელებული (ნიქოზი, დოდოთი, ტბეთი, იშხანი, დიდი დიღომი, ზედა ვარძია, ეხვევი, სავანე, კაცხი და სხვა.) და XI საუკუნის შუა ხანებიდან თითქმის აღარ გვხვდება. ეს მოტივი ხშირად გამოიყენება პორტალთა დამაგვირგვინებელი არშიების, კარნიზების, თავსართების, კვარცხლბეკისა და იმპოსტების შესამკობად. თხილვანის ეკლესიაში გვხვდება ამ მოტივის გეომეტრიული ვარიანტი სამრიგთა წრეებით და გრძელი სოლებით. ასეთივე სახეებია იშხნის, დოდოთის, ზედა ვარძიის, ზედა თმოგვის, საფარის წმ. სტეფანეს, ეხვევის ეკლესიებში. ორნამენტული მოტივისა და თაღოვანი არშიის დამრეცი ზედაპირის ჰარმონიული შეხამება გამომსახველობას ანიჭებს თხილვანის ტაძრის ტიმპანს. ლაპიდარული წარწერებითა და ჩუქურთმით მორთული ასეთი ტიმპანები, უმეტესად, X-XI საუკუნეებში გვხვდება (ქორეთის ღმრთაების ეკლესია, იშხანი, დოდოთი - X ს., დიდი კლდეისი - XI ს. და სხვა.) [ხალვაში, 2024: 30-31].

ტიპმანზე ამოკვეთილი შვიდსტრიქონიანი წარწერა მკლევარების მიერ შემდეგნაირად არის წაკითხული: ,,ქრისტე, წმინდაო იოვანე მახარობელო დაიცავენ სულითა და ხორცითა ერისთავთ-ერისთავი აბუსერი და დედოფალი ვანენი და ძე მათი ზაქარია და  შვილნი მათნი და ყოველი ერი მათი და მოხაიშნე ექმენ.  დღეს ამისა სასჯელისა ნუ დასჯი. ამინ’’ [ხალვაში, 2024:30].

ბალავრის წარწერიანი ქვის საფუძველზე სხვადასხვა მკლევარები [ახვლედიანი, 1955: 50-52;  სიხარულიძე, 1950: 29-46, სიხარულიძე, 1962: 36] ვარაუდობდნენ ეკლესიის არსებობას, მაგრამ მისი ადგილ-სამყოფელი არ იყო განსაზღვრული. მოგვიანებით, ამავე ტერიტორიაზე, 1978-1979 წლებში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები არქეოლოგ შოთა მამულაძის ხელმძღვანელობით. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრების შედეგად მიაკვლია ეკლესიის სამაროვანს, სადაც თხილვანის ეკლესიის წარწერასა და ტბელ აბუსერისძის ხელნაწერის „ანდერძი“ მოხსენიებული აბუსერისძენი განისვენებდნენ [მამულაძე 1993: 87-89; მამულაძე 2000: 62-65].

არქეოლოგიური სამუშაოებით დადგინდა, რომ ეკლესიის ნანგრევები მოქცეული იყო ქვა-ღორღის უზარმაზარი ხელოვნური ბორცვის ქვეშ.  ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ეს ადგილი ტრადიციულად გამოყენებული იყო ყანისა თუ ჭალისაგან გაწმენდილი ქვების შესაგროვებლად. ძეგლის გაწმენდის შემდეგ დადასტურდა, რომ თხილვანის ეკლესია დანგრეული იყო თითქმის საძირკვლის დონემდე. მხოლოდ აფსიდის მხარეს ნაწილობრივ პერანგებშემოცლილი ცოკოლი და კედლის წყობის ნაშთები იყო შემორჩენილი [მამულაძე 1993: 87-89].

თხილვანის ეკლესია გეგმაში წარმოადგენდა წაგრძელებული ფორმის სამეკლესიან ბაზილიკას. მათგან შუა ნავი შედარებით განიერია. სამივე გრძივი ელემენტი ერთ სწორკუთხედში ზის. ეკლესიას უნდა ჰქონოდა ორი შესასვლელი: ცენტრალური - სამხრეთის მხრიდან,  მეორე - დასავლეთიდან. სხვა არქიტექტურულ დეტალებთან ერთად ყურადღებას იპყრობს კარგად დამუშავებული წყვილშვერილიანი პილასტრები. როგორც ჩანს, ისინი დატანებული ჰქონდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს. სწორედ მათზე უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი კედლებისა და კამარის საბრჯენი თაღები. ნაგებობის დარბაზული ნაწილი გადახურული უნდა ყოფილიყო ორფერდა, ხოლო გვერდითი ნაწილები - ცალქანობიანი სახურავით. განათხარი მასალის მიხედვით ჩანს, რომ სახურავ მასალად აქაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო კარგად დამუშავებული ქვის ლორფინები.

შენობის გადარჩენილი ნაწილისა და გათხრებისას გამოვლენილი არქიტექტურული დეტალების მიხედვით ჩანს, რომ თხილვანის ეკლესია წარმოადგენდა  ქართული ხურორთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.  იგი ლაკონური კომპოზიციებისა და მიმზიდველი ფასადების მქონე ნაგებობა უნდა ყოფილიყო.  სწორედ ეს ის დროა, როგორც ტბელის თხზულებიდან ჩანს, როცა საეკლესიო მშენებლობა აჭარისწყლის ხეობაში ფართოდაა გაშლილი და მშენებლებიც სამშენებლო ხელოვნებას შესანიშნავად არიან დაუფლებულნი.

ეკლესიისათვის საგანგებოდ მოუმზადებიათ საძირკველი. ბალიშებად 1,5-2 მეტრის სიფართის დაუმუშავებელი, მოზრდილი ზომის ქვებია დაგებული. მასზე დაშენებულია საკმაოდ ფართო (1-1,25 მ) ორსაფეხურიანი ცოკოლი, რომელიც ნაგებია შესანიშნავად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებისაგან. აფსიდის მხარეს დაცული კედლის ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ცოკოლზე აღმართული იყო  საკმაოდ სქელი (85-90 სმ) კედლები. მათი როგორც გარეთა, ისე შიდა ზედაპირი ამოყვანილი უნდა ყოფილიყო გათლილი მოზრდილი კვადრატებით. წყობა უნდა ყოფილიყო წესიერი.  კედლის პერანგებს შორის სიცარიელე შევსებულია კირხსნარითა და  ნატეხი ქვებით. აფსიდის მხარეს დაცული ფოსოების მიხედვით შესაძლებელი ხდება ეკლესიის ცოკოლისა და კედლის მნიშვნელოვანი ნაწილის რეკონსტრუქცია [მამულაძე 1993: 87-89].

ეკლესიის შიგა ტერიტორიის გათხრებისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმოჩენილმა მარანმა. აქ 7 ქვევრი იყო ჩადგმული, შვიდივე დაუკირავი.  მათთვის შედარებით მშრალი და გრილი ადგილი შეურჩევიათ.  ეს ქვევრები და ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვა ნატეხები ერთმანეთის მსგავსია როგორც ფორმით, ისე ორნამენტებით. ქვევრების ნაწილის ყელისა და მხარის არე შემკულია ჰორიზონტალური ქედებით, ზოგიერთისა კი - ნაჭდევი ორნამენტით.

ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა საკმაოდ საინტერესო კერამიკული ნაწარმი, როგორიცაა დერგების, ქოთნების, დოქების, ხელადების, ჯამების, სასმისების მოჭიქული ჭურჭლის და სხვ.  ნატეხები და ზოგჯერ მთლიანი ცალებიც [მამულაძე 1993: 87-89].

არქეოლოგიური ძიებით დადასტურდა, რომ სხვა ეკლესიების მსგავსად, სამაროვნად აქაც გამოყენებული იყო სამხრეთი და აღმოსავლეთი მონაკვეთი.  რამდენიმე სამარხი ფიქსირებულ იქნა ეკლესიის დასავლეთით, მაგრამ სოფლის სამანქანე გზის გაყვანისას ისინი მთლიანად გაუნადგურებიათ. გათხრებით დადასტურდა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ სექტორში 4-5 მ-ის რადიუსში განლაგებული სამარხები ძირითადად ორფენიანი იყო. თითოეული ფენა ურთიერთისგან გამოყოფილი იყო 20-25, ზოგჯერ 40 სმ-ის შრით. ეკლესიისგან მოშორებით სამარხები უკვე ერთ ფენად იყო განლაგებული.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სულ შეისწავლა 35 ორმო სამარხი - 21 პირველ ფენაში და 14 - მეორეში. თხილვანის სამაროვნის მიხედვით გამოითქვა ვარაუდი, რომ რომ აქ უნდა იყოს საგვარეულო კოლექტიური სამარხები. დაკრძალვის წესები ქრისტიანულია. სამარხთა დიდი ნაწილი ინვენტარიანი იყო. შესწავლილი 35 სამარხიდან მხოლოდ ორი (სამარხი N 26 და 29)  იყო უინტერესო. სამარხეულ კომპლექსებში ჭარბობდა სასმისები და ჯამები [მამულაძე 1993: 87-89; მამულაძე 2000: 62-65, მამულაძე, 1998: 50-58, კახიძე, მამულაძე, 2016: 96].

გათხრების შედეგად გაირკვა, რომ თხილვანის იოანე მახარობლის სახელობის საეკლესიო ნაგებობა სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს. აჭარაში იგი ამ ტიპის ეკლესიებიდან ერთადერთი ნიმუშია. შენობაში ერთმანეთისაგან კედლებით იზოლირებული სამი დამოუკიდებელი სამლოცველო ყოფილა გაერთიანებული [ჭიჭილეიშვილი, 2009: 198, დიასამიძე, 2009: 77]. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპი საქართველოში გაჩნდა, აქვე მიიღო თავისი სრულიად დამთავრებული და მხატვრულად ჩამოყალიბებული სახე. ამ ტიპის ბაზილიკები საქართველოში შენდებოდა VI ს-დან X საუკუნემდე, ზოგჯერ XI ს-ის დასაწყისში [მამულაძე, 1993: 87-93; ჩუბინიშვილი, 1936: 188].

თხილვანის ტაძრის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა, სამშენებლო ტექნიკა, არქიტექტურული დეტალები მიუთითებენ, ეკლესია X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული.

ლაპიდარულ წარწერაში მოხსენიებული საერო პირებიც - ერისთავთერისთავი აბუსერი და დედოფალი ვანენი, სავარაუდოდ, ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ აბუსერ ერისთავი XI საუკუნეში არტანუჯის, ხიხანის, ციხისჯვრისა და აწყურის ციხეების პატრონი იყო.

თხილვანის იოანე მახარობლის ეკლესიის XI საუკუნის დასაწყისით დათარიღების საფუძველს ქმნის არქეოლოგიური მონაცემები, ტაძრის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა, სამშენებლო ტექნიკა, არქიტექტურული დეტალები და ტიმპანის ჩუქურთმა, რომელიც კონცენტრული წრეებისა და სოლისებური ფოთლის მოტივებისაგან შედგება და თითქმის იდენტურია ნიქოზის, დოდოთის, ტბეთის, იშხნის, დიღმის... ეკლესიების (X-XI სს.) ორნამენტისა. ამგვარ დათარიღებას მხარს უჭერს წარწერის ეპიგრაფიკული მახასიათებლებიც, კერძოდ, ასოების წაგრძელებული დუქტუსი, რაც კარგად ჩანს ე, ვ, ზ, ლ, მ, ნ, ქ, ძ, და წ გრაფემების მოხაზულობაში. გარდა ამისა, წარწერაში ასოებს არ ახასიათებთ კიდურწერტილოვანი და კიდურწაისრული დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ცოტათი გვიან ყალიბდება [ხალვაში, 2024: 30-31].

წარწერაში ნახსენები აბუსერ I ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეა, რომლის შესახებაც ცნობას ქართული ოფიციალური ისტორიოგრაფიული ძეგლი „მატიანე ქართლისაი“ გვაწვდის [ქართლის ცხოვრება 1955: 300]. წარწერაში იხსენიება აბუსერ I-ის მეუღლეც - დიოფალ-დიოფალი ვანენი. მათი ძე-ზაქარია, როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის დროს ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, რადგან წარწერის მიხედვით, ის არ ატარებს ერისთავთ-ერისთავის ტიტულს [ხალვაში, 2024: 31].

თხილვანის ეკლესიის წარწერაში არ იხსენიება ზაქარიას უმცროსი ძმა - გრიგოლ I, რომელიც XI საუკუნის 40-იანი წლების თანადროული ისტორიული წყაროების („მატიანე ქართლისაი“, ღრტილას კრების საბუთები, ათონის ივერთა მონასტრის აღაპი) მიხედვით, ერისთავის // ერისთავთ-ერისთავის ტიტულს ატარებდა და როგორც ჩანს, თხილვანის ეკლესიის მშენებლობის დროს ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული.

ამგვარად, თხილვანის იოანე მახარებლის ეკლესიის მშენებლები არიან: ცნობილი ისტორიული პირი ერისთავთ-ერისთავი აბუსერ I, მისი მეუღლე დიოფალ-დიოფალი ვანენი და მათი მცირე წლოვანი ძე ზაქარია (რომელიც XI საუკუნის 40-იან წლებში, დიდი ალბათობით, უკვე გარდაცვლილია).

თხილვანის ეკლესიის შემდგომი აღმშენებლობის პერიოდი XIII საუკუნეს უკავშირდება. აბუსერიძე ტბელის თხზულებიდან ირკვევა, რომ იოანე მახარობლის ეკლესია XIII ს-ის პირველ ნახევარში ტბელის დას დედოფალთ-დედოფალ ვანენს აღუდგენია: „...და დიოფალ-დიოფლისა, დისავე ჩუემისა ვანენისა, რომელმან ეკლესია აღაშენა წმინდისა იოანე მახარობლისა და ღმრთისმეტყუელისა, სამკვიდრებელი ჩუენი და აღავსო საწყაული კეთილი“ [მამულაძე, 1993: 87-97, ხალვაში, 2024: 31].

XIII საუკუნის 20-იან წლებში თხილვანის ეკლესია უკვე ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და საკმაოდ დაძველებულია, რის გამოც საჭირო გახდა მისი შეკეთება და აღდგენა. ეს საქმე ტბელ აბუსერისძის დამ  დიოფალ-დიოფალმა ვანენმა იტვირთა, რომელიც თავისი დიდი წინაპრის - ტაძრის მაშენებელი დიოფალ-დიოფალი ვანენის ღირსეული მემკვიდრე და სეხნიაა. საგვარეულო ეკლესიის განახლებაში ვანენის წვლილი იმდენად დიდია, რომ ტბელ აბუსერისძე მას ტაძრის „აღმშენებელს“ უწოდებს: ვანენმა „ეკლესიაი აღაშენა წმინდისა იოანე მახარებელისაი და ღმრთისმეტყუელისაი, სამკვიდრებელი ჩუენი, და აღავსო საწყაული კეთილი დიოფალ-დიოფალისა ნისიმესი, პაპისა ჩუენისა პაპისდისაი - ნათქვამია A-85 ხელნაწერის „ანდერძში“ [ხალვაში, 2024: 31].

დიოფალ-დიოფალი ვანენი რომ ქველმოქმედებითა და ღვთისმსახურებით გამოირჩევა და ეკლესია რომ  მართლაც მის მიერ უნდა იყოს აშენებული, კარგად ჩანს ასევე სამცხეში არსებული ალის მონასტრის საბუთებისა და აღაპების ხელნაწერებში დაცული ცნობებიდანაც. კერძოდ, ქვიანაქსარის ანდერძში ბეშქენ ბოცოსძის ძმის ,,დიდთა ჰომთა და ბრძოლათა შიგან’’ დაღუპული გმირის გვერდით იხსენიება დიოფალ-დიოფალი ვანენი. ბეშქენს მისთვის გაუჩენია ,,აღაპნი და სალოცავნი’’.

ვანენის სახელთან დაკავშირებით ანდერძში ნათქვამია, რომ  იგი გამოირჩეოდა ,,დიდთა ღვთისმსახურებათა და სიმხნეთა და სიქუელთა და  სახელგანთქმულებათა’’ [შარაშიძე, 1982:.20]. ამის შემდეგ აღაპებში კვლავ ვხვდებით ,,ამასა დღესა აღაპი ვანენისი, შალვას დედისა’’. მკვლევარი ქრ. შარაშიძე აქ და ტექსტში დაცული სხვა ცნობების საფუძველზე ასკვნის, რომ შალვა არის ცნობილი პიროვნების-ბოცო ბოცოსძის ჩუხჩარეხის შვილი  და რადგან ვანენი მისი დედაა  ე.ი. დიოფალ-დიოფალი ვანენი ბოცო-ბოცოსძის ჩუხჩარეხის მეუღლე ყოფილა [შარაშიძე, 1982:.20-21]. ეს ის ბოცო ჩუხჩარეხია, რომელმაც ძმასთან  მემნასთან ერთად მეფე რუსუდანის მეფობის დროს ხვარაზმელთა შემოსევისას თბილისთან 1226 წლის ბრძოლის ამბებში დიდი  როლი შეასრულა.  შალვა ბოცოსძე კი, როგორც  პოლიტიკურ მოღვაწესა და სამხედრო ოპერაციების მონაწილეს, XIII ს-ის 60 იან წლებშიც ვხედავთ [მამულაძე, 1993].

ტბელის თხზულების დაწერის დროს (1233 წ) ვანენი ცოცხალია და გათხოვილია დიდგვაროვან პირზე. იგი, მსგავსად ალის მონასტრის სვინაქსარის ანდერძის ვანენისა,  დიოფალ-დიოფალია. 

ანდერძში მოხსენებული ვანენის მსგავსება  თხილვანის ეკლესიის წარწერასა და ტბელ აბუსერისძის თხზულებაში მოხსენებულ ვანენთან, როგორც მკვლევარი ქრ შარაშიძე შენიშნავს, მარტო დიოფალ-დიოფალობით არ განისაზღვრება [შარაშიძე, 1982:-21]. აბუსერისძე ტბელის დაც  ცნობილი იყო ქველმოქმედებით, ისევე როგორც სვინაქსარის ანდერძის ვანენი და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ბოცო-ბოცოსძის ცხოვრებისა და დიოფალ-დიოფალის ვანენის ცხოვრების წესების დამთხვევაც.  1233 წ.  ვანენი არა თუ გათხოვილია, არამედ  ,,ღვთის მსახურებითა და ქველმოქმედებით’’ სახელმოხვეჭილი ჩანს. ეს წელი უახლოვდება ბოცო ბოცოსძის სამხედრო ასპარეზზე მოღვაწეობის (1226-1227) წლებს [ მამულაძე, 1993].

ბუნებრივია, რომ ,,ღვთისმსახურებითა და ქველმოქმედებით’’ სახელმოხვეჭილ ქალს, სამცხეში დიდებულ საგვარეულოთა რძალსა და საქართველოს სამეფო კარზე დაწინაურებული პიროვნების მეუღლეს, თავის სამშობლოში წმინდა იოანე მახარობლის სახელობის ეკლესიის აგებაც არ გაუჭირდებოდა. მითუმეტეს,  ამას წერილობითი ცნობები და ეპიგრაფიკული მასალები ადასტურებს [მამულაძე, 1993].

 

ბიბლიოგრაფია

  1. ახვლედიანი, 1955: - ახვლედიანი ხ., ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის// ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბათუმი, 29-84
  2. დუმბაძე, მამულაძე, 1998:-დუმბაძე ს, მამულაძე ვ., ხიხანის საარწივოდან, ბათუმი
  3. კახიძე, მამულაძე, 2016: -  კახიძე ა, მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი
  4. კახიძე, მამულაძე, 2024: -  კახიძე ა, მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები (მეორე გამოცემა), ბათუმი
  5. კომახიძე, 2006: - კომახიძე თ., ხულოს რაიონი,  წიგნი I, ბათუმი
  6. მამულაძე, 1993:  - მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი
  7. მამულაძე, 2000: - მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათუმი
  8. მამულაძე, 1998: - მამულაძე შ., აჭარისწყლისხეობის სამაროვნები, ბათუმი
  9. შარაშიძე, 1982: - შარაშიძე ქ.,. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XIII-XV სს), თბილისი
  10. ხალვაში, 2024: - ხალვაში რ., წმინდა ტბელ აბუსერისძის ღვაწლი და თხზულებათა სრული კრებული, თბილისი
  11. ჩუბინიშვილი, 1936: - ჩუბინიშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. I, თბილისი
  12. ჭიჭეიშვილი, 2009:- ჭიჭილეიშვილი მ., საეკლესიო ხუროთმოძღვრება// სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები , აჭარა ტ. II 198-206. ბათუმი

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა