ფიგურალური მეტყველება და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი
ნათია აბაშიძე
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის,
ენებისა და ტექოლოგიების ცენტრის ასისტენტ-პროფესორი
საკვანძო სიტყვები: ფრაზეოდიდაქტიკა, მეტაფორული კომპეტენცია, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ინტერკულტურული ხარაჩოები (Scaffolding), მეტაკოგნიცია.
რეზიუმე
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ფრაზეოდიდაქტიკისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) თანაკვეთა ფრანგულის, როგორც უცხოური ენის (FLE), სწავლების კონტექსტში. კონცეპტუალური მეტაფორის თეორიასა (CMT) და მეორე ენის (L2) ლექსიკის ათვისების კოგნიტურ მიდგომებზე დაყრდნობით, სტატიაში გაანალიზებულია, თუ როგორ აღიქვამენ, განმარტავენ და იყენებენ ენის შემსწავლელები ფრანგულ მეტაფორულ გამოთქმებს დიდი ენობრივი მოდელების (LLMs) დახმარებით.
ლექსიკის ათვისება წარმოადგენს მეორე ენის (L2) განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს, რაც განაპირობებს როგორც ტექსტის ექსპლიციტურ გაგებას, ისე აზრის გამოთქმის თავისუფლებას (Schmitt, 1997). თუმცა, უცხოური ენის დიდაქტიკაში ლექსიკური კომპეტენცია სცილდება იზოლირებული ლექსემების მექანიკურ დამახსოვრებას. იგი მოიცავს უფრო ფართო კომუნიკაციურ და პრაგმატულ კომპეტენციას, სადაც ფიგურალური გამოთქმები — კონცეპტუალური მეტაფორები და ფიქსირებული იდიომები — სტრუქტურულ როლს ასრულებენ და წარმოაჩენენ იმას, თუ როგორ ახდენს კონკრეტული ენობრივი საზოგადოება რეალობის კონცეპტუალიზაციას.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტებისა და დიდი ენობრივი მოდელების (LLMs, როგორიცაა ChatGPT, Claude და Gemini) ინტეგრაციამ საგანმანათლებლო სივრცეში ფუნდამენტურად შეცვალა სტუდენტთა სწავლის სტრატეგიები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტების უნარი, მოახდინონ ინტერაქციის სიმულაცია და განმარტონ რთული ენობრივი ფენომენები, პერსპექტიულ პედაგოგიურ პოტენციალს ავლენს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი რეალური შესაძლებლობა, გადაამუშაონ ენის ფიგურალური და სოციოკულტურულად დეტერმინირებული განზომილებები.
ნაშრომში დასმულია საკითხი: რამდენად ძალუძს წმინდა სტატისტიკურ, ალგორითმულ არქიტექტურას გაუმჭვირვალე იდიომის სემანტიკური ნიუანსების დეკოდირება, რომელიც ინტეგრირებულია კონკრეტულ კულტურულ წარმოსახვაში?
წინამდებარე სტატია აღნიშნულ პრობლემატიკას იკვლევს ემპირული ექსპერიმენტის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტები. კონცეპტუალური მეტაფორის თეორიისა (Lakoff & Johnson, 1980) და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე დიდაქტიკური კვლევების (Chi, 2024; Hockly, 2023; Zourou & Potolia, 2024) სინთეზით, ნაშრომში გაანალიზებულია ფიგურალური ენის ათვისების კოგნიტური მექანიზმები და შეფასებულია გენერაციული AI ინსტრუმენტების პედაგოგიური ვალიდურობა, პოტენციალი და ლიმიტები.
| უკან |
