ტრადიციიდან იდენტობამდე: ეთნოკულტურული მარკერების როლი ეთნოსის ფორმირებაში (აჭარის პონტოელ ბერძენთა მაგალითზე)
(სამეცნიერო სემინარი ჩატარდება 2026 წლის 25 ივნისს, 15:00 საათზე, მე-20 აუდიტორიაში)
იდენტობა, როგორც ინდივიდის, ეთნოსის თვითიდენტიფიკაცია, ყალიბდება საერთო კულტურული, ისტორიული, ენობრივი და სოციალური მახასიათებლების საფუძველზე. ეთნიკური იდენტობა გამოხატავს ადამიანის კუთვნილებას კონკრეტული ეთნოსისადმი და ეფუძნება ეთნოკულტურულ მარკერებს, რასაც განსაკუთრებული როლი აქვს ეთნოსის ფორმირებაში.
აღსანიშნავია, რომ ტრადიცია არ არის მხოლოდ წარსულიდან შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ის წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ეთნოსი საკუთარ გამოცდილებას, ცოდნასა და ღირებულებებს იცავს და მომავალ თაობებს გადასცემს. ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, კულტურული ღირებულებების დაცვა კი პირდაპირ გულისხმობს იდენტობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ერის იდენტობის მთავარი დასტური ენაა, რაც ემსახურება არა მხოლოდ წარსულის შენარჩუნებას არამედ თანამედროვე საზოგადოებაში ეთნიკური თვითშეგნების განმტკიცებასაც უწყობენ ხელს. ამიტომ ტრადიციიდან იდენტობამდე გზა არის კულტურული მემკვიდრეობის, კოლექტიური მეხსიერებისა და თვითიდენტიფიკაციის უწყვეტი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ეთნოსის არსებობასა და განვითარებას დროში.
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ეთნოკულტურული მარკერების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად გვევლინება. მიუხედავად კულტურული ცვლილებებისა, ეთნოკულტურული მარკერები კვლავ რჩება ეთნიკური იდენტობის ფუნდამენტურ საფუძვლად და მნიშვნელოვან ფაქტორად ეთნოსის არსებობისა და განვითარების პროცესში.
წარმოდგენილი სემინარის ფარგლებში ყურადღებას ვამახვილებთ აჭარაში მცხოვრებ პონტოელ ბერძენთა იმ ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ყოფაზე, იმ ენობრივ მარკერებზე, რამაც უცხო გარემოში მოხვედრილი ერის იდენტობა განსაზღვრა.
სემინარის ფარგლებში ჩვენი მიზანია გავაანალიზოთ, თუ აჭარაში ჩასახლებული ბერძნებისთვის ენა რამდენად წარმოადგენს თვითიდენტიფიკაციის მთავარ ნიშანს, რამდენად აქვთ შენარჩუნებული ყოფა-ტრადიციები, წესჩვეულებები, სამზარეულო.. და თანამედროვე გამოწვევების ფონზე, როცა უცხოენობრივ გარემოში, გლობალიზაციის პირობებსა და თანამედროვე ციფრულ სამყაროში დიდია ასიმილაციის საფრთხე, რა არის კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის იდენტობის მთავარი ნიშა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის შავიზღვისპირეთში დამკვიდრებულმა ბერძნულმა დიასპორამ ქართულ ეთნიკურ გარემოში საკუთარი კულტურა განავითარა და ადგილობრივ გარემოზეც გავლენა მოახდინა, ამასთან, მათ დამხვდურთაგანაც ბევრი რამ შეითვისეს, გაითავისეს და გაიტანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კი.
თამამად შეიძლება თქმა, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან ეთნიკურ მოზაიკაში ბერძნებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ისტორიულმა რეალობამ დიდი ხნის წინ დააკავშირა ეს ორი, თავის მხრივ, მრავალჭირგადატანილი ერი ერთმანეთს. ამ მჭიდრო ურთიერთობებმა კი შექმნა მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების ლოგიკური სისტემა, რამაც თავის მხრივ, ორი კულტურის, ტრადიციების, ყოფითი ელემენტების შერწყმა განაპირობა. კულტურათა შერევა ხანგრძლივი პროცესია, რაც გამოძახილს ჰპოვებს ენაშიც. ენა ხომ ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად იცვლება, ივსება ახალი ფორმებით, მაგრამ მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს მისი თავდაპირველი სახე. პონტოელმა ბერძნებმა კი, ეს შეძლეს. მათი იდენტობის მთავარი დასტური ენაა, რომელიც დღემდე ახსოვთ და საურთიერთო ენად დღემდე პონტოურს იყენებენ, რაც მათი ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, კულტურული ღირებულებების ანარეკლია.
| უკან |
