სემინარები

2026 წლის 6 ივლისს 12:00 საათზე N48 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა ჯინჭარაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: გრაფიკული ხელოვნების მნიშვნელოვანი მიღწევები ქართულ ხელოვნებაში

 გრაფიკული ხელოვნების მნიშვნელოვანი

მიღწევები ქართულ ხელოვნებაში

 ანოტაცია

თანამედროვე ქართულ გრაფიკას საფუძველი XX ს-ის დასაწყისიდან ჩაეყარა. ამ პერიოდიდან ჩნდება გრაფიკის უმთავრესი გამომსახველობითი საშუალება-ნახატი,როგორც დამოუკიდებელი მხატვრული სახე გრაფიკული ხელოვნებისა. ეს ის პერიოდია,როცა საქართველოში გაიხსნა სამხატვრო აკადემია (1922წ.),სადაც ხატვის სწავლება რუსული აკადემიური მეთოდით მიმდინარეობდა. ფაქტობრივად აკადემიის სკოლამ განსაზღვრა ნაწილობრივ XX ს-ის ქართული გრაფიკის თავისებურებანიც. ამასთან, მხატვრების ინტერესის საგანს წარმოადგენდა როგორც ევროპული,ისე აღმოსავლური ხელოვნება. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მოდერნის სტილმა,რომელმაც გავლენა საქართველოში უფრო დიდხანს შეინარჩუნა,ვიდრე ევროპაში.

ავანგარდისტული მიმდინარეობის ფართო სპექტრი გრაფიკაში პოპულარული გახდა 1918-21 წლებში დამოუკიდებელ საქართველოში ემიგრირებული რუს მხატვრებთან კონტაქტების შედეგად. ი. გამრეკელის, ბ. გორდეზიანის, კ. ზდანევიჩის ექსპრესიონისტული, კონსტრუქტივისტული ნამუშევრები აისახა ქართული წიგნის საჟურნალო გრაფიკაში, დაზგულ ფურცლებში. ზოგიერთი გრაფიკოსის შემოქმედებაში (ლ. გრიგოლია) გარკვეული მნიშვნელობა მიეცა რამდენიმე პოპულარული ევროპელი მხატვრის შემოქმედებასაც. სცენოგრაფ პეტრე ოცხელის გრაფიკულ ფურცლებში ასევე აქტიურად შეიგრძნობოდა ო.ბერდსლეის, ლ.ბაქსტის, გ. კლიმტის ნამუშევრების გამოძახილი. 1930-იანი წლების იდეოლოგიურმა წნეხმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ქართულ გრაფიკაზე. მრავალი გრაფიკოსი  გამოეთიშა სამხატვრო პროცესს, პ. ოცხელი დახვრიტეს.

30-იანი წლების ქართველ ხელოვანთა-შემოქმედებაში( ფერწერა,გრაფიკა, თეატრალური მხატვრობა და წიგნის მხატვრობა) გაზიარებულია ევროპული ავანგარდის თითქმის ყველა ძირითადი მიმდინარეობა. ზოგიერთი მხატვრის შემოქმედებაში მხოლოდ ერთი ან ორი მიმდინარეობა ვლინდება ( შ.ქიქოძე, ვ. სიდამონ-ერისთავი, კ. ზდანევიჩი, ე. ახვლედიანი, დ. თავაძე) სხვენთან რამდენიმე მიმართულების თანმიმდევრული გადამუშავება და გათავისება იჩენს თავს.( დ. კაკაბაძე, ლ.გუდიაშვილი, ი. გამრეკელი, დ.შევარდნაძე). სამწუხაროდ, 1930-იანი წლებიდან, ზოგადად მოდერნისტული ხელოვნება უკვე რეპრესირებულია. 1921 წელს ანექსირებული საქართველოს კულტურამ ერთიანი საბჭოური კულტურულ-ესთეტიკური სივრცის შექმნის მიზნით,აკრძალვების შედეგად, მარგინალიზაცია განიცადა.

მიუხედავად ამისა, 1930იან წლებში და მოგვიანებითაც გრაფიკოსები ლ. გუდიაშვილი, ს. გაბაშვილი აგრძელებენ თავის ილუსტრაციულ და დაზგურ გრაფიკაში ევროპული და აღმოსავლური ხელოვნების ქართული ძირებთან შეჯერების პროცესს. რამდენადმე განსხვავებული მიმართულებით მუშაობს ს. ქობულაძე, რომელიც აქცენტს რენესანსის ხელოვნების ინტერპრეტირებაზე აკეთებს, თუმცა სიცოცხლის ბოლოს პ.პიკასოს ნეოგრეკული სტილით იტერესდება.

ცვლილება ქართულ ფერწერასა და გრაფიკაში,  ძირითადად, XX ს-ის 50-იანი წლებიდან შეინიშნება.

1950 -იანი წლებიდან ქართველი ახალგაზრდა მხატვრების -დიმიტრი ერისთავის, ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, გივი კასრაძის და სხვ. მაგალითზე  ჩანს,რომ ქართული აკადემიური სკოლა უფრო მეტად ორიენტირებული იყო არა „რუსული“, არამედ რენესანსული ნახატისა და ფორმის გადმოცემის პრინციპებზე. მხატვრები ეფუძნებიან ხატვის კლასიკური მეთოდს, შუქ-ჩრდილით ცდილობენ შექმნან რეალური საგნების ყველასათვის გასაგები გამოსახულება და ამასთანავე ქმნიან საკუთარ გამომსახველობით სისტემას, რომლის ძირითად მახასიათებელ ნიშანს მხატვრის ინდივიდუალობა წარმოადგენს. 

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ასოც/პროფესორი:     მარინა ჯინჭარაძე

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა