ანთიმოზ ივერიელი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო
ანოტაცია
უცხოეთში მოღვაწე ქართველებს შორის ანთიმოზ ივერიელის (1650-1716) სახელი განსაკუთრებით გამორჩეულია. ის იყო დიდი განმანათლებელი, ჰუმანისტი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, თანამედროვე რუმინული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიგლოტი, მთარგმნელი, სასტამბო საქმის ოსტატი და საგამომცემლო საქმიანობის ორგანიზატორი, კალიგრაფი, ხატმწერი, ხუროთმოძღვარი, უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი 1708-1716 წლებში.
ანთიმოზ ივერიელი, ერისკაცობაში ანდრია ხურციძე, მესხეთის სოფელ უდედან იყო. ბავშვობაში აღმოჩნდა სტსმბოლის მონათა ბაზარზე, საიდანაც ის გამოისყიდა იერუსალიმის ბერძენმა პატრიარქმა დოსითეოს II ნოტარამ (1669-1707). თუმცა ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ის კიარ გაიტაცეს სამშობლოდან, არამედ თვითონვე წავიდა მეტი სწავლის, თვითგანვითარებისათვის და თავისი განათლებისა და მხატვრული უნარების ნაწილი სამშობლოშივე შეიძინა. შემდეგ კი ანთიმოზი უცილობლად იერუსალიმის პატრიარქის გარემოცვაში აღმოჩნდა და განისწავლა. მიერიდან ანთიმოზის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა საბოლოოდ დაუკავშირდა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს და მისი ენერგიული მესაჭის დოსითეოს II-ის სახელს. 1689 წ. იერუსალიმში აღკვეცეს ბერად. 1689 წლიდან ანთიმოზ ივერიელი იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით ვლახეთშია, სადაც ის ერთდროულად არის მონასტრის წინამძღვარი, აარსებს რუმინულენოვან და არაბულენოვან სტამბებს, სადაც იბეჭდება წიგნები.. 1708 წელს აკურთხებენ უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად..
ანთიმოზ ივერიელის სამშობლოსთან ურთიერთობის ამსახველი მასალები, გარკვეული პოლიტიკურ -იდეოლოგიური მიზეზების გამო, მწირია. თუმცა რაც შემორჩა ისინი მაინც მეტყველებს, რომ ანთიმოზ ივერიელს არასდროს გაუწყვეტია სულიერი კავშირი საქართველოსთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი, როგორც სასტამბო საქმის დიდი მოამაგის წვლილი 1709 წ. თბილისში ქართული სტამბის დაარსების საქმეში. ანთიმოზ ივერიელის მოსწავლე იყო ცნობილი მიხაი იშტვანოვიჩი, რომლის უშუალო ხელმძღანელობით 1709 წ. ვახტანგ VI (1703-1712;1716-1724) საქართველოში პირველი ქართული სტამბა დაარსა. თბილისის სტამბამ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულენოვანი სასულიერო თუ საერო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ანთიმოზ ივერიელი პირადად იცნობდა დომენტი IV-ს (1705-1741) , რომელიც ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში იმყოფებოდა სტამბოლსა და იერუსალიმში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის დაკავების შემდეგ გვერდით ედგა თავის გვირგვინოსან ძმას ქვეყნის სულიერი აღორძინების, მართლმადიდებლობისა და ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცების ეროვნულ საქმეში.
XVII ს. 70-80-იან წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა იერუსალიმის ქართული სამონასტრო კრებული. ქართველები ნელ-ნელა კარგავენ ქართულ ეკლესია-მონასტრებს; მათ გადასარჩენად , საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, აქტიურად მოქმედებს იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო. დოსითეოს II აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეფე-მთავრებთან, აგროვებს თანხებს და ა. შ. 1685 წ. მან დავალიანებული ქართული სავანეები გამოისყიდა და იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს დაუქვემდებარა გარკვეული პირობებით. სამწუხაროდ, არ გვაქვს ცნობები ( იქნებ კვლევა-ძიებამ მომავალში გამოავლინოს შესაბამისი წყაროები) ამ პროცესებში ანთიმოზის მონაწილეობის შესახებ და ამ მოვლენებიდან მალე ის შორეულ ვლახეთში აგრძელებს მოღვაწეობას, მაგრამ შეუძლებელია მას არ ცოდნოდა ან რაიმე ფორმით არ ყოფილიყო მასში ჩართული. ანთიმოზი მთელი თავისი მოღვაწეობით დაუკავშირდა ვლახეთს, ენერგიულად იბრძოდა რუმინული მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის და სავარაუდოდ იზიარებდა პატრიარქ დოსითეოსისა და მისი მემკვიდრის ქრისანთის (1707-1731) პოლიტიკურ ხედვებსაც, რის გამოც ანთიმოზ ივერიელის მრავალმხრივი მოღვაწეობა მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ოსმალეთის იმპერიისათვის , ასევე ვლახეთის პროოსმალური საერო და სასულიერო წრეებისათვის. სწორედ მათ შეიწირეს ანთიმოზ ივერიელის სიცოცხლე 1716 წ.. თუმცა საუკუნეების შემდეგ რუმინეთის მადლიერმა საზოგადოებამ სათანადო პატივი მიაგო მის სახელს: 1992 წ. რუმინეთის ეკლესიის სინოდმა ანთიმოზ ივერიელი წმინდა მღვდელმოწამედ შერაცხა.
| უკან |
