სემინარები

2026 წლის 25 ივნისს 12:00 საათზე ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე წაიკითხავს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „აჭარის მაღალმთიანეთის პალეოლითური მემკვიდრეობა: ბულულას სერის აღმოჩენა და მთისა და ბარის ეკონომიკური კავშირის ისტორიული ფესვები

ნაშრომში განხილულია აჭარის რეგიონის არქეოლოგიურ-ეკონომიკური კვლევის ისტორია და გაანალიზებულია 2002 წელს მაღალმთიან აჭარაში (ხულოს მუნიციპალიტეტი, ბულულას სერი, ზღვის დონიდან 2000–2200 მ) აღმოჩენილი ქვედა პალეოლითური ძეგლის ფუნდამენტური სამეცნიერო მნიშვნელობა. აღნიშნულმა აღმოჩენამ შეავსო აჭარის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური „თეთრი ლაქა“ და რეგიონის პრეისტორიის ათვლა 300–200 ათასი წლის წინანდელი (გვიანაშელური) ეპოქიდან დაიწყო. ნაშრომში, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, მოცემულია პრეისტორიული ხანის ტექნოლოგიური და ეკონომიკური ევოლუციის ეტაპები (პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი), გლობალურ კონტექსტში (ლომეკვი, დმანისი) და იდენტიფიცირებულია საქართველოში ქვედა პალეოლითური ძეგლების გავრცელების ძირითადი რეგიონები.

ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბულულას სერის, როგორც სეზონური (ზაფხულის) სანადირო ბანაკის, ჰიფსომეტრული და გეომორფოლოგიური თავისებურებების შესწავლა. გეოგრაფიული კლასიფიკაციის მიხედვით, აჭარის რეგიონი დაყოფილია რვა ჰიფსომეტრულ ზონად, რის საფუძველზეც დასაბუთებულია, რომ მთისა და ბარის ეკონომიკური სიმბიოზი და მიგრაციული ციკლები ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ჩაისახა. ნაშრომში წარმოდგენილია სტრატეგიული რეკომენდაციები, რომელთა თანახმად ბულულას სერის პალეოლითური მემკვიდრეობა, კურორტ ბეშუმის სიახლოვეს არსებულ მეგალითურ ნამოსახლარებთან და შქერნალის ისტორიულ ძეგლებთან კომპლექსში, უნდა იქცეს მაღალმთიან აჭარაში არქეო-ტურიზმისა და ეკო-ტურიზმის განვითარების ახალ ინოვაციურ იმპულსად.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა