ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით ენის სწავლება: მექანიკური კოპირებიდან კოგნიტურ ინსტრუმენტამდე - ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მოდელების ექსპერიმენტული ანალიზი
ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფმა განვითარებამ უცხო ენის სწავლების სფეროში ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვლევა ადასტურებს AI-ის დადებით გავლენას ენობრივი უნარების განვითარებაზე, ნაკლებად არის შესწავლილი განსხვავება მისი პასიური და სინთეზურ-კომბინირებული გამოყენების მოდელებს შორის. წინამდებარე კვლევის მიზანია გამოავლინოს, თუ როგორ აისახება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების განსხვავებული ფორმები სტუდენტთა მიერ ენობრივი მასალის შენარჩუნებაზე, გრამატიკულ სიზუსტესა და კულტურული ელემენტების რეპროდუქციაზე.
კვლევის სამიზნე ჯგუფად შერჩეული იქნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქული ენის შემსწავლელი A1.2 დონის 22 ქართველი სტუდენტი. კვლევა ჩატარდა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ფარგლებში. მონაწილეებმა გამოთქვეს თანხმობა კვლევაში მონაწილეობის შესახებ. მათ წინასწარ მიეწოდათ ინფორმაცია კვლევის მიზნების, მონაცემთა გამოყენების ფორმისა და ანონიმურობის დაცვის პირობების შესახებ.
მონაწილეები ორ ჯგუფად განაწილდნენ. A ჯგუფი მუშაობდა AI-ის მიერ გენერირებულ მზა თარგმანებზე დაყრდნობით, ხოლო B ჯგუფი AI-ს იყენებდა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტის სახით სინთეზურ-კომბინირებული მოდელით, ლექსიკური და გრამატიკული საკითხების გადასამოწმებლად. ექსპერიმენტი განხორციელდა ორ ეტაპად და მოიცავდა უკუთარგმანის მეთოდს. მონაცემების ანალიზისათვის გამოყენებულ იქნა ინფორმაციის დანაკარგის კოეფიციენტი, რომელიც ეფუძნებოდა ლექსიკური და გრამატიკული დანაკარგების რაოდენობრივ შეფასებას.
შედეგებმა აჩვენა, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებში ინფორმაციის დანაკარგის კოეფიციენტმა A ჯგუფში 76%, ხოლო B ჯგუფში 56% შეადგინა. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებში განსხვავება მინიმალური აღმოჩნდა: 22% და 21%. კვლევამ ასევე გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავება კულტურული რეალიებისა და ფრაზეოლოგიური ერთეულების გადაცემაში: მხოლოდ სინთეზურ-კომბინირებული მოდელის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა შეძლეს მათი სრულყოფილი და კონტექსტურად ზუსტი რეპროდუქცია.
მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ უცხო ენის სწავლების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფაქტს, არამედ მისი გამოყენების ფორმას. კვლევა ადასტურებს, რომ სინთეზურ-კომბინირებული მოდელი უფრო ეფექტურად უწყობს ხელს ენობრივი მასალის შენარჩუნებას, დამოუკიდებელი ანალიზის განვითარებასა და კულტურული კომპეტენციის ფორმირებას, ვიდრე AI-ის მზა პროდუქტზე დაფუძნებული სწავლების პრაქტიკა.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, უცხო ენის სწავლება, უკუთარგმანი, ინფორმაციის დანაკარგის კოეფიციენტი, კულტურული კომპეტენცია.
| უკან |
