სემინარები

2026 წლის 13 ივლისს 12:00 (ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი 408) ზუსტ მეცნიერეათა და განათლების ფაკულტეტის, ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასისტენტ პროფესორები თეონა თედორაძე და ლეილა დიასამიძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით წერის სწავლების თანამედროვე მეთოდების კვლევა.

ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით წერის სწავლების თანამედროვე მეთოდების კვლევა

 ექსპერიმენტული კვლევა  მიზნად ისახავს Chat GPT-ზე დაფუძნებული ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელის ეფექტურობის განსაზღვრას იმ სტუდენტების წერის უნარების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ეუფლებიან ინგლისურს, როგორც მეორე უცხო ენას. კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ასეთი მიდგომის ინტეგრირება სასწავლო პროცესში წერის უნარების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ნაშრომი წარმოადგენს წერის სწავლების მეთოდების მიმოხილვას წერის უნარების შეფასების გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. მოდელის ეფექტურობა ფასდება ტრადიციულ სასწავლო მეთოდებთან შედარებით. მოცემულია რეკომენდაციები თუ როგორ გამოვიყენოთ NLP ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციისთვის. დასკვნაში ხაზგასმულია გამოყენებული ტექნოლოგიის მნიშვნელობა წერის უნარების გასაუმჯობესებლად და განხილულია Chat GPT მოდელის გამოყენების პერსპექტივები სტუდენტებში წერითი უნარების განვითარებისათვის.

უცხო ენის სწავლებისას, როგორც ცნობილია, აუცილებელია ოთხი უნარის ერთდროული განვითარება: მოსმენის, კითხვის, საუბრის და წერის. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეფექტური წერის უნარები უდავოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურ კომუნიკაციაში და წარმატების საწინდრად ითვლება. მათი განვითარება აუცილებელია სტუდენტებისთვის. კომპეტენტური წერილობითი კომუნიკაცია ხელს უწყობს გაუგებრობების თავიდან აცილებას როგორც პირად, ისე საქმიან კონტექსტში, რამაც ზოგადად შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს სტუდენტების მომავალზე. გარდა ამისა, რეგულარული წერითი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ზეპირი მეტყველების უნარებს.

ენის სწავლების პროცესში Chat GPT-ის ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკავშირდება სტუდენტების წერის უნარების გაუმჯობესების პოტენციალს Chat GPT-ის გამოყენებით. მეცნიერები Chat GPT-ს სწავლის ღირებულ წყაროდ მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია დახმარება წერილობითი ნამუშევრების ანალიზში. ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური ინტერაქციის კომბინაცია წარმოადგენს პერსპექტიულ მიდგომას ენის სწავლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

 ჩვენი კვლევის მიზანია აღვწეროთ Chat GPT-ის ინტეგრაცია და მისი ინსტრუქციული გამოყენება სასწავლო პროცესში, რომელიც მიმართულია წერის უნარების გაუმჯობესებისკენ. Chat GPT-ის გამოყენების სფეროები წერის უნარების განვითარებისთვის შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ლექსიკის გამდიდრება, გრამატიკის გაუმჯობესება, წერილობითი ნამუშევრების ანალიზი, სხვადასხვა სტილის ტექსტების წერა, სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობა თვითშეფასებისა და უნარების განვითარებისთვის და, ბოლოს, მასწავლებლების მიერ სტუდენტების ესეების მართლწერისა და გრამატიკის შემოწმების გაადვილება. Chat GPT ახალი ფენომენია და მიუხედავად ამ სასწავლო ინსტრუმენტის სიახლისა, იგი უკვე სულ უფრო აქტიურად გამოიყენება უცხო ენების სწავლების პროცესში. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, Chat GPT-ის გამოყენება წერის სწავლების პრაქტიკაში დადებით შედეგებს იძლევა. ხელოვნური ინტელექტის მოდელის პოტენციალი განათლებაში მოითხოვს მისი ყველა შესაძლებლობის ემპირიულ კვლევას. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ Chat GPT უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელსაც არ შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს რეალურ მასწავლებელთან ურთიერთობა.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა