სემინარები

2026 წლის 13 ივლისს 12:00 (ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი 408) ზუსტ მეცნიერეათა და განათლების ფაკულტეტის, ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასოცირებული პროფესორები ნინო სამნიძე, თათია ნაკაშიძე-მახარაძე და მედეა დიასამიძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: პედაგოგიკისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია მომავალი მასწავლებლების მომზადების პროცესში.

პედაგოგიკისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია მომავალი მასწავლებლების მომზადების პროცესში

აბსტრაქტი

ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე განათლების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომავალი მასწავლებლების მომზადებას, რათა მათ შეძლონ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გააზრებული და მიზნობრივი ინტეგრირება სასწავლო პრაქტიკაში. წინამდებარე ნაშრომი იკვლევს, როგორ შეიძლება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება პედაგოგიკური მომზადების გასაძლიერებლად მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში. კვლევის საკვანძო შეკითხვაა: როგორ გავლენას ახდენს მეთოდიკაზე ორიენტირებულ საუნივერსიტეტო კურსებში ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირება მომავალი მასწავლებლების პედაგოგიკურ მზაობაზე? აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მასწავლებლის მომზადება უნდა პასუხობდეს თანამედროვე საკლასო გარემოს მოთხოვნებს, სადაც პედაგოგიურ ცოდნასთან ერთად სულ უფრო მეტად ფასდება ციფრული კომპეტენცია. მომავალი მასწავლებლების როგორც პედაგოგიკური, ისე ციფრული კომპეტენციების განვითარება აუცილებელია XXI საუკუნის სასწავლო გარემოში ეფექტიანი და საინტერესო სწავლების უზრუნველსაყოფად.

კვლევა ეფუძნება შერეული მეთოდების (mixed-methods) კვლევით დიზაინს. კვლევაში მონაწილეობდნენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. მონაცემები შეგროვდა სასწავლო პროცესზე დაკვირვების, მონაწილეთა რეფლექსიური დღიურებისა და კურსის დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე. სწავლების მეთოდიკის კურსში ინტერაქტიული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გამოცდილების მხარდასაჭერად გამოყენებულ იქნა  მრავალფეროვანი ციფრული ინსტრუმენტები.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სტუდენტები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ ციფრული ინსტრუმენტების სასწავლო მიზნებისთვის გამოყენებაში, უკეთ გაიაზრეს მოსწავლეთა ჩართულობის სტრატეგიები და პედაგოგიკასა და ტექნოლოგიას შორის ურთიერთკავშირი.  ამასთან, ისინი ციფრულ ინსტრუმენტებს აღარ აღიქვამდნენ მხოლოდ ტექნიკურ რესურსებად, არამედ მათ უფრო მიზნობრივად იყენებდნენ სასწავლო აქტივობების დაგეგმვისა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, გამოიკვეთა გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ინსტრუმენტების სიჭარბესა და მათი მიზანშეწონილი შერჩევის სირთულესთან. კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ციფრულ ინსტრუმენტებთან სისტემური, პრაქტიკაზე დაფუძნებული მუშაობა აძლიერებს მომავალი მასწავლებლების პედაგოგიკურ მზაობას და ხელს უწყობს ციფრული კომპეტენციისა და პედაგოგიკური აზროვნების განვითარებას.

საკვანძო სიტყვები: მომავალი მასწავლებლების მომზადება, პედაგოგიკა, ციფრული ინსტრუმენტები, სწავლების მეთოდიკა, ციფრული კომპეტენცია.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა