სემინარები

2026 წლის 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თამილა ლომთათიძე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებს სემინარს თემაზე: "აჭარის ეთნოკულტურული მრავალფეროვნება (ქურთები)"

აჭარის ეთნოკულტურული მრავალფეროვნება (ქურთები)

სემინარი ტარდება ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების პროექტის - „ეთნოკულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ბათუმში - წარსული და თანამედროვეობა“ -  ფარგლებში და ეხება აჭარაში მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ეთნიკურ ჯგუფს ქურთებს. საკითხის შერჩევა განაპირობა იმან, რომ უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდა არაერთი წყარო საქართველოში და, კერძოდ, აჭარაში მცხოვრები ქურთების შესახებ, რამაც გააჩინა ახალი ჰიპოთეზები აჭარაში ქურთების ჩამოსახლებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ეს წყაროები და ქურთული თემის წარმომადგენელთაგან ჩაწერილი ზეპირი ისტორიები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ კახაბრელი ქურთების წინაპრები უფრო ადრეულ პერიოდში დასახლდნენ აჭარაში, ვიდრე ეს აქამდე იყო აღიარებული. ისინი წარმოადგენდნენ მომთაბარე/ნახევრადმომთაბარე ქურთულ ჯგუფს, რომელიც სეზონურად მოძრაობდა აღმოსავლეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიასა და აჭარის მთებს შორის და თანდათან დამკვიდრდა კახაბერში. სხვადასხვა დროს აჭარაში ჩამოსახლებული რამდენიმე ქურთული ჯგუფი საბოლოოდ გაერთიანდა კახაბრის ქურთული საზოგადოების ფარგლებში. აჭარის ქურთები, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები იეზიდი მოსახლეობისგან განსხვავებით, ძირითადად, მუსლიმები იყვნენ და საუბრობდნენ ქურთული ენის იშვიათ დიალექტზე - ზაზაზე. სემინარი მიეძღვნება აჭარაში მცხოვრები ქურთული თემის ისტორიის, ყოფისა და ზაზას დიალექტის შესახებ არსებული ახალი დოკუმენტების და ზეპირი ისტორიების მიმოხილვას.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა