როგორც ცნობილია, გ. ყიფიანი მე-20 საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობის ნიჭიერი, გამორჩეული და სახასიათო შემოქმედია. მისი პოეზია გამორჩეულია ღრმა განცდითა და ვიზუალურ-მუსიკალური სახეებით. ეს ყველაფერი კი სამშობლოს მოშორებით გამოწვეული ტკივილითაა ნასაზრდოები. მას უცხოეთში მცხოვრები ქართველები დიდ შეფასებას აძლევდნენ. ეს შეფასება შემთხვევითი არაა. მისი პოეზია, ლიტერატურული გემოვნება და მკითხველის, შემფასებლის დაკვირვება, ლიტერატურული ჩაღრმავება ამის დასტურია.
სამწუხაროა, რომ გ. ყიფიანის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი უცნობია ქართველი მკითხველისათვის. ხელმისაწვდომი კრებულებია: გიორგი ყიფიანი, ლექსები, 1930-1965, პარიზი, 1965 წ.; ირინე და გიორგი ყიფიანი, საზიარო პოეზია, პარიზი, 1979 და პოეზიისა და სიცოცხლის ვაზი, 1965-1973 წწ. მოხსენებაში, სწორედ, მისი პოეზიის მთავარი სატკივარის შესახებ ვისაუბრებთ.
გ. ყიფიანის შემოქმედების თემატიკაა ეროვნულ-პატრიოტული პრობლემატიკა, 1921 და 1924 წლების ტრაგედიით გამოწვეული ავბედითობა, თავისუფლებადაკარგული სამშობლოს ტრაგიკული მდგომარეობა. ჩვენი კვლევის მიზანი გ. ყიფიანის ერთ-ერთი მთავარი სატკივარის - სამშობლოს მოშორებით გამოწვეული განცდებისა და ტკივილის შესახებ საუბარია. თითქმის ყველა ლექსში ხმიანდება ეს საკითხი და მთელ მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს. პოეტი მძაფრი განცდებით, თქმის კულტურით, დახვეწილობით ნათლად წარმოგვიდგენს მის სულიერ მდგომარეობასაც.
გ. ყიფიანი ლექსში „მე ვეძებდი“ წერდა: „პოეზია არ არსებობს მშობელ მიწის გარდაო“. მართალია, პოეტი მოშორებულია სამშობლოს, მაგრამ მისი შემოქმედება მშობლიური სამოსახლოს, ეზო-კარის, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულითაა ნაკვებ-ნასაზრდოები. შესაბამისად, მისი შემოქმედების ერთ-ერთი ძარღვი, თემა სამშობლოს მოშორებით გამოწვეული მძაფრი გრძნობების, ტკივილის გამოხატულებაა.
ერთია, რას ამბობს, რაზე გვესაუბრება შემოქმედი და მეორე, როგორ, რა ფორმით მოაქვს მკითხველამდე სათქმელი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი პოეზია თქმის ხელოვანებითაც გამორჩეულია. ეს კი მას ქართული პოეტური ტრადიციების გამგრძელებლადაც და ორიგინალურ შემოქმედადაც წარმოაჩენს. ვიზუალურ-სმენითი ხატებით, სახასიათო მეტაფორული აზროვნებით, მოულოდნელი შედარებებით სათქმელს ნათლად, უშუალოდ და ღრმა განცდებით გვანდობს. ენობრივი დახვეწილობა, ვერსიფიკაციულ ფორმათა მრავალფეროვნება, ევფონია თავისთავად საოცარი ხელწერის პოეტად წარმოგვიდგენს მას. სიტყვიერი ოსტატობა, ლექსიკა, დახვეწილი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე. ამგვარად მოტანილი სათქმელი ემოციური და ხატოვანია.
აღნიშნული კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გ. ყიფიანის პოეტური ნააზრევი ოდენ ემიგრანტული პოეზიის კუთვნილება როდია. ის მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის სახასიათო, ნიჭიერი და საინტერესო შემოქმედია. შესაბამისად, მას სათანადო ადგილი უნდა მიეჩინოს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
| უკან |
