ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მამია ფაღავა -70

სურათი

70 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მკვლევარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატს, ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, მომავალი თაობების აღმზრდელს, პროფესორ მამია ფაღავას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან თარიღს.

მამია ფაღავამ მთელი თავისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა მშობლიურ უნივერსიტეტს დაუკავშირა და დღემდე ერთგულად ემსახურება მას. იგი  ერთ-ერთია იმათგან, რომელთა ღვაწლიც ქმნის უნივერსიტეტის სახეს. 1978 წელს მან დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალობით; 1981-1984 წლებში სწავლობდა თსუ-ს ასპირანტურაში ახალი ქართული ენის კათედრაზე; 1986 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია, 2004  წელს - სადოქტორო დისერტაცია. 1979 წლიდან მამია ფაღავა მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელშია: ლაბორანტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის  დეკანი, ქართული ენის კათედრის გამგე,  უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში... იგი არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ლინგვისტიკის სამაგისტრო და ფილოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების  თანახელმძღვანელი; უდავოდ გამორჩეულია მამია ფაღავას, როგორც პროფესორის, მკვლევრის როლი თაობათა პროფესიულ დაოსტატებაში. მისი ხელმძღვანელობით არაერთმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია, არაერთმა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა მაგისტრატურა თუ ბაკალავრიატი...

განსაკუთრებულია მამია ფაღავას დამსახურება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ქართული მეცნიერების წინაშე. მისი მეცნიერული მონაგარი მოიცავს ორასზე მეტ ნაშრომს  და ბევრი მათგანი ფუნდამენტური წყაროა ისტორიული სამხრეთ საქართველოს (რომლის კვლევაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია) შესწავლისას. ამ მიმართულებით კვლევებს წარმატებით ახორციელებს ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრი ბატონი მამიას ხელმძღვანელობით.

1995 წლიდან დღემდე ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა ორმოცზე მეტი ექსპედიცია; მასშტაბური საველე სამუშაოები ჩატარდა როგორც ჭოროხის აუზსა და ლაზეთში, ასევე თურქეთის შიდა პროვინციებში; გამოიცა მონოგრაფიები. მამია ფაღავა არის ავტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, ძირითადი პერსონალი მრავალი კომპლექსური სამეცნიერო პროექტისა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრში დღემდე ჩატარდა 20 სამეცნიერო კონფერენცია და გამოიცა „კრებულის“ 13 ტომი.

ქართველოლოგიის ცენტრის საქმიანობის მასშტაბზე მიუთითებს კომპლექსური მონოგრაფიები: „შავშეთი“ (2011 წ.), „კლარჯეთი“ (2016 წ.), „სარფი“(2015 წ.), „ტაო“ (2020 წ.), „მარადიდი (2020 წ.)“ და სხვანი.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მამია ფაღავას წიგნები: „შავშური ჩანაწერები“ (2011 წ.), „მუჰაჯირთა შთამომავლებთან“(2016 წ.), „კლარჯული ჩანაწერები“ (2017 წ.), ,,ტაოური ჩანაწერები“ (2021წ.) და მრავალი სხვა.

2018 წელს პროფ. მამია ფაღავას, კოლეგებთან ერთად, კომპლექსური მონოგრაფიისთვის „კლარჯეთი“ მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის პრემია.

2022, 2023 და 2024 წლებში გამოიცა მონოგრაფიები: ,,ქართული ენის შავშური დიალექტი“, ,,ქართული ენის კლარჯული დიალექტი“, ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი“, მონოგრაფიების ავტორები არიან პროფესორები: მამია ფაღავა, †მერი ცინცაძე და მაია ბარამიძე. მონოგრაფიები გამოიცა პროფესორ მამია ფაღავას საერთო რედაქციით.

მამია ფაღავა არის სამეცნიერო ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმდინარე პროექტისა: „სპერი - ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“.

ფასდაუდებელია ბატონი მამია ფაღავას დამსახურება ქართველოლოგიის განვითარებაში. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული:

დარგში შეტანილი წვლილისთვის 2015 წელს ბსუ-ს 80 წლისთავთან დაკავშირებით იგი დააჯილდოვეს ღირსების მედლით.

2016 წელს იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით.

2024 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ქართული ენის დაცვა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორ მამია ფაღავას გადასცა სიგელი.

2025 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით პროფესორი მამია ფაღავა დაჯილდოვდბსუ- საპატიო ჯილდოთ - შოთა რუსთაველის სახელობის მედლით.

2025 წელს გამორჩეული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის  მამია ფაღავა დაჯილდოვდტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით.

ყველაზე დიდი ჯილდო კი სიყვარულია, რომლითაც ის სარგებლობს საზოგადოებაში, უნივერსიტეტში - კოლეგებსა და სტუდენტებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა