7 აპრილი 2026 წელი

ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
ღონისძიებების პროგრამა მოიცავდა ფრანგული ენის კონკურსს, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ბსუ-ს სტუდენტები, ასევე ქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენდა ფრანგული ენის ცოდნა A1, A2 ან B1 დონეზე, ასევე გაიმართა ფრანგული ფილმის „Les Intouchables“-ის ჩვენება, რომელსაც მოჰყვა საინტერესო დისკუსია.
კონკურსი დასრულდა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით, რომლის ფარგლებში გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიებები გაიმართა ბსუ-ის ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული დასაქმების ფრანკოფონული ცენტრის (CEF Batoumi) ორგანიზებით, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (APFA) და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს ფრანკოფონული სივრცის განვითარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალგაზრდებში ფრანგული ენისადმი ინტერესის ზრდას.