
ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში პროექტის ,,უნივერსიტეტი-სკოლას’’ ფარგლებში იმყოფებოდნენ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქიმიის მასწავლებელი თამარ ბერიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მარინა ქერქაძე.
,,რატომ მემბრანული ტექნოლოგიები?’’ - ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა, რომელზეც ფართოდ ისაუბრა მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსმა რაულ გოცირიძემ. მან აღნიშნა, რომ მემბრანული ტექნოლოგია იწოდება როგორც ,,მწვანე“’ ტექნოლოგია, რადგანაც გამოირჩევა ურეაგენტო, ენერგო და რესურს დამზოგველი თვისებებით.
მეცნიერებმა მოსწავლეებს გააცნეს ინსტიტუტში მიმდინარე კვლევითი პროექტები: ,,ნავთობის და ნავთობპროდუქტების შემცველი ჩამდინარე წყლების გაწმენდა‘’, ,,ელექტროლიზური მეთოდების გამოყენებით მცენარეული სამრეწველო ნარჩენებიდან პექტინების ექსტრაქციისა და გამოლექვის პროცესების კვლევა’’, ,,მძიმე ლითონების იონების შემცველი წყლების გასუფთავება/კონცენტრირება’’ და ახსნეს მემბრანული ტექნოლოგიების უპირატესობა ტრადიციულთან მიმართებაში ზემოქმედების შემცირების თვალსაზრისით.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მემბრანების სინთეზის, ტექნოლოგიების, სორბციის, ელექტროდიალიზის ლაბორატორიები, გაეცნენ მემბრანულ და სორბციულ აპარატებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ნავთობის შემცველი ჩამდინარე და საწარმოო წყლების გასაწმენდად და ასევე გაეცნენ ელექტროდიალიზური აპარატის მუშაობის პრინციპს, რომელიც თანამედროვე საწარმოებში გამოიყენება საწარმოო წყლების გასასუფთავებლად მძიმე ლითონთა იონებისგან და ამავდროულად, მათ გამოსაყოფად წარმოებაში კვლავ დაბრუნების მიზნით.
მოსწავლეებისთვის შედგა ექსპერიმენტების დემონსტრირება: მარილების მიღება კონცენტრირებული ხსნარებიდან ე.წ. ,,მფრქვევანა“ საშრობის გამოყენებით, წყლის ზედაპირიდან ნავთობის ფენის შეკრება/ მოცილება, ,,ცოცხალი“’ და ,,მკვდარი’’ წყლების მიღება, პექტინის გამოლექვა მანდარინის გამონაწნეხიდან და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი რაულ გოცირიძე; უფროსი მეცნიერი თანამშრომლები: რუსლან დავითაძე, ავთანდილ ცინცქილაძე, დარეჯან ჩიქოვანი; მეცნიერი თანამშრომლები: ჯეირან ფუტკარაძე, ლამზირა კონცელიძე, ტექნოლოგები: მედეა მელიმონაძე, ნუკრი კურცხალიძე, ქეთევან თენიეშვილი.
შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და STEM საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლება.
| უკან |













