
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ინიციატივით, გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება - „ვინ და რატომ უნდა ისწავლოს ქიმია? - მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
ბსუ-ს ეზოში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ექსპერიმენტები ჩატარდა, რომელშიც ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან, პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ღონისზიებაზე ახალგაზრდებს პროექტის მიზნები გააცნო აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ მეგრელიძემ, რომელმაც ასევე წაიკითხა ლექცია თემაზე: „ქიმიის მნიშვნელობა გარემოსა და მეცნიერებაში“. პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი „ქიმია ჩვენს ცხოვრებაში“.
პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაზრდა პრაქტიკული, ვიზუალური და ინტერაქციული აქტივობების საშუალებით. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ლაბორატორიული დემონსტრაციები, ექსპერიმენტები, შემოქმედებითი აქტივობები და საგანმანათლებლო ლექციები.
ღონისძიებაზე „ქიმიური შოუ“ წარადგინა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგემ, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის კოორდინატორმა, ქიმიის დოქტორმა ელიზა მარქარაშვილმა.
პრაქტიკული ლაბორატორიის ფარგლებში, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, ნინო კიკნაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები და სტუდენტები თავად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. მათ შეასრულეს pH-ის განსაზღვრა ინდიკატორებითა და საველე pH-მეტრით, მარტივი ტიტრაცია (ნეიტრალიზაცია), წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შეფასება საველე პირობებში, ასევე საველე გაზომვები და ანალიზი პორტატული ხელსაწყოების გამოყენებით.
ასევე ჩატარდა აკადემიკოსს რამაზ გაკოხიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქიმიის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის როლი ჯანსაღი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში“.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა შემოქმედებითი აქტივობები: პლაკატების გამოფენა „ქიმია ჩემს გარშემო“, მოსწავლეთა პრეზენტაციები თემაზე „ქიმია ჩემს ცხოვრებაში“, ინტელექტუალური ვიქტორინა - „შეუძლია თუ არა მეცნიერებას ქვეყნის განვითარების შეცვლა?“.
| უკან |



















