აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

სამეცნიერო კონფერენცია „ნანოტექნოლოგიები“ (GTU Nano 2026)

სურათი

მიმდინარე წლის 6-9 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რიგით მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნანოტექნოლოგიები“ (GTU Nano 2026) ჩატარდა. ღონისძიებას მსოფლიოს 17-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და კვლევითი ცენტრების ცნობილი მკვლევრები, ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანია,  ნანოტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე კვლევების შედეგების წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო კოლაბორაციის გაძლიერება. სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა: ნანოფიზიკა, ნანოქიმია, ნანობიოლოგია, ნანომედიცინა და ნანოინჟინერია.

კონფერენციაზე მიწვევით წარსდგნენ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო მხეიძე და მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ჯეირან ფუტკარაძე.

მათ წარადგინეს სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „ნავთობნახშირწყალბადებით დაბინძურებული წყლების საბოლოო გაწმენდა ულტრაფილტრაციული კომპოზიტური მემბრანების გამოყენებით“(Final Stage Treatment of Petroleum–Hydrocarbon Contaminated Water Using Ultrafiltration Composite Membranes). ავტორები: ნინო მხეიძე, ჯეირან ფუტკარაძე, რაულ გოცირიძე, თამარ დუნდუა, რუსლან დავითაძე, როინ ჭედია.

ნაშრომი ეხება უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურ პრობლემას - ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდას მინიმალური დანახარჯებით, სორბციასა და ბარომემბრანულ პროცესებზე დაფუძნებული კომპლექსური ტექნოლოგიების გამოყენებით. სორბციის პროცესში სორბტებად გამოყენებულია ადგილობრივი საწარმოო მეორადი ბუნებრივი და სინთეზური მასალები.  მემბრანული ფილტრაციისთვის კი გამოიყენეს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილებაში სინთეზირებული პოლიმერული ულტრაფილტრაციული მემბრანები.

ულტრაფილტრაციული მემბრანები დამზადდა ინოვაციური მოდიფიცირების გზით: პოლისულფონის (Udel, Solvay) ბაზაზე, სადაც პოლიეთილენგლიკოლი (PEG-400) გამოყენებულია ფორების წარმომქმნელ კომპონენტად, ხოლო გრაფენის ოქსიდი (GO) -  მემბრანის სტრუქტურისა და ზედაპირული თვისებების მოდიფიკატორად.

 ამ მიდგომამ არსებითად გაზარდა მემბრანების ჰიდროფილურობა, ფორიანობა და გაჭუჭყიანებისადმი მდგრადობა.

კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია იმ მეცნიერებში, რომლებიც მუშაობენ 2D სტრუქტურის გრაფენის ოქსიდის მიღების, მოდიფიცირებისა და წყლის გაწმენდის ტექნოლოგიების შექმნის მიმართულებით.

კონფერენციაზე დასწრებასთან ერთად, მეცნიერების ვიზიტის მიზანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივი კვლევების ჩატარებაც წარმოადგენდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა