გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ჟურნალ-გაზეთები არ დაკარგავს მნიშვნელობას თანამედროვე ადამიანისთვის“

სურათი

1921 წლის 18 მარტს პირველი რეგიონული გაზეთი, სახელწოდებითუწყებანიგამოვიდა. დღეს უკვე გაზეთიაჭარა“ 103 წლისაა. ამავდროულად, 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ მიიჩნევა. პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან 105 წელი გავიდა. საუკუნეზე მეტია არ შეცვლილა ის უპირობო მოთხოვნა, რომ ჟურნალისტიკა სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს.

გაზეთბათუმის უნივერსიტეტისსტუმარია გაზეთაჭარისმთავარი რედაქტორი, ქალბატონი მარინა მითაიშვილი, რომელიც 37- წელია ცხოვრებას ამ რეგიონულ გამოცემას უკავშირებს. ამბობს, რომ მისთვის ჟურნალისტიკა არის მოუსვენრობის, მუდმივი განცდების, ხანდახან უძილო ღამეების, საკუთარი თავისადმი გაუთავებელი პრეტენზიებისა და უკმაყოფილების მიზეზიც...

_ ერთადერთი ადგილი, სადაც „აჭარის“ რედაქციამდე ვიმუშავე, სკოლა იყო. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მე და ჩემი თანაკურსელი რუსუდან შოვნაძე (ნათელი მის სულს), სამუშაოდ, განაწილებით, სვანეთში წავედით... და ორივე იქვე დავოჯახდით. ჯერ მესტიის რაიონის სოფელ კალაში, აქაურ ერთადერთ სკოლაში ვიმუშავე ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ - დაბა მესტიის მეორე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სწავლა-აღმზრდელობით დარგში (ასე ერქვა ამ თანამდებობას). ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში. უცხო გარემოში,  ახალ ამპლუაში, ანუ პედაგოგის რანგში საკუთარი თავის წარმოჩენა ერთგვარი გამოცდა იყო, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავის დასამკვიდრებლად აუცილებლად ღირსეულად უნდა ჩამებარებინა.  ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ამ ულამაზეს და ძალიან საინტერესო ადამიანებით დასახლებულ კუთხეში ბევრი მეგობარი შევიძინე. მოკლედ, პედაგოგიურმა საქმიანობამ 3 წელს გასტანა. შემდეგ მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი და „აჭარის“ რედაქციაში კორექტორად დავიწყე მუშაობა. თითქმის ყველა საფეხური გავიარე, სანამ მთავარი რედაქტორი გავხდებოდი. ვრედაქტორობდი სხვა გამოცემებსაც (თეატრალური ჟურნალი „აფსაროსი“, პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების გამოცემა „თქვენი გაზეთი“), ვიყავი საბავშვო შემეცნებითი ტელეგადაცემა „რაგინდარას“ ავტორი „ტვ-25“-ში. გამოცემული მაქვს არტურ რემბოს პოემისა („ერთხელ ჯოჯოხეთში“) და სხვა ფრანგი პოეტების ლექსების თარგმანები როგორც წიგნად, ისე - ჟურნალ-გაზეთებში. ახლაც ვაპირებ ჟან კოკტოს „საფრანგეთის დედოფლების“ ჩემეული თარგმანის გამოქვეყნებას. 37-ე წელია გაზეთ „აჭარაში“ ვმუშაობ, აქედან 10 წელი - მთავარ რედაქტორად. მყავს ორი ვაჟი. უფროსი, ზურა, პროფესიით რეჟისორია, უმცროსი - სკოლის მოსწავლეა.

_ გაზეთიაჭარა“ 103 წლისაა. მოკლედ უამბეთ მკითხველს საუკუნეს გადაცილებელი რეგიონული გამოცემის ისტორია...

_ გაზეთი „აჭარა“ სახელწოდებით „უწყებები“ პირველად 1921 წლის 18 მარტს გამოვიდა. სხვადასხვა პერიოდში მას, ასევე, ერქვა - „პროლეტარული ბრძოლა“, „ფუხარა“, „საბჭოთა აჭარისტანი“, „საბჭოთა აჭარა“.  ათეულობით წლების განმავლობაში იგი პირველი იყო აჭარაში პერიოდულობის, ტირაჟისა და ამ კუთხის განვითარებაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ მან გადაიტანა არაერთი ქარტეხილი, საზოგადოებრივი წყობა და შეინარჩუნა აჭარის მოჭირნახულისა და მემატიანის სახელი, ტრადიციები, რომლებიც სამშობლოსა და პროფესიის ერთგულებას გულისხმობს. გაზეთმა გამოიარა მკაცრი ცენზურის წლები როგორც ავადსახსენებელ კომუნისტურ პერიოდში, ისე მოგვიანებითაც „ნაცმოძრაობის“ ზეობის ხანაში. ამჟამად ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ისე თავისუფალია, როგორც არასდროს აქამდე. მთავარი, რითაც გულწრფელად შეგვიძლია ვიამაყოთ ამ გაზეთის მესვეურებმა, ეს ადამიანის სიყვარული და პატივისცემაა. აქ მუშაობდნენ ისეთი პიროვნებები, რომელთა ინტელექტი და მოქალაქეობრივი პოზიცია გაზეთის პოტენციალზე მიუთითებდა. ჩვენ ვამაყობთ მათი სახელებით, ესენია: შოთა ქურიძე, ალი სამსონია, ავთო დიასამიძე, თენგიზ ხომერიკი, ამირან ვადაჭკორია, საშა მითაიშვილი, ნევრო პატარაია, გიორგი სალუქვაძე, გივი თევზაძე და ბევრი სხვა. ბოლო ხანებში „აჭარა“ კვირაში სამჯერ გამოდიოდა, ამ წლის აგვისტოდან კი მხოლოდ ერთხელ გამოდის, რადგან გადავწყვიტეთ, რესურსების მეტი ნაწილი ინტერნეტპლატფორმის გაძლიერებისთვის გამოგვეყენებინა. დღეს გაზეთში ახალი თაობის ჟურნალისტები მუშაობენ და ძველებისგან სიღრმისეულად ითვისებენ  პროფესიის წახნაგებს. მანანა ძიძიშვილი (საპატიო ბათუმელი), ეთერ ხომერიკი, ავთო ვადაჭკორია იმ „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ქალაქის, ქართული ჟურნალისტიკის სახეებს წარმოადგენენ.

_ რას ნიშნავს თქვენთვის გაზეთიაჭარა“?

_ 37-ე წელია ამ გაზეთში ვმუშაობ. მეორე კი არა, ლამის პირველი ოჯახია, დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ვატარებ, რედაქციის გარემოცვაში. ეს ჩემი ცხოვრებაა.

_ ქალბატონო მარინა, ზოგადად, თქვენივე პრაქტიკული გამოცდილებიდან, რა არის ჟურნალისტიკა?

_ ჟურნალისტიკა სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს, სიმართლეს, რომელიც ყველას სხვადასხვაგვარად ესმის... ამიტომაა იგი ერთ-ერთი უძველესი და ურთულესი პროფესია... და მაინც, მისმა წარმომადგენლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად შესაძლებელია, ვინმეს ან რომელიმე სტრუქტურის ინტერესებს არ წარმოადგენდნენ, თავს გამიზნული სიცრუის უფლება არ უნდა მისცენ. დეზინფორმაციის გავრცელება უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყანას. სიტყვა ყველაზე მძლავრი იარაღია და მისი არასწორად, საკუთარი, ან ვიღაც ერთის ინტერესებისთვის გამოყენება კატასტროფად იქცევა მთელი ერისთვის. ჟურნალისტის ნომერ პირველი მახასიათებელი, პროფესიონალიზმთან ერთად,  სინდისიერება უნდა იყოს, რათა საჯაროდ გამოიტანოს  არაპროფესიონალიზმის, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერების  და უსამართლობის ყველა მისთვის ცნობილი  ფაქტი, რომელზეც აუცილებელია საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაგირება. მანვე უნდა გამოამზეუროს ადამიანების ნაღვაწი, ნიჭიერება, ავს ავი უწოდოს და კარგს - კარგი. განათლება, ინფორმირებულობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა - ეს ის თვისებებია, რომლებიც ჟურნალისტს შეუცვლელს ხდის ქვეყნის განვითარებისთვის. პირადად ჩემთვის ჟურნალისტიკა არის ჩემი მოუსვენრობის, მუდმივი განცდების, ხანდახან უძილო ღამეების, საკუთარი თავისადმი გაუთავებელი პრეტენზიებისა და უკმაყოფილების მიზეზიც...

_ 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. რას უსურვებთ სტუდენტებს და თანამედროვე მედიის მესვეურთ?

_ ახალგაზრდებს, რომლებიც ჟურნალისტობას გადაწყვეტენ, ვუსურვებ, მზად იყვნენ იმისთვის, რომ ვერასდროს მოისვენებენ, რომ ყოველთვის ყველაფერი მათი საქმე და ინტერესის სფერო იქნება, რომ ყველა დროში ბევრი უკმაყოფილო და გაბრაზებული ადამიანი ეყოლებათ, ამიტომ მოთმინებას, გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და განათლებისადმი დაუცხრომელ სწრაფვას ვუსურვებ.

_ როგორ გესახებათ ბეჭდური მედიის მომავალი?

_ ბევრი ფიქრობს, რომ ბეჭდური მედიის დღეები დათვლილია, მაგრამ, ჩემი აზრით, ცდებიან. ადამიანებს ცვლილებები უყვართ, ამჟამად სმარტფონებით, გაჯეტებით და ციფრული ტექნოლოგიების სხვა მიღწევებით არიან გატაცებულნი, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ადრინდელზე უფრო მწვავედ იგრძნობენ ქაღალდის შრიალის ფონზე წაკითხული გაზეთის აუცილებლობას. ვფიქრობ, ჟურნალ-გაზეთები არ დაკარგავს მნიშვნელობას თანამედროვე ადამიანისთვის.

_ გაზეთაჭარისმთავარი რედაქტორის ერთი ჩვეულებრივი დღე….

_ მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღის გრაფიკი იწყება სამსახურით და მთავრდება სახლით, ისინი მაინც სხვადასხვანაირია საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან შეხვედრებით, საინტერესო ღონისძიებებზე, თეატრალურ წარმოდგენებსა თუ კონცერტ-ფესტივალებზე, გამოფენა-პრეზენტაციებზე, შემოქმედებით შეხვედრებზე დასწრებით. მადლობა უფალს, რომ ეს პროფესია შემაძლებინა - სწორედ ჟურნალისტობის წყალობით ვიცნობ უამრავ საინტერესო ადამიანს, ყოველთვის შემეძლო შევხვედროდი სხვებისთვის მიუწვდომელ აღიარებულ, პოპულარულ მსახიობებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს და ასე შემდეგ, მესაუბრა მათთან, ბევრი გამეგო და შემემეცნებინა, ყოველთვის მოვლენათა ცენტრში ვყოფილიყავი და შესაძლებლობა მქონოდა, საკუთარი წვლილიც კი შემეტანა მათ მსვლელობაში. ამ პროფესიამ მრავალი ადმიანის გულიც გამიხსნა და არაერთიც მიმიხურა, მაგრამ მთავარია, თავი არასდროს მიგრძნია უსარგებლოდ და ეს, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა