გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

კონფერენცია მეცნიერების ფერტივალის ფარგლებში

სურათი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 19 სექტემბერს  გაიმართა მეცნიერების ფესტივალი - “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”

ფესტივალის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება,  კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა გახლდათ.

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით. მიმდინარე წელს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოული მომხსენებლის მიერ, 350-ზე მეტი მოხსენება იყო წარმოდგენილი.

გაზეთ ბათუმის უნივერსიტეტის კითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი როინ მალაყმაძე პასუხობს.

_ ბატონო როინ, რას გვეტყვით უკვე ტრადიციად ქცეული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ?

_ უპირველესად, მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, რომელმაც უკვე მეოთხედ დააფინანსა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ასევე, მადლობა უნივერისტეტის ხელმძღვანელობას, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლებს გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. სწორედ, კონფერენციის ორგანიზებულად მართვამ,   მნიშვნელობამ, სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვნებამ, აკადემიურობამ და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო ჟურნალის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზებში დარეგისტრირებამ,   უფრო მეტად გაზარდა მისი მნიშვნელობა და წელს 350-ზე მეტი მომხსენებელი გახლდათ წარმოდგენილი. ამ მასშტაბის ორგანიზება იმის დასტურია, რომ მეცნიერება ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბათუმი,  მეცნიერთა თავშეყრის, სიახლეებისა და სამეცნიერო დიალოგის ქალაქია.

_ ბოლო რამდენიმე წელია, რაც სამეცნიერო პიკნიკი და კონფერენცია ერთად იმართება. რას გვეტყვით ამ მნიშვნელოვანი თანხვედრის შესახებ?

_ ეს მიზანმიმართულად გაკეთდა. მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდებში სამეცნიერო ინტერსის გაზრდის გამო, კონფერენცია იქცა ფესტივალის შემადგენელ უმთავრეს ნაწილად. უნივერსიტეტთან ერთად ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ღირსეულად მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ წელს აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი 14-მდესაჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ეს არის საუკეთესო პლატფორმა, შესაძლებლობა მეცნიერების, მათი ინოვაციური პროექტების წარმოჩენის, შემდგომი ერთობლივი პროექტების დაწყების მიზნითაც.

_ აღნიშნული კონფერენცია უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა...

_ დიახ, აღნიშნული კონფერენცია  უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინსტიტუტი უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი ყველა მიღწევა და აქტივობა უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უნივერსიტეტელებს, რეგიონს, ჩვენს სამშობლოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე.

_ ბატონო როინ, სამომავლოდ მნიშვნელოვანი სიახლე ხომ არ იგეგმება კონფერენციის ფარგლებში?

_ ვფიქრობთ კონფერენციის რეიტინგის შენარჩუნებას, სარედაქციო პოლიტიკის გამკაცრებას. გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გავზარდოთ ჟურნალის გამოცემის პერიოდულობაც და გავაგრძელოთ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზებში რეგისტრაცია.

 გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს რამდენიმე მომხსენებლის სამეცნიერო ნაშრომის მოკლე ანოტაციას სთავაზობს.

ნაილა ჩელებაძე

ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის  ეთნოლოგიისა

და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი

თანამშრომელი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ

აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

გიორგი ჩიტაია 1924 წლის აჯანყების მოსალოდნელი შედეგების შესახებ  

გამოჩენილი ქართველი ეთნოლოგი, ეთნოგრაფი, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაია ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და საუკუნეების შემდეგ აღდგენილი ფაზისის სახალხო აკადემიის პირველი რექტორი გახლდათ. ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მომავალი მეცნიერის მასწავლებლების, უფროსი მეგობრების წრეს შეადგენდნენ: ექ. თაყაიშვილი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, იოსებ ორბელი, გ. ჩუბინაშვილი, ნიკოლოზ ადონცი, კოვალევსკი, პლატონოვი და სხვ. სწავლის პარალელურად გ. ჩიტაია აქტიურად მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო ორგანიზაციის „ზემლიაჩესტვო“-ს (ნ.ჩ. „საზოგადოება“) წრის მუშაობაში. სწორედ ამ პერიოდიდან,  ქართული ეროვნული ცნობიერების განმტკიცების საქმისთვის უანგაროდ, დაუღალავად მებრძოლ ქართველოლოგიური მეცნიერების უდიდეს მოამაგეთა წრეში ყალიბდებოდა გ. ჩიტაიას მსოფლმხედველობა, რომლის სამოქმედო გეგმად იქცა სამშობლოს ინტერესებისათვის  ბრძოლა.

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მოგონებების მიხედვით შესწავლილია ავტორის პოლიტიკური შეხედულებების ფორმირების წინაპირობები. ნაშრომში აღწერილია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის სხვადასხვა საკითხი და მისი, როგორც ქალაქ ფოთის თავის, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამხრეთის საზღვრებთან თავდაცვის შენარჩუნება-განმტკიცების საქმეში ფოთის რაზმთან ერთად გ. ჩიტაიას აქტიური ჩართულობა. ასევე, 1921 წ. 18 მარტის შემდეგ ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში გ. ჩიტაიას თანარაზმელებთან ერთად მონაწილეობა, რომელმაც ჩვეული სიზუსტით აღწერა ბათუმზე შეტევის გეგმა და ქალაქის განთავისუფლების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი ჩიტაია ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და ამის შემდეგ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მეცნიერებას მიუძღვნა. მიუხედავად ამისა, სხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა მსგავსად, გიორგი ჩიტაია როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების სამსახურში მყოფი არასაიმედო პიროვნება, რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. 1923 წ. ჯერ ახალციხის, შემდეგ კი მეტეხის ციხეში ჩასვეს. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 1924 წ. აგვისტოს აჯანყების დღეები, როდესაც ზარზმაში არქიტექტორ მიხეილ შავიშვილთან ერთად ახალციხის ჩეკას საპატიმროში „ტროიკამ” იმავე ღამეს მათ, როგორც აჯანყების მოსაწყობად გამოგზავნილ პირებს, დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. მათი გადარჩენა ახალციხის აღმასკომის თავმჯდომარის გ ა ბ უ ნ ი ა ს დამსახურებით მომხდარა, რომელთანაც პატივცემულ მეცნიერს ძველი ნაცნობობა აკავშირებდა.

გიორგი ჩიტაიას მოგონებებიდან აშკარაა, რომ  იგი ფლობდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მიერ აჯანყების მოწყობისა და სათანადო მზადების თაობაზე, თუმცა რიცხვი, თუ როდის უნდა დაეწყოთ აჯანყება, მას არ სცოდნია. პარიტეტულ კომიტეტს მისთვის აფხაზეთში აჯანყების ხელმძღვანელობაც უთხოვია. ამ შემოთავაზებაზე გ. ჩიტაია გვიზიარებს კატეგორიული უარის რამდენიმე მიზეზს და ასევე, 1924 წ. აგვისტოს აჯანყების წარუმატებლობის   ახსნასაც იძლევა.

მრავალგანსწავლული და შემოქმედებითი საქმიანობის დიდი ნიჭით დაჯილდოვებული გიორგი ჩიტაიას მოგონებებიდან ჩანს მისი ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი და დამოუკიდებელი საქართველოს  პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე, სათანადო დიპლომატიური პოტენციალი და კომუნიკაციის ფართო შესაძლებლობები. გიორგი ჩიტაიას მიერ თავისი თანამოაზრის, დიდი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის მტკიცე ეროვნული პოზიციის წარმოჩენით, უფრო თვალსაჩინო ხდება სახელოვანი მეცნიერის ეროვნულ-დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულება.

ისტორიის დოქტორ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ მიხეილ ქართველიშვილის მოხსენებაექვთიმე თაყაიშვილის შესწავლა ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში (ძირითადი ტენდენციები)მომზადდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პროექტსაისტორიო აზროვნების ტრანსფორმაცია: საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელ საქართველომდე (1987-1991)“ ფარგლებში.

მოხსენებაში საუბარია რა ცვლილება განიცადა საბჭოთა საქართველოში დიდი ქართველი მამულიშვილის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შესწავლა. თავდაპირველად, ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესწავლას საბჭოთა სამეცნიერო ლიტერატურაში ერთგვარი ტაბუ დაედო, თუმცა 1963 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ შოთა მესხიას დავალებით მაშინდელმა სტუდენტებმა და შემდგომში ცნობილმა მეცნიერებმა როინ მეტრეველმა და შოთა ბადრიძემ გამოაქვეყნეს წიგნი ექვთიმე თაყაიშვილზე, ეს იყო ამ დიდი ქართველის ერთგვარად რეაბილიტაციის გზაზე პირველი ნაბიჯები. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლა პირობითად ორ ნაწილად უნდა დაიყოს, პირველი ნაწილი არის მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან 80-იანი წლების მეორე ნახევრამდე, შემდგომი პერიოდი კი უკავშირდება მიხეილ გორბაჩოვისეულ „გარდაქმნის“ პოლიტიკას, როდესაც საჯაროობამ ინფორმაციის გავრცელება მოიტანა შედეგად. პირველ პერიოდში ექვთიმე თაყაიშვილის შესწავლისას აქცენტი კეთდებოდა, მის მეცნიერულ მოღვაწეობაზე, ასევე 1945 წელს განძეულის საქართველოში დაბრუნების პერიპეტიებზე, სადაც მუდმივი აქცენტი ხდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამცრობაზე და საბჭოთა ხელსუფლების განსაკუთრებულ როლზე. აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, 1968 წელს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის რჩეული ნაწერების პირველი ტომი, გამოსაცემად მზად იყო დანარჩენი ტომებიც, თუმცა ისინი არ დაბეჭდილა. 1987 წლიდან გაჩნდა მანამდე ტაბუირებულ საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობა და ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის უფროს სრულყოფილად წარმოჩენა მოხდა, ხაზი გაესვა მის საქმიანობას როგროც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ასევე ემიგრაციაში. განსხვავულად წარმოჩინდა მისი როლი ქართული განძეულის მოვლა-პატრონობაში, დაიწყო წერა ექვთიმე თაყაიშვილის ურთიერთობებზე ქართველ სასულიერო პირებთან. მანამდე აღნიშნული საკითხების გაშუქება ან უკიდურესად ტენდენციურ ხასიათს ატარებდა ან კიდევ მათი სრული უგულებელყოფა ხდებოდა.

კონფერენციაში სხვა ადგილობრივი თუ უცხოური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა თსუ- არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლევან კოჭლამაზაშვილი, რომლის მოხსენებახათური მერიქიფე სიტყვის ისტორიისთვისეთმობოდა კავკასიის არეალური ლინგვისტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, კავკასიურ-ძველაღმოსავლურ ენობრივ ურთიერთობებს. კვლევის ფარგლებში განხილულ იქნა „მერიქიფის“ აღმნიშვნელი ხათური ḫagazuel სიტყვის აგებულება. გამოყოფილ ძირს აღმოაჩნდა შესატყვისი ერთეულები ქართველურ ენებში. მკვლევარმა განმარტა ის დარგობრივი მეთოდოლოგიაც, რასაც წინამდებარე ეტიმოლოგიური ანალიზი დაეფუძნა.

თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ ხათური ძველი აღმოსავლეთის ერთ-ერთი იზოლირებულ ენათაგანია, რომელიც არც სემიტური და არც ინდოევროპული წარმოშობისაა. იგი ანალოლიაში ხეთურის გავრცელებამდე არსებობდა და ჩვენამდე მოაღწია თიხის ფირფიტებზე შესრულებული ლურსმული დამწერლობის სახით. მისი წაკითხვა ხათურ-ხეთური ბილინგვების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ასირიოლოგიაში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო მისი შესწავლა კავკასიურ ენებთან შედარებით კონტექსტში და ინტერესს დღემდე არ კარგავს როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა